თსუ-ის პროფესორი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს

03 ივლ 2019

თსუ-ის გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა ბიოლოგიური დაბერების კვლევის დარგში 2019 წლის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს.
გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო ასოციაციის კონგრესზე საუკეთესო მეცნიერთა სიგელები თეიმურაზ ლეჟავასთან ერთად ინგლისელ და გერმანელ პროფესორებს გადასცეს.

თეიმურაზ ლეჟავამ საშუალო სკოლა 1957 წელს დაამთავრა ოქროს მედლით. 1957-1963 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 1963-1968 წლებში იყო საკავშირო აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის და შემდგომ საკავშირო სამედიცინო აკადემიის მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით - გენეტიკა. 1984 წელს სანკტ-პეტერბურგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. იგი 1968-1969 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჟორდანიას სახელობის ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტის გენეტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1969-1970 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ციტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო შემდეგ - გენეტიკის განყოფილების გამგე. 1975 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის გამგე, ხოლო 2011 წლიდან დღემდე - გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ავტორია 8 სახელმძღვანელოსი და 3 მონოგრაფიის. პროფესორ თეიმურაზ ლეჟავას ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ადამიანის გენომის კვლევები ნორმასა და პათოლოგიათა შემთხვევებში, განსაკუთრებით დაბერების გენეტიკაში. მის მიერ შექმნილია დაბერების გენეტიკური თეორია, რომელიც სამ აღმოჩენას მოიცავს, ესენია: დადგინდა, რომ დაბერების პროცესში ქრომატინის მოდიფიკაცია პირველადია მუტაციებსა (ხარისხობრივი დარღვევების) და რეპარაციასთან (აღდგენის) მიმართებაში, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებისა და დაბერების პათოლოგიების აცილების საშუალებას ქმნის. დაბერების გენეტიკური თეორია და დაბერების პერიოდში ქრომატინის მოდიფიკაციის პროცესი ფართოდ არის გაშუქებული ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ პროფესორ ლეჟავას მონოგრაფიაში. თეორიის დებულებები შეტანილია წამყვან ამერიკელ მეცნიერთა მიერ ქრომატინზე გაკეთებულ სამაგიდე ნაშრომში, როგორც ძირითადი არგუმენტი დაბერების პროცესში ქრომატინის რემოდელირებისა, რაც თავის მხრივ დაბერების განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს; პროფესორ თეიმურაზ ლეჟავას მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა აგრეთვე, რომ რიგი სინთეზური პეპტიდრი ბიორეგულატორების მოქმედებით შესაძლებელია დაბერების პროცესში მოდიფიცირებული ქრომატინის გახსნა, რაც ჩაკეტილ გენთა გამოთავისუფლების წინაპირობაა და, შესაბამისად, გენთა აქტივობის კორექცია დაბერების პათოლოგიების აცილებისა და მკურნალობის საშუალებას ქმნის; თეიმურაზ ლეჟავას მიერ აგრეთვე ნაჩვენებია, რომ პეპტიდური ბიორეგულატორებისა და მძიმე მეტალების კომბინირებული ზემოქმედებით შესაძლებელია დამოკლებული ტელომერის ნორმალიზაცია, რაც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა, ავთვისებიანი სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების შემთხვევებში (როდესაც ტელომერები მნიშვნელოვნად დამოკლებულია) და შესაძლებლობას იძლევა დაისახოს გზები ამ პათოლოგიათა განკურნებისათვის. მას გამოქვეყნებული აქვს 133 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 20 პუბლიკაცია Springer-სა და Elsevier-ის იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში და წიგნში - „Senescence“ edited by tetsuji nagata chapter 26, 631-646, 2012. 2006 წელს აშშ-ში გამოაქვეყნა მონოგრაფია: Teimuraz Lezhava, Human Chromosomes And Aging: From 80 To 114. Nova Biomedical, New York, - 177, 2006. მისი ციტირების ინდექსი 2013 წლისთვის არის 254. პროფესორ თეიმურაზ ლეჟავას ხელმძღვანელობით მომზადდა 19 საკანდიდატო დისერტაცია (მათ შორის ერთი უცხოელის (მუხტარ მუხამედ ზავახრი (ეგვიპტე) და 2 სადოქტორო დისერტაცია. პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა არის მიწვეული, როგორც მომხსენებელი/დელეგატი 2014 წლის კონგრესებზე (4th World Congress On Cancer Science & Therapy 2014, Chicago, USA, 2nd Annual World Congress Of Geriatrics And Gerontology 2014 (WCGG-2014), China, 2014 (ნაშრომის წინასწარი მოთხოვნის გარეშე). 2005-2013 წლებში პროფესორ თეიმურაზ ლეჟავამ მიიღო მონაწილეობა, როგორც მომხსენებელმა 11 საერთაშორისო კონგრესსა და ერთ სიმპოზიუმში. გერონტოლოგთა და გერიატრთა მსოფლიო კონგრესებზე (რიო-დე-ჟანეირო (ბრაზილია, 2005 წ.), (სეული, კორეა, 2013 წ). პროფესორმა თეიმურაზ ლეჟავამ დანერგა სიმპოზიუმი „Chromosomes And Aging“. ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოები შესრულებული აქვს არაერთ უცხოურ სამეცნიერო ცენტრთან (აშშ, იაპონია, რუსეთი). 2014 წელს მონაწილეობდა 3 საგრანტო პროექტში, მათ შორის 2 უცხოური. თეიმურაზ ლეჟავას ხელმძღვანელობით დაარსდა საერთაშორისო სიმპოზიუმი - „დაბერების ციტოგენეტიკა“ (ჩატარდა 1972, 1984, 1989, 2008 წლებში თბილისში, ხოლო 1987 წელს ხიროსიმაში (იაპონია). 1970 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში (უნივერსიტეტში) თეიმურაზ ლეჟავას ხელმძღვანელობით გაიხსნა პირველი გენეტიკის ლაბორატორია. 90-იან წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერ ჩამოყალიბდა „ბიოსამედიცინო ეკოლოგიური გენეტიკის“ სპეციალობა, ხოლო 2011 წლის 25 თებერვალს აქვე დაარსა გენეტიკის ინსტიტუტი. პირველად საქართველოში თეიმურაზ ლეჟავას მიერ არის აპრობირებული და დანერგილი ციტოგენეტიკური მეთოდები: ადამიანის ლიმფოციტარულ კულტურებიდან ქრომოსომული პრეპარატების მიღების მეთოდი, დნმ-ს არაგეგმიანი სინთეზის მეთოდი (რეპარაცია), ქრომოსომათა რეპლიკაციის პერიოდის განსაზღვრის მეთოდი (თიმიდინის ჩართვის გამოყენებით), შვილეულ ქრომატიდთა გაცვლის მეთოდი (ბრომდეზოქსიურიდინის თიმიდინის ჩართვის გამოყენებით), Ag. C, G, ქრომოსომათა ჰეტეროქრომატული უბნების ბენდირების მეთოდები. თეიმურაზ ლეჟავა არის: ამერიკისა და საერთაშორისო გერონტოლოგთა ასოციაციის წევრი. საქართველოს ადამიანის გენეტიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარე. საქართველოს გერონტოლოგთა და გერიატრთა ასოციაციის სამეცნიერო განხრის ხელმძღვანელი. რიგი (როგორც ჩვენთან ისე საზღვარგარეთ) საზოგადოებრივი სამეცნიერო აკადემიების წევრი. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით და ღირსების ორდენით, გერონტოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის მიერ „Sandoz Prize“-ში გერონტოლოგიის განხრით გამოქვეყნებული წარმატებული ნაშრომებისთვის.

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი