საერთაშორისო სახელის მქონე ფართო პროფილის ენათმეცნიერი

04 ივლ 2019

„მრავალგზის გამორჩეული“, - ასე შეაფასეს 80 წლის ცნობილი ენათმეცნიერის, გელათის აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ დამანა მელიქიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, მეცნიერის მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. 
„დამანა მელიქიშვილის, როგორც პიროვნების და მეცნიერის, გამორჩეულობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მისი სახელიც კი იშვიათია... იგი გამორჩეულ ოჯახში დაიბადა, შემდეგ გამორჩეული უნივერსიტეტის, გამორჩეული ფაკულტეტის კათედრა აირჩია - ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მთელი ცხოვრება მას დაუკავშირა. საგულისხმოა ისიც, რომ მან ორი დიდი უნივერსიტეტელის: ვარლამ თოფურიასა და მიხეილ ზანდუკელის ხელდასხმით დაიწყო სტუდენტური ცხოვრება და თავისი საქმიანობით მალევე დაამახსოვრა ყველას თავი. თუ მის ხანგრძლივ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თვალს გადავავლებთ, ორი დიდი სიყვარული გამოიკვეთება: იოანე პეტრიწი და ქართული ზმნა... სამწუხაროდ, მისი სტუდენტი არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით მაშინ გაღრმავდა, როდესაც ქალბატონი დამანა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტის ხელმძღვანელად აირჩიეს. დიდი ხნის მანძილზე, რთულ ვითარებაშიც საოცარი შემართებით უმკლავდებოდა ყველა სირთულეს: გვინახავს იგი აცრემლებულიც, მინისტრებთან მოკამათეც მისი საყვარელი უნივერსიტეტის და საქმის - ქართული მეცნიერების გაუმჯობესებისათვის, რისთვისაც დღემდე იბრძვის.
დამანა მელიქიშვილი განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ახსოვთ სტუდენტებს. 80 წელი დამანა მელიქიშვილისნაირი უშრეტი ენერგიის ადამიანისთვის ცოტაა... დარწმუნებული ვარ, მას წინ კიდევ მრავალი გეგმა აქვს, რომელსაც წარმატებით განახორციელებს“, - ასე მიულოცა თსუ-ის პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ დამანა მელიქიშვილს იუბილე. 
საზეიმო საიუბილეო ღონისძიებას უძღვებოდა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი რამაზ ქურდაძე, რომელმაც მეცნიერის მოღვაწეობაზე ისაუბრა: „დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტში მნიშვნელოვანი დღეა. დამანა მელიქიშვილის ღვაწლი, მისი ნაშრომები არა მარტო საქართველოშია ცნობილი, არამედ ევროპასა თუ ამერიკაში. მისი ბოლოდროინდელი გამოკვლევა, რომელიც ქართული ზმნის სტრუქტურასა და კონსტრუქციას ეხება, ინგლისურად ითარგმნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 5-ჯერ მეტი ფორმატით გამოიცა, ვიდრე ქართული ვარიანტი, რაც იმის დადასტურებაა, რომ დამანა მელიქიშვილი საერთაშორისო დონის მკვლევარია. იგი თავისი სტუდენტებისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის „ანთებული ლამპარია“, ამიტომ ჩვენი ინსტიტუტის სახელით მას სიმბოლურად „ლამპარით“ ვაჯილდოებთ. იმედი გვაქვს, ეს ლამპარი დიდხანს ენთება მის სამუშაო კაბინეტში და ჩვენს სტუდენტებს „გზას გაუნათებს“, - აღნიშნა რამაზ ქურდაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ემერიტუს-პროფესორი დამანა მელიქიშვილი უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. „ძალიან რთულია ისაუბრო ადამიანზე, რომელმაც მთელი თაობები აღზარდა. იგი სახელგანთქმული მეცნიერია, კარგი აღმზრდელი და გარდა ამისა, ენერგიული და დადებითი ადამიანია, რომელიც პოზიტიურ ენერგიას გასცემს. უნივერსიტეტი, უპირველეს ყოვლისა, არის სტუდენტი, პროფესორი და ტრადიცია. ამ შემთხვევაში ქალბატონი დამანა თავისი მოღვაწეობით ამ ტრადიციის გამგრძელებელია. მან მრავალი თაობა აღზარდა და მომავალშიც გზას ბევრ თაობას გაუკვალავს, მისი შემართება მართლაც შესაშურია. ვუსურვებ ქალბატონ დამანას დიდხანს სიცოცხლეს, ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვის კიდევ ბევრი საქმის კეთებას“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. 
