იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტის გიორგი ამირანაშვილის კვლევითი ვიზიტი ჰარვარდში

29 ოქტ 2015

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის მიმართულების დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი გიორგი ამირანაშვილი კვლევითი ვიზიტით ჰარვარდის სამართლის სკოლის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა. ახალგაზრდა მკვლევარი ვიზიტის ფარგლებში ანგლოამერიკულ სამართლის დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკას გაეცნო, რამაც მისი კვლევა კონტინენტური ევროპის სამართლის სფეროში შეავსო. თსუ-ის დოქტორანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად გაემგზავრა. კონკურსი სპეციალურად ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ტარდება და მათ ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

გიორგი ამირანაშვილის სამეცნიერო მივლინება ჰარვარდის სამართლის სკოლის ბიბლიოთეკაში 2 თვის განმავლობაში (ივლისი-აგვისტო) გრძელდებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან. მათ შორის აღსანიშნავია ჰარვარდის სამართლის სკოლის ბიბლიოთეკის აღმასრულებელ დირექტორთან სიუზენ ვონსთან შეხვედრა, რომელიც ჰარვარდის სამართლის სკოლის ბიბლიოთეკისა და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს ეხებოდა.

იუზენ ვონსმა ქართული სამართლის შესახებ ინგლისურ ენაზე გამოცემული ლიტერატურის შეძენის სურვილი გამოთქვა. შედეგად, განახლდება ბიბლიოთეკის ბაზაზე მოქმედი რეჯინალდ ფ. ლუისის საერთაშორისო სამართლის ცენტრში არსებული თარო, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს ეთმობა. გარდა ამისა, განხილული იყო ჰარვარდის ონლიან-ბიბლიოთეკის საინფორმაციო სისტემის (HOLLIS) ბაზაში თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე გამოცემული ჟურნალების ინგლისურენოვანი ვერსიების ატვირთვის საკითხი.

„ჰარვარდის სამართლის სკოლის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან სარა ზუკერთან გამართულ შეხვედრაზე საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა. მან მოგვაწოდა ინფორმაცია ჰარვარდის სამართლის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მიღების კრიტერიუმების, მოწვეული მეცნიერებისა და მკვლევარების, ჰარვარდის სამართლის სკოლაში ვიზიტის დაფინანსების წყაროების, მათთან თანამშრომლობით კონფერენციების, სემინარებისა და სპეციალური ღონისძიებების დაფინანსების შესაძლებლობების თაობაზე. სარა ზუკერი დაინტერესდა თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედი საერთაშორისო პროგრამებითა და ფაკულტეტის საბიბლიოთეკო რესურსით.

ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორ-ემერიტუს დუნკან კენედს ორჯერ შევხვდი. ვისაუბრეთ ამერიკულ სამართალში არსებული ლიტერატურული წყაროების ტიპებისა და კვლევის თეორიულ საფუძვლებზე. მან საქართველოში ვიზიტისა და თსუ-ში საჯარო ლექციის წაკითხვის სურვილი გამოთქვა. ასევე, შევხვდი ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორს ტოდ. დ. რეკოფს, სადაც ამერიკულ სამართალში არსებული სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგიაზე ვიმსჯელეთ. ორივე პროფესორმა საგულისხმო რჩევები მომცა სადისერტაციო კვლევასთან დაკავშირებით. სადისერტაციო კვლევის ცენტრალური იდეისა და ნაშრომის პირობითი სტრუქტურის გაცნობის შემდეგ საკუთარი მოსაზრებები გამაცნეს და ასევე, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით მომაწოდეს კონტრარგუმენტები, რომელთა გათვალისწინება ნაშრომზე მუშაობისას აუცილებელი იქნება“, - აღნიშნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტმა, მოწვეულმა პროფესორმა გიორგი ამირანაშვილმა.

გიორგი ამირანაშვილი, ასევე, შეხვდა ჟურნალ „ჰარვარდის სამართლის მიმოხილვის“ პრეზიდენტს ჯონათან გულდს. შეხვედრაზე აღნიშნული ჟურნალისა და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პერიოდული გამოცემების შესახებ ისაუბრეს. ჟურნალ „ჰარვარდის სამართლის მიმოხილვის“ პრეზიდენტმა ქართველ დოქტორანტს საგამომცემლო პოლიტიკის, აშშ-ში არსებული სამართლის ჟურნალებში სტატიის გამოქვეყნების პროცედურებისა და ვადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გიორგი ამირანაშვილი თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე 2010 წლიდან მუშაობს. იგი გახლავთ ამავე ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი. 2009-2010 წლებში საფაკულტეტო კონფერენციების კოორდინატორი და თსუ-ის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების წევრი იყო. ამ დროისთვის უკვე 3 კრებულის თანაავტორი, 10-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 2 სტატიის თარგმანის ავტორია.

მიმდინარე წელს გიორგი ამირანაშვილი კვლევითი მივლინებით გერმანიაშიც იმყოფებოდა. მან მაქს-პლანკის საზღვარგარეთის და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის სტიპენდია მოიპოვა, რომლის ფარგლებში თებერვალში ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში იმუშავა. ამ დროისთვის უკვე „ჰამბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის მეგობართა“ არასამეწარმეო ასოციაციის წევრია. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, კონკურსის შედეგად, მისი სამეცნიერო მოხსენება ფაკულტეტის საბჭოს მიერ ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმისთვის შეარჩიეს.