ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის შექმნის სათავეებთან

03 ივლ 2019

შალვა ფხაკაძე 100

გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1968 წელს დაარსდა. გასული წლის შემოდგომაზე უნივერსი-ტეტში ფართოდ აღინიშნა ინსტიტუტის 50 წლის იუბილე. დაარსებისას ინსტიტუტის სტრუქტურა განისაზღვრა 10 განყოფილებით. მათ შორის იყო მათემატიკური ლოგიკისა და ალგორითმების თეორიის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფიზიკა-მათემატი-კის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შალვა ფხაკაძე. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა ინსტიტუტში ჩატარებული ერთდღიანი სამეცნიერო სესია და ასევე გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების სექცია ინსტიტუტის სემინარის XXXIII საერთაშორისო გაფართოებულ სხდომაზე. 2019 წლის 10-14 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება ამავე თარიღისადმი მიძღვნილი თბილისის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი“.

შალვა სამსონის ძე ფხაკაძე დაიბადა 1919 წლის 7 აპრილს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარაში. მან წარჩინებით დაამთავრა ზედა საქარის დაწყებითი სკოლა (1930), შემდეგ ზესტაფონის I საშუალო სკოლა (1933 წ,), ზესტაფონის პედაგოგიური სასწავლებელი (1936 წ.), და ბოლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1941 წ.). სადიპლომო ნაშრომი - „დიფერენციალური განტოლებების გეომეტრიული თეორიის შესახებ“ - დაიცვა აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილის ხელმძღვანელობით.
შალვა ფხაკაძე 1942-1952 წლებში ზესტაფონის რაიონის სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. ამასთან, 1944-1949 წლებში შეთავსებით იყო ზესტაფონის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდისტი და აღნიშნული განყოფილების მათემატიკურ სექციას ხელმძღვანელობდა.
1949 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვლადიმერ ჭელიძის ხელმძღვანელობით შალვა ფხაკაძემ დაიწყო ინტეგრალთა თეორიისა და სიმრავლეთა თეორიის შესწავლა, ხოლო ერთი წლის შემდეგ – ინტენსიური მუშაობა ზომის თეორიაში. 1952 წლის იანვარში იგი მოხსენებით გამოვიდა ა. რაზმაძის სახელობის მათემა-ტიკის ინსტიტუტის ფუნქციათა თეორიის განყოფილების სემინარზე, სადაც მის მიერ მოხსენებული იქნა მისი კვლევის ძირითადი შედეგები, ამასთან, დასვა ახალი ამოცანები ლებეგის ტიპის ზომათა თეორიასთან დაკავშირებით. აქვე, ვ. ჭელიძის რჩევით, შ. ფხაკაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაწილი თავისი შრომებისა, კერძოდ ის, რომელიც ეხებოდა ფუბინის თეორემის სამართლიანობის საკითხს ორჯერად ინტეგრალებში ინტეგრების რიგის შეცვლასთან დაკავშირებით, გაეფორმებინა სადისერტაციო ნაშრომის სახით. ხსენებული მოხსენების საფუძველზე იგი იმავე წელს მიიწვიეს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1952 წ.), სადაც დაასრულა საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობა, რომელიც წარმატებით დაიცვა 1953 წელს.
1953 წელს მან გააკეთა რამდენიმე მოხსენება მოსკოვში, ვ. მ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში აკადემიკოს პ. ს. ნოვიკოვის სემინარზე, ჩამოაყალიბა მის მიერ დასმული ამოცანები და წარმოადგინა საკუთარი შედეგები. მთლიანად სემინარისა და, კერძოდ, პ. ს. ნოვიკოვის დადებითმა რეაქციამ შალვა ფხაკაძეს მისცა სტიმული მიზანმიმართულად გაეგრძელებინა ნაყოფიერი კვლევითი საქმიანობა არჩეული მიმართულებით.
