იგი იმსახურებდა სიყვარულს

03 ივნ 2019

გამოვიდა პროფესორ როლანდ ტყებუჩავას წიგნი „ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა“

მათემატიკოსებისთვის ალბათობის თეორია ძველ, ნაცად, კლასიკურ თეორიებთან შედარებით, მაინც ახალგაზრდაა (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ სამსაუკუნოვანი ისტორიის მქონე თეორიას) და ამ სფეროში დამკვიდრებული მიგნებები და ამოცანები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. 
რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის (სტუდენტებისა და ზოგადად, არასპეციალისტებისთვისაც) გამოვიდა მეორე შესწორებული გამოცემა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ როლანდ ტყებუჩავას წიგნისა „ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა“. წიგნი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ საინჟინრო და ეკონომიკური საბაკალავრო და სამაგისტრო სპეციალობებისთვის. 
სახელმძღვანელოს ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, და ზოგადად, მათემატიკოსთა წრეებისთვის, კარგადაა ნაცნობი. 2006 წლის ე.წ. რეფორმამდე იგი უნივერსიტეტში სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობდა და ცნობილი იყო, როგორც უდიდესი ტალანტის მქონე მეცნიერი და გულისხმიერი პედაგოგი. ბატონი როლანდი ერთ-ერთი მათგანია, ვისი დიდი სამეცნიერო მიზნები და სიცოცხლე თბილისის უნივერსიტეტს ეძღვნებოდა და მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, პარიზის უნივერსიტეტში მიეღო აკადემიური თანამდებობა, ბოლო წუთამდე ერთგულად ემსახურა მას.
23 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოლეგებმა და მეგობრებმა როლანდ ტყებუჩავა გაიხსენეს და მისი სახელმძღვანელო კიდევ ერთხელ წარუდგინეს საზოგადოებას.
როლანდ ტყებუჩავამ 1964 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 39-ე საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი წარჩინებით დაასრულა 1969 წელს. ჯერ კიდევ სტუდენტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საგამოცდო კურსის ჩაბარების შემდგომ, პროფესორებმა ამირან ტორონჯაძემ და გვანჯი მანიამ მიიწვიეს თსუ-ის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, სადაც ჯერ უმცროსი, ხოლო შემდგომ – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გახდა.
1971-73 წლებში როლანდ ტყებუჩავა სწავლობდა მ. ვ. ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში აკადემიკოს ალბერტ შირიაევის ხელმძღვანელობით. 1990 წელს, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში წარმატებით დაცული სადოქტორო დისერტაციის შემდეგ, წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკისა და საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის დოცენტი და პროფესორი. პარალელურად, ტემპუსის პროგრამით, სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს პარიზის უნივერსიტეტში. მას ფრანგ კოლეგებთან ერთად აქვს გამოცემული აქვს 6 სახელმძღვანელო, ავტორია 2 მონოგრაფიისა.
წიგნის - „ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა“ ხელმეორედ გამოცემის იდეა როლანდ ტყებუჩავას თანაკლასელებსა და მეგობრებს - აკადემიკოს მინდია სურგულაძეს (ვ. ა. მელნიკოვის სახელობის სპეციალური სამეცნიერო-კლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი) და ბიზნესმენ თეიმურაზ ხორხომელიძეს ეკუთვნის. სწორედ მათ შემოიკრიბეს მათემატიკოსები და, როგორც თავად უწოდებენ, „ალბათისტები“ სახელმძღვანელოს გადასამუშავებლად, შექმნეს წიგნის ელექტრონული ვერსია, შეუსაბამეს თანამედროვე მოთხოვნებს ამოცანების სტრუქტურა და ფორმულათა აღნიშვნები და წიგნი სტუდენტთა და ალბათობის თეორიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ აქციეს. 
წიგნის რედაქტორია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია, ხოლო რეცენზენტები, ასევე ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორები: ვაჟა ტარიელაძე და აკაკი გაბელაია. გამოიცა იგი თამარ ტყებუჩავასა და კახაბერ მანჯავიძის (შპს „პრინტ-ექსპრესის“ დამფუძნებელი) დახმარებით.
