რეალური საერთაშორისო ურთიერთობები და პერსპექტივები თსუ-სთვის

04 ივნ 2019

NAFSA 2019
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე განათლების გამოფენას („NAFSA 2019“) ესტუმრა, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტში არსებული სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით თსუ-სა და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაფართოებას. ამავე დღეს თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
თსუ-ის რექტორსა და ფრანგული უნივერსიტეტის „ლიონ 2“-ის“ ვიცე-პრეზიდენტს შორის საუბრის თემა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივები იყო, რომელიც ერთობლივ სასწავლო პროგრამებს შეეხება. როგორც ჯეიმს ვოლკერმა აღნიშნა, ფრანგული უნივერსიტეტი მზად არის თსუ-სთან კულტურის პოლიტიკის მიმართულებით ერთობლივი პროგრამის განხორციელებაზე აქტიურად იმუშაოს. გამოფენაში „NAFSA 2019“ 100-ზე მეტი ქვეყნიდან 4000-მდე მონაწილეა წარმოდგენილი, Study in Georgia-ს ფარგლებში კი 5 ქართული უნივერსიტეტი მონაწილეობს.

* * *
10-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელთან გაიმართა შეხვედრა ვაშინგტონში საგანმანათლებლო გამოფენის „NAFSA 2019“ ფარგლებში, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა.
იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, აშშ-ს, კანადის, ავსტრალიის, ჩილეს და იაპონიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრისას თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის ხელმძღვანელობით თსუ-ის დელეგაციის წევრთა მიერ საუბარი შეეხო არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროგრამების შემუშავებას, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას. როგორც იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თსუ კარგი პარტნიორია გაცვლითი პროგრამებისა და ინსტიტუციური განვითარების პროექტების კუთხით. ვიზიტისას შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში სიენას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდება.
თსუ-სთან პროდუქტიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს სევილიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებმაც, ასევე, ხაზი გაუსვეს სახელმწიფო უნივერსიტეტის როლს იმ პროექტების წარმატებაში, რომელიც „ERASMUS+“-ის ფარგლებში ხორციელდება. როგორც ედინბურგის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა (ხარისხის მიმართულებით) აღნიშნა, მათი უნივერსიტეტი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესების, თსუ-სა და ედინბურგის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მხრივ.
პროგრამების გარე შეფასება, საზაფხულო სკოლების ორგანიზება, ფსიქოლოგიაში ერთობლივი კვლევების წარმოება და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ხელშეწყობა იყო მთავარი თემა ლიმერიკის Mary Immaculate კოლეჯის წარმოამდგენლებთან შეხვედრაზე. კოლეჯის პრეზიდენტის იუგენ უოლის თქმით, კოლეჯი მზად არის თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ამ მიმართულებით ირლანდიაში პირველი ვიზიტი უკვე დაიგეგმა.
გამოფენა „NAFSA 2019“ 28-31 მაისს ვაშინგტონში გაიმართა და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის 4000-მდე მონაწილე იყო.