1953 წლიდან შალვა ფხაკაძე ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია. სადოქტორო დისერტაცია „ლებეგის ტიპის ზომათა თეორიისათვის“ მან წარმატებით დაიცვა 1959 წელს, 1965 წლის იანვარში კი მიენიჭა პროფესორის წოდება. თავისი მოღვაწეობის ამ პერიოდში შალვა ფხაკაძემ მიიღო მნიშვნელოვანი შედეგები სიმრავლეთა ზოგად თეორიაში და, კერძოდ, ზომის თეორიაში.
იმასთან დაკავშირებით, რომ მათემატიკისა და ავტომატების თეორიის განვითარების შედეგად გასული საუკუნის 60-იან წლებში გაიზარდა მათემატიკური ლოგიკის სპეციალისტების საჭიროება, შალვა ფხაკაძე მთელ თავის ძალებს ახმარს რესპუბლიკაში მათემატიკური ლოგიკის დაფუძნება-განვითარების საქმეს. 1966 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე იგი კითხულობდა ლექციების ზოგად და სპეციალურ კურსებს მათემატიკურ ლოგიკაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში აკადემიკოს ილია ვეკუას ხელშეწყობით და შალვა ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოში პირველად შეიქმნა მათემატიკური ლოგიკისა და ალგორითმების თეორიის განყოფილება, რომელიც მან ძირითადად დააკომპლექტა თავისივე სტუდენტებით. ამ პერიოდში შალვა ფხაკაძემ დაიწყო ახალი ორიგინალური მიმართულების განვითარება მათემატიკურ ლოგიკაში, რაშიც ჩართო თავისი მოწაფეები (ო. ჭანკვეტაძე, ხ. რუხაია, ვ. ფხაკაძე, ზ. ხასიდაშვილი). გარდა ამისა, მათე-მატიკური ლოგიკისა და ალგორითმების თეორიის განყოფილებაში კვლევა მიმდინარეობდა დამტკიცებათა თეორიაში (მ. როგავა, ო. ცხადაძე), ალგორითმების თეორიაში (რ. ომანაძე, მ. თეთრუაშვილი), ავტომატების და ავტომატურ მტკიცებათა თეორიაში (ნ. კალანდარიშვილი, კ. ფხაკაძე), ზომისა და სიმრავლეთა თეორიაში (ა. ხარაზიშვილი, ა. ყიფიანი). აღნიშნული მიმართულებებით მათემატიკური ლოგიკის ფარგლებში მიღებული შედეგები ძირითადად ასახულია შალვა ფხაკაძის მონოგრაფიაში „აღნიშვნათა თეორიის ზოგიერთი საკითხი“. ეს ნაშრომი, რომელსაც დიდი თეორიული და პრაქტიკული ღირებულება აქვს, ფაქტობრივად, ქმნის შემამოკლებელ სიმბოლოთა თეორიას, რომელიც მანამდე არსებობდა როგორც განსაზღვრებათა თეორიის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი. ნაშრომში მოძებნილია შემამოკლებელ სიმბოლოთა შემომტანი, გარკვეული აზრით რაციონალური სისტემა, შემუშავებულია ტერმინოლოგია და დამტკიცებულია ძირითადი თეორემები შემამოკლებელ სიმბოლოთა და შემოკლებულ ფორმათა ძირითადი თვისებების შესახებ. მის მიერ დასმული აქტუალური ამოცანების საფუძველზე მისი მოწაფეები დღესაც აგრძელებენ შემამოკლებელ სიმბოლოთა თეორიის შემდგომ განვითარებას (ხ. რუხაია, კ. ფხაკაძე, ლ. ტიბუა).
შალვა ფხაკაძისა და მისი მოწაფეების შედეგებით დაინტერესდნენ არა მხოლოდ თეორეტიკოსები, არამედ მათემატიკის გამოყენებითი დარგების სპეციალისტებიც. მაგალითად, 1979 წელს დაიდო ხელშეკრულება ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტსა და უკრაინის მეცნიერთა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტს შორის, რომელიც ითვალისწინებდა თანამშრომლობას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მათემა-ტიკის ლოგიკისა და ალგორითმების თეორიის განყოფილებასა და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ციფრულ ავტომატთა განყოფილებას შორის. ზემოთ აღნიშნულ მონოგრაფიაში მოყვანილი შედეგები და შალვა ფხაკაძის მოწაფეთა მიერ იმავე პერიოდში მიღებული შედეგები უკვე 1978 წელს მოიხსენიეს საკავშირო სიმპოზიუმზე „ხელოვნური ინტელექტი და გამოკვლევათა ავტომატიზაცია მათემატიკაში“ (ქ. კიევი) და 1979 წელს გოტლიბ ფრეგეს ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე (ქ. იენა). ამ მოხსენებათა შედეგად გამოკვეთილმა ინტერესებმა განაპირობა სამეცნიერო კონტაქტების შემდგომი გაფართოება. ასე, მაგალითად, სწორედ ამ მოხსენებათა საფუძველზე შემდგომ ჩამოყალიბდა მჭიდრო კონტაქტი ადგილობრივ ლოგიკოსთა ჯგუფსა და ირკუტსკელ მათემატიკოსების ჯგუფს შორის, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ვ. მატროსოვი. აღნიშნული მონოგრაფიით განსაზღვრული მიმართულების მნიშვნელობას ადასტურებს ფ. ვან რამსდოკის სადოქტორო დისერტაციაც (1996 წ., ამსტერდამი), სადაც ფხაკაძისეული შემამოკლებელ სიმბოლოთა თეორია, ცნობილი მათემატიკოსის პ. აქსელის ნაშრომთან ერთად, შეფასებუ-ლია როგორც პირველწყარო თერმთა გადაწერის დაბმულცვლადებიანი შემთხვევისათვის.