დამანა მელიქიშვილის სამეცნიერო მიღწევებსა და პიროვნებაზე თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა ისაუბრა: „დამანა მელიქიშვილს, დიდ მეცნიერს, ჭეშმარიტ მოქალაქეს, არაჩვეულებრივ პიროვნებას, პროფესორს, ფილოლოგთა მრავალი თაობის გზამკვლევს, გელათის აკადემიის აკადემიკოსს 80 წლის იუბილე აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამაყობს მისით, რადგან იგი ჩვენი უნივერსიტეტის სახეა, ქართული აკადემიური საზოგადოების მნიშვნელოვანი პერსონაა. ქალბატონი დამანა ის პიროვნებაა, რომელიც თავისი მოღვაწეობის დროს აზროვნებს ლოგიკური კრიტერიუმებით, ხოლო ცხოვრებაში - ზნეობრივი და მორალური კატეგორიებით. მას ყველა იცნობს, როგორც პრინციპულ პიროვნებას, ამავე დროს, თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. იგი ქართული ენის ჭეშმარიტი ქომაგია და „ცუდად წაუვა“ საქმე იმას, ვინც ქართული ენის ღირსებას შეეხება. სასიამოვნო სიახლეა, რომ უმოკლეს ხანში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ „თბილისი უნივერსიტეტის“ რედაქტორი ნინო კაკულია დამანა მელიქიშვილის ცხოვრებაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. დღევანდელი შეკრება კი მიუთითებს იმაზე, რომ უნივერსიტეტი ამაყობს თქვენით“, - განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა. 
საიუბილეო ღონისძიებას გელათის აკადემიის პრეზიდენტი, მიტროპოლიტი მეუფე იოანე დაესწრო, რომელმაც მეცნიერის გელათის მეცნიერებათა აკადემიაში და სასულიერო აკადემიაში მოღვაწეობაზე ისაუბრა: „დამანა მელიქიშვილი „მარად ახალგაზრდაა“ და ენერგიით სავსე აგრძელებს თავის საქმიანობას, ზრდის მომავალ თაობას... იგი გელათის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელია“, - აღნიშნა მეუფე იოანემ. 
დამანა მელიქიშვილის სამეცნიერო საქმიანობაზე ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა შუქია აფრიდონიძემ: „დამანა მელიქიშვილი საერთაშორისო სახელის მქონე ფართო პროფილის ენათმეცნიერია, რომლის ფილოლოგიურ-ლინგვისტურმა ნაშრომებმა და ფილოსოფიურ-თეოლოგიურმა ძიებამ შესამჩნევად წინ წასწია ქართველოლოგიური მეცნიერება, ისევე, როგორც ძველ ენათა (ძველი ქართულისა და ძველბერძნულის) კონტაქტების სფეროს კვლევა. წმინდა ლინგვისტიკის მიმართულებით აღსანიშნავია ბოლო წლებში გამოქვეყნებული უნიკალური მონოგრაფია - „ქართული ზმნის უღლების სისტემა“, რომელიც საეტაპო მონოგრაფიაა არა მარტო ავტორის მეცნიერულ მოღვაწეობაში, არამედ, საერთოდ, ქართული გრამატოლოგიის ისტორიაში. ფილოლოგიურ-ლინგვისტური და ზოგადკულტუროლოგიური კვლევის მეორე მიმართულება, რომელსაც დამანა მელიქიშვილი ჯერ კიდევ სტუდენტობიდან პარალელურად მიჰყვებოდა, არის მისი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, რომლებიც მიეძღვნა გელათის ლიტერატურული სკოლის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთა (მეტადრე იოანე პეტრიწის) ფილოსოფიურ-თეოლოგიურ შრომათა ინტენსიურ კვლევას. სრულიად განსაკუთრებულია დამანა მელიქიშვილის ღვაწლი ძველი ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის ისტორიის კვლევაში. ამ კომპლექსური მუშაობის შედეგად შეიქმნა რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის უმნიშვნელოვანესია „იოანე პეტრიწი“, „განმარტება პროკლე დიადოხოსის ღვთისმეტყველების საფუძვლებისა (თანამედროვე ქართულზე, ლექსიკონითა და შენიშვნებით)“, ასევე: „ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ისტორიიდან“ და სხვა. ამ ნაშრომებისთვის დამანა მელიქიშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დამანა მელიქიშვილმა ათეული წლების მანძილზე აღზარდა მთელი პლეადა ქართულ-ბერძნულ ფილოლოგიაში მომუშავე ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერებისა, რომლებიც ამჟამად წარმატებით ეწევიან სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. მისმა ნაშრომმა („ძველი ქართული თარგმანის თეორია და პრაქტიკა“) დაიმსახურა „VTB ბანკ ჯორჯიას“ მიერ დაწესებული ყოველწლიური პრემია საგანმანათლებლო დარგში „პარნასი“. 
იგი დღემდე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტში, მისი ნაშრომები გამოირჩევა ფართო თემატიკით, კვლევის სიღრმით. მან თავისი დიდი მასწავლებლებისგან საუკეთესო თვისებები იანდერძა და თავადაც აღზარდა ენათმეცნიერთა საიმედო და ნიჭიერი კადრები. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იგი თანამედროვე მეცნიერების ნამდვილი კლასიკოსია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ იგი ჩემი ახლო მეგობარია“, - აღნიშნა შუქია აფრიდონიძემ. 
საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტებიც, რომლებმაც კითხვებით მიმართეს პედაგოგს. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის ნათია ბენაშვილის კითხვაზე: ვინ იყო მისთვის მისაბაძი პიროვნება? დამანა მელიქიშვილმა უპასუხა: „ჩემი ცხოვრების გზაზე, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან, ბევრი მისაბაძი ადამიანი მყავდა - 23-ე სკოლა იმ დროს „თითით საჩვენებელი“ იყო, სადაც გვასწავლიდნენ ლოგიკას, ფსიქოლოგიას, ლათინურს და სხვა საგნებს. პედაგოგებიდან გავიხსენებ მარიამ ბალანჩივაძეს, ნიკო ჯაფარიძეს, სერგო ახვლედიანს, ვალერიან მენაბდეს. მათი დიდი მადლობელი ვარ, რომ გზა გამიხსნეს უნივერსიტეტში სასწავლებლად, უნივერსიტეტში კი დამხვდა მთელი პლეადა უნივერსიტეტის დამფუძნებლებისა და პირველი პროფესორებისა, რომელთა ცხოვრება თუ მეცნიერული მოღვაწეობა დღემდე ჩემთვის სამაგალითოა“. 
საიუბილეო თარიღი კოლეგას თსუ-ის პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ მიულოცა: „უნივერსიტეტს მართლაც კარგი ტრადიცია აქვს - დაფასდეს პიროვნება, რომელიც ამას იმსახურებს... დამანა მელიქიშვილმა დიდი გზა გამოიარა, აქამდე დიდი შემართებით მოდიოდა და დღემდე ასეა... ქართული მეცნიერების განვითარებისთვის მან დიდი საქმე გააკეთა. ცნობილია, რომ იოანე პეტრიწის პიროვნების არსის გაგებას ჩვენი და ჩვენზე წინა თაობა ცდილობდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ამ კუთხით დიდი საქმე გაკეთდა, დამანა მელიქიშვილის დამსახურება ამ კუთხით განუზომელია. იგი მხოლოდ დიდი პიროვნება, მეცნიერი და პედაგოგი კი არ არის, არამედ დიდი ოჯახის დედა და დიდი ბებიაა - ამ ოჯახს დღევანდელი ქართული ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. დამანა მელიქიშვილი აგრძელებს იმ დიდ ეროვნულ საქმეს, მეცნიერებას, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით და რომელსაც დღეს ნამდვილად უჭირს. დამანა მელიქიშვილი ამ ეროვნული საქმის წარსული და აწმყოა, რომლის წყალობით ეს დიდი ეროვნული მეცნიერება გაგრძელდება, რადგან ესაა ჩვენი არსის მთავარი ძარღვი“, - აღნიშნა ელგუჯა ხინთიბიძემ. 
ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორის ლია ქაროსანიძის ინფორმაციით, ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყოველწლიური კონფერენცია ტერმინოლოგიაში წელს დამანა მელიქიშვილის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება. მეცნიერს იუბილე მიულოცეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. 
საიუბილეო საღამოზე დამანა მელიქიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის აღზრდა, რომელსაც იგი მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავისი მოღვაწეობის მანძილზე: „პედაგოგმა, პირველ რიგში, სწორად უნდა შეძლოს სტუდენტის პოტენციალისა და ინტერესის გარკვევა, სწორედ მაშინ არის შესაძლებელი მისი სწორ გზაზე დაყენება და გზის გაკვალვა. ჩემს სტუდენტებთან ერთად ურთულესი პერიოდიც გავიარე, სხვადასხვა დროს მყავდა ძლიერი სტუდენტები კლასიკური ფილოლოგიის განხრით, ისინი წარმატებით მოღვაწეობენ ხელნაწერთა ინსტიტუტში, ლექციებს კითხულობენ საზღვარგარეთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათგან სიყვარულს და დაფასებას ვგრძნობ. მიხარია ისიც, რომ იმ საქმეს ემსახურებიან, რომელიც შევაყვარე“, - განაცხადა დამანა მელიქიშვილმა.

