თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი ვიცე-რექტორები ჰყავს

18 მაი 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი ვიცე-რექტორები ჰყავს: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ოკრიბელაშვილი და სამართლის დოქტორი ნინო გვენეტაძე.
7 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ დეპარტამენტების ხელმძღვანელებს რექტორის მოადგილეები წარუდგინა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქალბატონი ნინო ოკრიბელაშვილი უნივერსიტეტის სამეცნიერო სეგმენტს გაუწევს კოორდინირებას, ხოლო ქალბატონი ნინო გვენეტაძე - სასწავლო სეგმენტს.

ნინო ოკრიბელაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
1990 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1999 წელს - სადოქტორო დისერტაცია.
2000-2001 წწ. ახალგაზრდა ლექტორთა გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების სკოლაში.
2001 და 2003 წელს გაიარა ალბერტო ვილარის სამედიცინო პროგრამა, ორგანიზებული OSI/AAF-ის მიერ.
2003 წელს გაიარა უმაღლესი განათლების დაგეგმარების სპეციალისტთა და მენეჯერთა ტრენინგი (მომზადებული IIEP/UNISCO-ს მიერ, განხორციელებული განათლების პოლიტიკის დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ).
2005-2006 წლებში ჩართული იყო საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში: „საპენსიო რეფორმა - გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება” (შვედეთი).
2007 წელს გაიარა ჯანდაცვის სისტემური მენეჯმენტის - OPM-ის საერთაშორისო სასწავლო კურსი (ადმინისტრირებული შჯსდ-ის სამინისტოსა და ქართული უნივერსიტეტის მიერ).
1993-2018 წლებში მიწვეული ლექტორის რანგში თანამშრომლობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან, რომელთა შორისაა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და სხვ.
ნინო ოკრიბელაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 1997 წლიდან მოღვაწეობს. 2012 წლიდან არის სრული პროფესორი, სხვადასხვა დროს ასრულებდა ასისტენტის, დოცენტის, პროფესორის მოვალეობებს. 2014 წელს არჩეულ იქნა თსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოში, ხოლო 2016 წელს - აკადემიური საბჭოს წევრად.
ნინო ოკრიბელაშვილს აქვს მდიდარი პროფესიული და ადმინისტრაციული გამოცდილება. სხვადასხვა დროს იგი გახლდათ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე; მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი. იგი ხელმძღვანელობდა შპს „უნიმედ-კახეთის” ფსიქიატრიულ დეპარტამენტს; იყო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
ნინო ოკრიბელაშვილი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მიღებული აქვს სხვადასხვა ხარისხის ჯილდო. იგი ასევე ახორციელებს საექსპერტო აქტივობებს და არის პროფესიული საზოგადოებების წევრი: საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების თავმჯდომარე; ავ. ზურაბაშვილის სახ. ფსიქიატრთა საზოგადოების გამგეობის წევრი; ორმაგი დიაგნოზების მსოფლიო ასოციაციის წევრი; საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე (2017-2018); საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მრჩეველთა საბჭოს წევრი და სხვ.

ნინო გვენეტაძის ბიოგრაფიული მონაცემები

ნინო გვენეტაძე 1985-1990 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წარჩინებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
1990-1993 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი სისხლის სამართლის მიმართულებით;
1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
1998-1999 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
1994-1999 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი, საკანონმდებლო განზრახულებათა განყოფილების უფროსი, საჯარო სამართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, საჯარო კანონმდებლობის განყოფილების უფროსი, საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
1994-2001 წლებში იყო სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემმუშავებელი კომისიის წევრი;
1999-2006 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
2004 წელს იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის გამგეობის წევრი და პედაგოგი სისხლის სამართალში;
1999-2008 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის დოცენტი და ასოცირებული პროფესორი;
2007 წელს, როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი, ხელმძღვანელობდა სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებს;
2010-2012 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის ექსპერტი;
2012 წლიდან არის სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი კომისიის წევრი;
2011-2014 წლებში იყო გერმანიის ქ. ფრაიბურგის მაქს-პლანკის საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის ინსტიტუტის (MPI) სამეცნიერო სტიპენდიატი და პროექტის „სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარება და სამართლის როლი გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულებაში“ - ექსპერტი საქართველოდან;
2012-2011 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა“ - ექსპერტი;
2012-2014 წლებში იყო ევროკავშირის „კანონის უზენაესობის“ პროექტის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში“ - ექსპერტი;
2015-2018 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი;

* * *
თსუ-ის ადმინისტრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ვიცე-რექტორებმა საუნივერსიტეტო საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს ნდობისთვის.
ქალბატონმა ნინო ოკრიბელაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დიდი ნაწილი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე გაატარა და მისთვის, როგორ მთელი საქართველოსთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ალმა მატერია: „მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომ ასეთი გამოწვევის წინაშე დამაყენა. 1990-იანი წლებიდან, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად შეიქმნა მედიკო-ბიოლოგიური ფაკულტეტი, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ყველა ქართველის ალმა-მატერი გახდეს - უფრო ძლიერი და მძლავრი. ყველამ, ვინც ჩართული იყო იმ ჯგუფის მუშაობაში, რომელიც უნივერსიტეტის მომავალზე ფიქრობდა, იცის, თუ რა გამოწვევების და სირთულეების წინაშე ვდგავართ. აუცილებელია, რომ ახლო მომავალში უკეთეს, ახალ და ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდეთ. ეს უნდა იყოს სტუდენტზე ორიენტირებული, მცირებიუჯეტიანი და კარგად ორგანიზებული უნივერსიტეტი, რაშიც თავისთავად იგულისხმება უნივერსიტეტის ღიაობა, ინტერნაციონალიზაცია და ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს მივცეთ მისი აღმოჩენის შესაძლებლობა, რის საფუძველსაც მაღალი სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენა მოგვცემს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ“, - განაცხადა ქალბატონმა ნინო ოკრიბელაშვილმა.
ნინო გვენეტაძემ ხაზგასმით აღნიშნა ის კეთილგანწყობა, რაც მას უნივერსიტეტში დახვდა: „მე გახლავართ უნივერსიტეტელი. განათლება აქ მივიღე, აქვე დავიცავი დისერტაცია და წლების განმავლობაში ვკითხულობდი ლექციებს სისხლის სამართლის მიმართულებით. შემდეგ განვმწესდი სასამართლოში, თუმცა სასწავლო პროცესთან და პედაგოგიურ წრეებთან მუდმივად მქონდა კომუნიკაცია. ამდენად, ჩემი სურვილიც და პროფესიული წინსვლაც სამეცნიერო საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ახალი პოზიცია, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის რანგში, მომცემს შესაძლებლობას, რომ ერთიანი მიზნებით და გუნდური მუშაობით, ის რუტინული პროცესი, რომელსაც სასწავლო პროცესი ჰქვია, იყოს სტუდენტზე ორიენტირებული, უფრო ეფექტური, ხარისხიანი და გაუმჯობესებული. მე მზად ვარ, ნებისმიერი თქვენგანის რჩევა, წინადადება, სამომავლო ხედვა, კრიტიკული დამოკიდებულება მოვისმინო და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ყველა პრობლემა ერთიანი ძალისხმევით დავძლიოთ“, - აღნიშნა ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ.
შეხვედრის ბოლოს თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ წარმატება უსურვა რექტორის მოადგილეებს და განაცხადა, რომ ყველანი ერთად შეძლებენ უნივერსიტეტი გახდეს ისეთი, როგორიც მის ისტორიას და პოტენციალს შეეფერება.