„ქართული ხალხური პროზა – ცხოველთა ეპოსის“ I ტომის პრეზენტაცია

05 ივნ 2019

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ „თხა და ვენახის“, „რწყილი და ჭიანჭველას“ სრულიად განსხვავებული ვარიანტებიც არსებობს, რომლებიც დღემდე არქივებში ინახებოდა. მაგალითად, თურმე, თავდაპირველად, იყო „ტილი და ჭიანჭველას“, შემდეგ „კუტკალია და ჭიანჭველას“ ზღაპრები, რომელიც მოგვიანებით იაკობ გოგებაშვილმა შეცვალა. ერთ-ერთ ვარიანტში ჭიანჭველამ იგივე გზა გაიარა, მაგრამ კუტკალიას ცოცხალს ვეღარ მოუსწრო... ამგვარი თქმულებების, გადმოცემებისა და მითების ვარიანტები ქართველი მკითხველისთვის უცნობია. ქართული ხალხური პროზის მრავალტომეულის პირველი წიგნი ამ ვაკუუმის შევსების მცდელობაა. 
„ქართული ხალხური პროზა - ცხოველთა ეპოსის“ I ტომის პრეზენტაცია, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მომზადდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ცხოველთა ეპოსისადმი მიძღვნილი ცალკე კრებული საქართველოში დღემდე არ გამოცემულა, თუმცა მისი ნიმუშები პერიოდულად იბეჭდებოდა ხალხური ზღაპრების სხვა ქვეჟანრებთან ერთად. ბ. ბებურიშვილის მიერ შედგენილი ქართული ზღაპრების პირველი კრებული პეტერბურგში რუსულ ენაზე დაიბეჭდა 1884-1887 წლებში. ამას მოჰყვა უკვე თბილისში 1890 წელს ვლადიმერ აღნიაშვილის მიერ გამოცემული „ხალხური ზღაპრები“. ამ კრებულებში სხვა ზღაპრებთან ერთად შესულია ცხოველთა ზღაპრები. XIX საუკუნის 50-იან წლებში, ასევე, დიდი ყურადღება ექცეოდა ხალხური ზღაპრების გამოცემას. იმდროინდელი ქართული პრესის ფურცლებზე იბეჭდებოდა ხალხური ლექსები, თქმულებები, ლექსები და ზეპირსიტყვიერების სხვა ჟანრების ნიმუშები.
ხალხური პროზის პირველი ტომი შეადგინა და ვარიანტები დაურთო - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა რუსუდან ჩოლოყაშვილმა. მისი ინფორმაციით, წინამდებარე ტომში შესულია ქართული ხალხური ცხოველთა ეპოსის მრავალფეროვანი ნიმუშები. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც სიუჟეტურად, ასევე სტრუქტურულადაც. „ცხოველთა ეპოსი უძველესია. ხალხური პროზის 20-ტომეულის მომზადება დიდი ხანია დაწყებულია. პროფესორ მიხეილ ჩიქოვანს ოცნება ჰქონდა - გაეგრძელებინა პროზის გამოცემა, მაგრამ არ დასცალდა. სასიამოვნოა, რომ 40 წლის შემდეგ ეს საქმე განახლდა. აღსანიშნავია, რომ კრებულში შესულია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები: ზღაპარი, ლეგენდა, მითი და სხვა - ეს წიგნი იმდენად არის ფასეული, რამდენადაც სხვადასხვა არქივებში მოძიებული მასალაა თავმოყრილი. აქ არის მათი სრულიად განსხვავებული ვარიანტებიც. მადლობა გვინდა გადავუხადოთ გამომცემლობა „აკადემიური წიგნის“ ხელმძღვანელს მაია ღამბაშიძეს, რომელმაც ამ წიგნის გამოცემა ითავა“, - აღნიშნა რუსუდან ჩოლოყაშვილმა. 
„ფოლკლორით დიდი ხანია გატაცებული ვარ, „თხა და ვენახის“ ვერსიებმა დამაინტერესა და ლიტერატურის ინსტიტუტს მივაკითხე, სწორედ იქ გავიცანი რუსუდან ჩოლოყაშვილი, რომელმაც უამრავი საინტერესო მასალა გამაცნო. წიგნის გამოცემის იდეაც მაშინ დაიბადა. გამომცემლობამ პირველი ტომი სრულად დააფინანსა. იმედია, კრებული წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიყიდება და თავად დააფინანსებს მომდევნო ტომებსაც“, - განაცხადა პრეზენტაციაზე აკადემიური წიგნის ხელმძღვანელმა მაია ღამბაშიძემ. 
წიგნის შემდგენელთა ინფორმაციით, კრებულში ცხოველთა შესახებ ზღაპრების გარდა, შეტანილია ეტიმოლოგიური გადმოცემები, რომლითაც იხსნება ეს წიგნი. თქმულებებსა და ზღაპრებში მოთხრობილია, თუ როგორ წარმოიშვა ესა თუ ის ცხოველი და ფრინველი; რატომ აქვთ მათ გამორჩეული გარეგნობა და თვისება; როგორ აღიარეს ცხოველებმა ადამიანების უძლეველობა და სხვა. ეს გადმოცემები უძველესია... აქვეა მოთხრობილი თევზებისა და მწერების შესახებ. ტექსტები დაბეჭდილია იმ ფორმით, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. უმეტესწილად შენარჩუნებულია ხალხური მთქმელის მეტყველება და სტილი. წიგნი გაფორმებულია ედუარდ და თორნიკე ამბოკაძეების ილუსტრაციებით.