* * *

ოლდენბურგის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი ვინფრიდ ბოედერი დამანა მელიქიშვილს 70 წლის იუბილეზე წერილს უგზავნის, რაც დღესაც არ კარგავს აქტუალობას, რადგან მასში ჩანს ქართველი მეცნიერის სიდიდე და მისი მოღვაწეობისადმი ევროპელების აღქმელობაც. 
გთავაზობთ ვინფრიდ ბოედერის წერილს:
„დ. მელიქიშვილი იმ ენათმეცნიერებისა და ფილოლოგების რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც ძველი თაობის გამოჩენილ აკადემიკოს მასწავლებლებთან - ა. შანიძესთან, ა. ჩიქობავასა და სხვებთან მიიღეს შესანიშნავი განათლება, მიუხედავად ისტორიულად განპირობებული ყოველგვარი არტახებისა და თვითონაც უაღრესად სანდო და ნაყოფიერი მეცნიერები გახდნენ საქართველოში. დ. მელიქიშვილთან განსაკუთრებით განვითარდა მუშაობის ორი ძირითადი თემა, რაზეც ბევრი საყურადღებო სტატია და წიგნი აქვს დაწერილი: ერთია ქართული ზმნური სისტემის, განსაკუთრებით კი დიათეზისის უაღრესად რთული პრობლემის აღწერა, მეორე კი ე.წ. „გელათის სკოლის“ ფილოლოგიური და ენათმეცნიერული ათვისება. პირველ დარგს აქ ვერ შევეხები; იგი ყველაზე ნათლადაა დამოწმული 2002 წლის მონოგრაფიაში „ქართული ზმნის უღლების სისტემა“, რომელიც უკვე თავისი მასალის მოცულობითა და აღწერის სისტემატურობითაა დიდი მიღწევა. აქ კი უპირველეს ყოვლისა მეორე სფეროს ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე მინდა შევაჩერო ყურადღება. გელათის სკოლის თხზულებებისა და მათი ენის ყოველმხრივი, კომპლექსური შესწავლა გაცილებით მეტია, ვიდრე ძველი ქართული ლიტერატურის დამატებითი ძეგლების დამუშავება და გამოკვლევა. აქ წამოჭრილია ორი ცენტრალური პრობლემა, რომლებიც, რამდენადაც ვიცი, სხვაგან და ამგვარად არ ყოფილა შესწავლილი.
1) ბერძნული ფილოსოფიური და თეოლოგიური ტერმინების შესატყვისთა შეგროვების გარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ენის ახალი ფუნქციის წარმოშობა, კერძოდ - გენეზისი მეცნიერული ენისა, ადეკვატურობისა და სისტემატურობის ყველა თავისი მოთხოვნილებებითურთ. დ. მელიქიშვილის ნაშრომები მიმაჩნია უმნიშვნელოვანეს წვლილად ისეთი ზოგადი პრობლემის გადაჭრაში, როგორიცაა კითხვა: როგორ იქმნება ახალი მეცნიერული ენა არა მხოლოდ მატერიალურად, ანუ არსებული რესურსების (მაგალითად, სიტყვაწარმოების) გამოყენებით, არამედ აგრეთვე აზრობრივად, როგორც სისტემა ცნებითი და დეფინიციური თვალსაზრისით ერთმანეთთან კავშირში მყოფი კატეგორიებისა? დ. მელიქიშვილმა ეს პროცესები მრავალრიცხოვანი მაგალითებით დეტალურად აქვს აღწერილი და ახსნილი.
2) ჩემი აზრით, ათონელთა სკოლაზე უფრო მეტად სწორედ გელათის სკოლის შემთხვევაში ვლინდება სპეციალური ენების წარმოშობის „სოციოლოგიური“ პრობლემა, კერძოდ ის, რომ მეცნიერული ენის ინდივიდუალური შექმნის მიუხედავად, ეს ენა მაინც გარკვეულ ჯგუფში ვრცელდება და მხოლოდ ამის შედეგად მყარდება. გელათის სკოლის სხვადასხვა ცნობილ და უცნობ ავტორთა მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლით დ. მელიქიშვილმა შეძლო ენობრივი ჯგუფის წარმოშობის შესახებ იმ დასკვნების გამოტანა, რომლებიც შორს სცდება „ელინოფილიის“ უბრალო ცნების საზღვრებს. საკითხის ამგვარი დასმა მომავალში მეტი ყურადღებას იმსახურებს ქართულ ენათმეცნიერებაში და ეხება არა მხოლოდ შუა საუკუნეების ვითარებას, არამედ მე-19 საუკუნესაც, სადაც აქამდე ცალკეული ავტორების განხილვას უფრო ვხვდებით.
დ. მელიქიშვილის მეცნიერული მუშაობა მომავალშიც ყოველნაირ მხარდაჭერას იმსახურებს“.