ორენოვანი ალბომის – „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ პრეზენტაცია

02 ივნ 2019

საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით 29 მაისს გაიმართა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ალბომის - „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ პრეზენტაცია. ალბომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მომზადდა და გამოიცა. 
ალბომში წარმოდგენილია 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მასალები - საარჩევნო კანონმდებლობა, არჩევნების მომზადების პროცესი და ხარჯთაღრიცხვა, საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაცია, ასევე, არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები, არჩეულ პირთა ფოტოები და ბიოგრაფიული ცნობები. აქვე წარმოდგენილია 1921 წლის იანვარ-თებერვალში დაწყებული თვითმმართველობების ახალი არჩევნების სამზადისის შესახებ ინფორმაცია.
ალბომის რედაქტორმა, თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გამოცემის შემდგენლებს, თსუ-ის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს.
„ჩვენ საუკუნის წინ გვქონდა არაჩვეულებრივი გამოცდილება და ისტორია იმისა, თუ როგორ იქმნებოდა საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო სისტემა; როგორ მოხდა, უამრავი გამოწვევის ფონზე, მსგავსი სისტემის ჩამოყალიბება და რეალურად მისი განხორციელება. ამ ალბომში წარმოდგენილია ყველა თვითმმართველი ორგანოს არჩევნები, რომელიც იმართებოდა 1918-1921 წლების განმავლობაში. ალბომის ბოლო ნაწილში მოცემულია - როგორ ემზადებოდა საქართველო 1921 წელს ახალი არჩევნებისთვის, რომელიც შემდგომ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო შეწყდა. სულ, საქართველოში, გაიმართა 46 დამოუკიდებელი არჩევნები - 20 თვითმმართველ მაზრაში და 26 თვითმმართველ ქალაქში. ჩვენ გვქონდა საკმაოდ მყარი, სწრაფად განვითარებადი საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, რომელიც ეფექტურად მუშაობდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც კი მონაწილეობა მიიღო ასეთი გამოცემის შედგენაში“, - განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიდევ ერთი კარგი შანსი მიეცა თავისი წვლილი შეიტანოს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის სათავეების კვლევაში. ეს ნაშრომი არ არის მხოლოდ ფოტოალბომი, აქ მოძიებულია ბევრი მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც თვალწინ გვიცოცხლებს საუკუნის წინ განვითარებულ მოვლენებს“, - განაცხადა თსუ-ის რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა. 
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მადლობა გადაუხადა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES) გაწეული დახმარებისათვის და თსუ-ს ამ მასალების დამუშავებისათვის. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) დიდი პატივია, თსუ-სთან ერთად გახდეს ამ პროცესის მონაწილე და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს პირველი საარჩევნო გამოცდილების შესახებ არსებული ისტორიული წყაროების დამუშავებასა და გამოცემაში. ამით შევძლებთ საზოგადოებას გავაცნოთ და თითოეულ მოქალაქეს საშუალება მივცეთ, იხილოს ის უნიკალური გამოცდილება, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის პირველივე დღეებში დემოკრატიული საარჩევნო კულტურის ჩამოყალიბების კუთხით მიიღო. გამოცემაში წარმოდგენილი მასალებიდან მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს იმდროინდელი საქართველოს რეალობას და თავად შეაფასოს, თუ რამდენად დიდი იყო მაშინდელი საქართველოს მზაობა და მისწრაფება დემოკრატიული განვითარებისაკენ და რაოდენ მნიშვნელოვანი დემოკრატიული პრინციპები ედო საფუძვლად პირველ საარჩევნო პროცესებს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ. 
პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენელი ქეთევან მაისურაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ალბომის ავტორ-შემდგენლებს: ირაკლი ირემაძეს და სალომე ჭანტურიძეს, ასევე მოწვეულ სტუმრებს.
ქართულ-ინგლისურენოვანი ალბომის ავტორ-შემდგენლები არიან: ირაკლი ირემაძე და სალომე ჭანტურიძე; მთარგმნელი: ქრისტინა თოლორდავა, რედაქტორები: ზურაბ გაიპარაშვილი (ქართული ტექსტი), დავით ღონღაძე და ლელა ჯავახიშვილი (ინგლისური ტექსტი); დიზაინერი: ლევან ნოზაძე.