„90 ამბავი – მუხრანი“

01 ივნ 2019

„მუხრანის მოსვლა მახსოვს ლიტერატურულ წრეში... მოვიდა მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, გრძელთმიანი და ჭკვიანთვალებიანი ბიჭი. იჯდა უხმოდ. სიტყვა ითხოვა ბოლოს. გვეგონა ლექსს წაიკითხავდა - არაფერიც, მარატივით მგზნებარე სიტყვა თქვა ბოხი და ზარჩადგმული ხმით... დაახლოებით ასე ილაპარაკა: - მე მჯერა, მოვა კაცი, პოეტი! დაანთებს ხანძარს, შეაზანზარებს მთებს, რომლებიც დგანან და Eელიან. მის ხმაზე დაიძრებიან მყინვარები, მდინარეები, აღმოსავლეთიდან ზვრები, დასავლეთიდან ჩაის ბუჩქები და სმენად მოვიდიან კაცნი და მხეცნი... მე მჯერა!... და რა იცოდა მუხრანმა, ან მე რა ვიცოდი, რომ ეს კაცი თვითონ იქნებოდა!“ - ასე იხსენებდა ნოდარ დუმბაძე მუხრან მაჭავარიანთან პირველ შეხვედრას. სხვა უამრავი, საინტერესო ამბავია მოთხრობილი წიგნში „90 ამბავი - მუხრანი“, რომლის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თაობებისთვის უკვე ლეგენდადქცეულ „93 აუდიტორიაში“ გაიმართა. იუბილეს სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მწერლები, პოეტის მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. 
ნოდარ დუმბაძის „წინასწარმეტყველება“ ახდა: გასული საუკუნის „ქართული პოეზიის საპატიო რაინდად“ აღიარებული პოეტის ნათლობა, რომელიც თავიდანვე ხმაურით მოვიდა ქართულ პოეზიაში, 1949 წელს შედგა, როდესაც უნივერსიტეტის ლიტერატურულ ალმანახში „პირველი სხივი“ მისი ლექსები დაიბეჭდა. მკითხველმა განსაკუთრებულად შეიყვარა მისი „საბა“, „სხვისი მისაბაძი რა მჭირს“, „შენ სისხლო ჩემო“, „საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე მამულზე ფიქრი“, „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა“, „ვითარცა მტკვარი“ და სხვა. საბჭოთა პერიოდში ეს სითამამე ხშირად ძვირად უჯდებოდა, პოეტის მიერ არჩეული გზა რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე აღმოჩნდა. დღემდე უცნობ ბიოგრაფიულ ცნობებს გაეცნობა მკითხველი ამ კრებულის საშუალებით - დაბადებიდან - გარდაცვალებამდე, სადაც მეუღლის, მწერლების, მეგობრების და ახლობლების მოგონებებია შესული. 
საიუბილეო საღამოზე მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაზე და წიგნის მნიშვნელობაზე ჟურნალისტმა, მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ ისაუბრა: „მუხრან მაჭავარიანის იუბილე უკვე რამდენიმე ადგილას აღინიშნა, მათ შორის, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, რაც ლოგიკური და ბუნებრივი იყო, რადგან მუხრან მაჭავარიანი ჩვენი დროის უკანასკნელი პოეტი-აკადემიკოსი იყო. მუხრანის სახელი განუყრელად არის დაკავშირებული უნივერსიტეტთან. XX საუკუნის ქართული პოეზიის სარბიელზე ანა კალანდაძის და მუხრან მაჭავარიანის გამოჩენა ნამდვილი მოვლენა იყო. ჩვენი აზრით, უნივერსიტეტში მისი შემოქმედება უნდა ისწავლებოდეს, რადგან ის არა მხოლოდ დიდი პოეტი, არამედ დიდი საზოგადო მოღვაწეც იყო. მისი ბიოგრაფიიდან და ცხოვრებიდან ახალგაზრდებმა ბევრი რამ უნდა ისწავლონ - უპირველეს ყოვლისა, სამშობლოს სიყვარული. XX საუკუნის მეორე ნახევარში არავის იმდენი არ გაუკეთებია თავისი სამშობლოსთვის, რამდენიც მას. სამშობლო მისთვის ყველაზე მაღლა იდგა და მთელი მისი შემოქმედება ამის დადასტურებაა. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თსუ-ის სტუდენტებმა გამოიჩინეს ინიციატივა, რომ პოეტის იუბილე აღენიშნათ. უნივერსიტეტი უნდა „მიუბრუნდეს“ ისეთ ადამიანებს, როგორიცაა კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად გამსახურდია, მუხრან მაჭავარიანი და სხვა გამოჩენილი ადამიანები - ამ მიმართულებით უნივერსიტეტში ძვრები შეინიშნება და მისასალმებელია თსუ-ის ხელმძღვანელობის ინიციატივა, აღდგეს ახალგაზრდა მწერალთა წრეც... ის, რაც გასულ საუკუნეში 93-ე აუდიტორიაში ხდებოდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო უნივერსიტეტისთვის, არამედ ქვეყნისთვის“... 