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შალვა ფხაკაძის გამოსვლამ ჩორჩის თეზისის კრიტიკით ლოგიკოსთა VI საკავშირო კონფერენციაზე (1983 წ.). ამ მიმართულებით მიღებულ შედეგებს ძირითადად მოიცავს მისი ნაშრომი „ინტუიციურად გამოთვლადი ყველგან განსაზღვრული ფუნქციის ერთი მაგალითი და ჩორჩის თეზისი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1984 წ.). მასში განიხილება მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი ჩორჩის საყოველთაოდ ცნობილი თეზისის სამართლიანობის შესახებ. 
შალვა ფხაკაძე ინტენსიურ სამეცნიერო კვლევით მუშაობას კარგად უთავსებდა პედაგოგიურ საქმიანობას. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორის თანამდებობაზე (1962-1972 წწ.), 1962 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შერწყმა განსაკუთრებით ეფექტური გახდა თსუ-ში გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მოღვაწეობის დროს, ინსტიტუტში, რომლის შექმნის ინიციატორის - ი. ვეკუას მთავარი მიზანი იყო ბაზის შექმნა მეცნიერების, პედაგოგების, ასპირანტების და სტუდენტების ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისთვის. ინსტიტუტში შალვა ფხაკაძე ხელმძღვანელობდა ასპირანტებსა და მაძიებლებს. მის მოსწავლეთა შორის არის 2 მეცნიერებათა დოქტორი (აკადემიკოსი ს. ხარაზიშვილი და რ. ომანაძე) და 6 მეცნიერებათა კანდიდატი (მ. თეთრუაშვილი, ხ. რუხაია, გ. კოზბევი, ზ. ხასიდაშვილი (ამჟამად ისრაელში მოღვაწეობს), ო. ჭანკვეტაძე და თ. კუცია (ამჟამად ავსტრიაში მოღვაწეობს)).
უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები დღესაც სარგებლობენ შალვა ფხაკაძის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოებით. 
შ. ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. იგი წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოს, მათ შორის სპეციალიზირებულ სადოქტორო და საკანდიდატო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოების წევრი. იყო საქართველოს მათემატიკისა და მექანიკის პრობლემური საბჭოს წევრი, კერძოდ, ამ საბჭოს მათემატიკური ლოგიკის სექციის თავმჯდომარე და მეთოდიკის სექციის წევრი. გარდა ამისა, გახლდათ ვ. მ. კომაროვის სახელობის სკოლა-ინტერნატის მზრუნველთა საბჭოს წევრი. ხანგრძლივი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის გამო, მას 1967 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხოლო 1979 წელს 60 წლის იუბილეზე გადაეცა ივანე ჯავახიშვილის მედალი.
შალვა ფხაკაძე გარდაიცვალა 1994 წლის 8 აგვისტოს (დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში). თუმცა, ის საქმე, რასაც მან ილია ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ფარგლებში გზა გაუკვალა, დღესაც წარმატებით ვითარდება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, რის გამოც მისი დაბადებიდან 100 წლის თავზე კიდევ ერთხელ ღირსეულ პატივს მივაგებთ მის ნათელ ხსოვნას.

გიორგი ჯაიანი,
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ-ის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი

ხიმური რუხაია,
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიის გამგე