„როლანდი ჩემი კლასელი იყო და მასთან ბევრი საერთო მაკავშირებდა როგორც მეცნიერთან, მათემატიკოსთან და ბავშვობის მეგობართან. შემდგომში ჩვენი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ხშირი ურთიერთობის საშუალება არ მოგვეცა. ბოლოს იგი 2002 წელს ვნახე და მაშინ მაჩუქა ახლად გამოცემული სახელმძღვანელო „ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა“. ეს გახლდათ შესანიშნავი ნამუშევარი მეცნიერისა, რომელიც მუდმივად სტუდენტზე და ახალგაზრდობაზე ფიქრობდა და ცდილობდა, მათთვის ცოდნის გადაცემის სხვადახვა გზა მოეძებნა. 2016 წელს მას 70 წელი შეუსრულდა. სწორედ მაშინ მოვილაპარაკეთ მე და ბატონმა თეიმურაზ ხორხომელიძემ, ასეთი საჩუქარი მიგვეძღვნა მეგობრის ხსოვნისთვის. თემურმა უზრუნველყო გამოცემისთვის საჭირო უამრავი წვრილმანის ორგანიზება და მიხარია, რომ დღეს უკვე ხელთ გვაქვს გადამუშავებული და თანამედროვე მოთხოვნებს მორგებული სახელმძღვანელო, რომელსაც სულ მალე, კუბელი მეცნიერების თხოვნით, ესპანურადაც ვთარგმნით“, - გვითხრა წიგნის გამოცემის ერთ-ერთმა ინიციატორმა და სულისჩამდგმელმა მინდია სურგულაძემ.
პრეზენტაციაზე როლანდ ტყებუჩავას კოლეგებმა და მეგობრებმა მისი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპი გაიხსენეს, აღნიშნეს, რომ როლანდ ტყებუჩავა იყო მეცნიერული კეთილსინდისიერებით გამორჩეული მათემატიკოსი და ამავე დროს, სიკეთით და ზემაღალი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული პიროვნება, რომლის გახსენება ცრემლის გარეშე დღესაც ძნელია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ომარ ფურთუხიამ სახელმძღვანელოს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ, რაც მეტია სასწავლო ლიტერატურა სტუდენტებისთვის, მით უკეთესი შესაძლებლობა ეძლევათ - ჩასწვდნენ ალბათობის თეორიის ლაბირინთებს. „მე სწორედ იმ კათედრას წარმოვადგენ, რომელზეც ბატონი როლანდი დიდი ხანი მოღვაწეობდა. ჩვენ კარგად გვახსოვს იგი, როგორც გულისხმიერი და სტუდენტებზე გადაგებული ლექტორი, მუდმივად განვითარებაზე და სიახლეების დამკვიდრებაზე ორიენტირებული მეცნიერი, უშურველი და სიკეთით სავსე პიროვნება. მისი ეს თვისებები განაპირობებდა იმას, რომ როლანდთან მუშაობა ბედნიერება იყო. სამწუხაროა, რომ მისი სიცოცხლე შემოქმედებითი პოტენციალის აღმავლობის დროს შეწყდა“, - აღნიშნა ომარ ფურთუხიამ.
პრეზენტაციაზე მეცნიერი გაიხსენეს მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა აკაკი გაბელაიამ, ეთერ ქართველიშვილი-ელბაქიძემ, ირაკლი ბოკუჩავამ, ციცი ერისთავმა. მისი ხსოვნის უკვდავყოფისთვის ოჯახის სახელით მადლობა გადაიხადეს როლანდ ტყებუჩავას დებმა – დიანა და ქეთევან ტყებუჩავებმა. „არ შეიძლება როლანდი არ გყვარებოდა. იგი იყო ჩუმი, მოკრძალებული, დინჯი, გაწონასწორებული ადამიანი. რაც დღეს მისმა მეგობრებმა გააკეთეს, არის გასაოცარი მეგობრობის მაგალითი. მას შესანიშნავი ოჯახი ჰქონდა და მეუღლესთან, ქალბატონ მანანასთან ერთად, იყო ჩვენი გულღია მასპინძელი და ჭირისა თუ ლხინის გამზიარებელი. როლანდი იყო ღირსი იმისა, რაც ამ წიგნის გამოცემით მისთვის გაკეთდა. ეს კაცი იმსახურებდა ასეთ სიყვარულს“, - თქვა ირაკლი ბოკუჩავამ.
წიგნი, რომელიც ახლა როლანდ ტყებუჩავას თანაკლასელთა და თანაკურსელთა ძალისხმევით, განმეორებით გამოიცა, თავის დროზე, მადლიერების ნიშნად, ეძღვნებოდა მისი ლექტორების და თანაკურსელების – გვანჯი მანიას, რევაზ ჩიტაშვილის, ნუგზარ ელბაქიძის და ავთანდილ ნიქაბაძის ხსოვნას. ეს მიძღვნა, სახელმძღვანელოს გრიფთან ერთად, შესწორებულ გამოცემაზე ისევ დარჩა, როგორც როლანდ ტყებუჩავას სურვილი – პატივი მიეგო იმ ადამიანებისთვის, ვინც მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. 
„ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა“, ავ-ტორთან ერთად, ახალ სიცოცხლეს იწყებს. მისი წარდგენა იგეგმება ბათუმის მათემატიკური საზოგადოების საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელზეც კიდევ ერთხელ გაიჟღერებს აკადემიკოს ალბერტ შირიაევის სიტყვები: „ბევრი ასპირანტი მყავდა, მათ შორის, როლანდ ტყებუჩავა, რომელიც გამოირჩეოდა ზემაღალი გულმოდგინებით და ტალანტით, შრომისმოყვარეობით და წითელი ლოყებით, ამავე დროს, იყო უაღრესად მოკრძალებული...“.