კრიტიკოსის, ფილოლოგიის დოქტორის ლევან ბრეგაძის აზრით, კრებული „90 ამბავი - მუხრანი“ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ, ფაქტობრივად, საზოგადოებამ მუხრან მაჭავარიანის ბიოგრაფია კარგად არ იცის. 
„მაშინ არ ხმაურდებოდა ის დეტალები, რომელსაც ამ წიგნის საშუალებით იგებს მკითხველი. განსაკუთრებით ფასეულია ოჯახის წევრების მოგონებები, მათ შორის, მისი მეუღლის, ლამარა ბოკერიას ჩანაწერები. ამასთან, ამბები ისეა დალაგებული, რომ მკითხველის თვალწინ პოეტის მთელი ცხოვრება გაივლის. წიგნში შესულია უნიკალური ფოტო-მასალა. სწორედ ამ მოგონებებიდან ჩანს, თუ როგორი რთული ცხოვრება ჰქონდა პოეტს. მუხრანს ჰყავდა მეგობრები, ახალგაზრდებს გვეგონა, რომ ეს იყო სანიმუშო მეგობრობა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც შემდეგ გაირკვა, ასე არ ყოფილა. მისი მეუღლე ერთ-ერთ მეგობარზე წერს: „უკადრებელი იკადრა!“ ხანდახან ზოგიერთები დღემდე ცდილობენ დააკნინონ მისი დამსახურება ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში და ქართული პოეზიის წინაშე. მან ქართულ პოეზიას ახალი სიცოცხლე შემატა, არასდროს ყოფილა „საბჭოთა პოეტი“ - ეს მის ყველა სტრიქონში იგრძნობა. მახსოვს, როდესაც მან 1964 წელს წაიკითხა ლექსი „გაუმარჯოს საქართველოს მოთმინების ფიალას“, „მეხივით გავარდა“, რასაც პოეტის რეპრესია მოჰყვა. ვითომდა „შემოქმედებითი მივლინებით“ 2 წლით ბულგარეთში გაუშვეს. სინამდვილეში ეს იყო ერთგვარი გადასახლება, როგორც არასაიმედო მუშაკისა. მისი მოგონებებიდან ჩანს, როგორ ენატრებოდა ოჯახი. როდესაც დაბრუნდა, ჟურნალ „დილას“ რედაქტორად დანიშნეს. სწორედ მაშინ გამოიცა საბავშვო გამოცემა „მთიები“ - კალენდარი, თუმცა მეორე ნომერი აღარ გამოსულა. 80-იანი წლების შუა ხანებში ალმანახ „საუნჯის“ რედაქტორი იყო, სადაც მხოლოდ თარგმანები იბეჭდებოდა. ხუმრობდა ხოლმე - „საუნჯეში“ კი არა, „სამუნჯეში“ ვმუშაობო. როდესაც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა მოახლოვდა, მუხრანი ასეთ „უწყინარ“ ადგილზეც კი საშიშად მოეჩვენათ. პოეტი მოგვიანებით დაფასდა - 1987 წელს რუსთაველის პრემია მისცეს, შემდეგ მწერალთა კავშირის თავმჯდომარედაც ავირჩიეთ. დრომ გვიჩვენა, რომ მისი ცხოვრება თავგანწირვა იყო“, - ასე გაიხსენა პოეტი ლევან ბრეგაძემ. 
პოეტი და მეგობარი პროფესორებმა ელდერ ნადირაძემ, მანანა გაბაშვილმა, გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორმა კახმეგ კუდავამ, მედეა ღლონტმა გაიხსენეს.
„მუხრან მაჭავარიანის პოეზია - ეს იყო შეძახილი, გაფრთხილება... მის მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია, მის ლექსებზე თაობები აღიზარდა, ეს იყო ერთგვარი ბიძგი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე. ჩვენი უახლესი ისტორიის მძიმე დღეები მასაც შეეხო. ერთ დღეს გავიგე, როგორ დაცხრილეს მისი ფანჯარა, შემდეგ როგორ დააპატიმრეს მუხრანი და ვახტანგ ბოჭორიშვილი... მუხრანს დიაბეტი ჰქონდა და მისთვის განსაკუთრებული კვების რეჟიმი იყო აუცილებელი, მასთან მისულებს პოლიციელები დარცხვენილები დაგვხვდნენ, რადგან ისინიც მის ლექსებზე იყვნენ გაზრდილებ. გვითხრეს - რა ვქნათ, ზემოდან გვიბრძანესო. როდესაც მუხრანი უნივერსიტეტში მოდიოდა, აუდიტორიაში ხალხის ტევა არ იყო, 50 წლის იუბილეზე ვერც შევაღწიე. ახალგაზრდობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ეროვნული გრძნობა, ამავე დროს, თვითგადარჩენის ინსტიქტია. რაც უფრო მებრძოლები და ამაყები ვიქნებით, ყველა ანგარიშს გაგვიწევს. ჩვენი სურვილია, რომ მისმა პოეზიამ შეიძინოს თავისი ნამდვილი შინაარსი და რომ კვლავაც ჩასწვდეთ - რისი თქმა უნდოდა პოეტს. ეს იქნება მუხრან მაჭავარიანის გამარჯვება“, - ასე მიმართა სტუდენტებს პროფესორმა მანანა გაბაშვილმა. 
აღსანიშნავია, რომ საიუბილეო საღამოზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა თამარ ვაშაკიძის ხელმძღვანელობით, მუხრან მაჭავარიანის ლექსების ციკლის („1832“ და „წელიწადის დრონი“) მიხედვით შექმნილი ორი კომპოზიცია წარმოადგინეს. 
პოეტის შვილის, პროფესორ ნანა მაჭავარიანის ინფორმაციით, წიგნის - „90 ამბავი - მუხრანი“ შექმნის იდეა გამომცემლობა „არტანუჯის“ დირექტორს ბუბა კუდავას ეკუთვნის. 
„დღევანდელ აჩქარებულ საუკუნეში ადამიანებს წიგნის კითხვისთვის ნაკლებად სცალიათ, ამიტომ მცირე მოცულობის „თან-საკითხავი“ ისტორიები იქმნება. ამ კრებულში მკითხველისთვის ბევრი უცნობი ბიოგრაფიული ამბავია შეტანილი, რომელსაც ოჯახის წევრები, ნათესავები, მეუღლე, მეგობრები: ლამარა ბოკერია, თინათინ (დოდო) ჭიჭინაძე, დოდო მაჭავარიანი, ნანა მაჭავარიანი, ლერი ახმეტელი, ანა ახმეტელი, ლევან აბრამიშვილი, თამარ აბრამიშვილი, ლევან ბრეგაძე, რატი ამაღლობელი, ზურაბ თოდაძე, ნოდარ დუმბაძე, თამარ ვაშაკიძე, მურმან ლებანიძე, ელდერ ნადირაძე, დათო ტურაშვილი, შოთა ჩანტლაძე, გივი ძნელაძე, იოსებ ჭუმბურიძე იხსენებენ დაბადებიდან - გარდაცვალებამდე... მადლობა მინდა გადავუხადო თსუ-ის თვითმართველობის სტუდენტებს, გამომცემლობა „არტანუჯის“ დირექტორს ბუბა კუდავას და მის მეგობრებს მამის დაფასებისა და გახსენებისთვის“, - განაცხადა ნანა მაჭავარიანმა. 
საიუბილეო საღამოზე არაერთხელ აღინიშნა, რომ მუხრან მაჭავარიანმა თავისი შემოქმედებით ეპოქა შექმნა, მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ამის დადასტურებაა.