არნოლდ გეგეჭკორის მორიგი სამეცნიერო აღიარება

18 მაი 2019

მიმდინარე წლის სექტემბერში ლონდონში გაიმართება IV საერთაშორისო კონფერენცია მცენარეთა მეცნიერებებსა და მოლეკულურ ბიოლოგიაში (Plant Science and Molecular Biology (GPMB 2019), სადაც მოხსენების წასაკითხად მიწვეულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი. 
ბატონი არნოლდის სამეცნიერო ინტერესების სფერო ფართოა - იგი წლების განმავლობაში იკვლევს ისტორიულ გეოლოგიასთან, პალეონტოლოგიასთან, ანთროპოლოგიასთან, პალეოანთროპოლიგიასთან, გეოგრაფიასთან, ბიოლოგიასთან, ეკოლოგიასთან, ეთნოგეოგრაფიასთან, ბიოგეოგრაფიასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ მიმართულებებით არა ერთი ღირებული სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორია (საკმარისია დავასახელოთ მისი ფუნდამენტური ნაშრომები „დედაბუნება“ (2003-2005; სასკოლო სახელმძღვანელოების სერია), „ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია“ (2011) და „ბიოგეოგრაფია“, რომელიც 40 წლის განმავლობაში იწერებოდა და 2008 წელს უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაბეჭდა).
პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი პირველი ქართველი ბუნებისმეტყველია, რომელმაც სამეცნიერო მივლინებები საველე პირობებში გაატარა და დედამიწის ხუთი კონტინენტის ყველა ბუნებრივი ზონა შეისწავლა. მისი არც ერთი წიგნი არ ეყრდნობა მხოლოდ თეორიას, ყველა ნიმუში და მაგალითი, რომელზეც წერს (და ეს უიშვიათესი სამეცნიერო მასალაა), საკუთარი თვალით უნახავს და შეუსწავლია. თავად ამბობს, ამ კონტინენტებზე ფლორისა და ფაუნის ნებისმიერი ნიმუში პირველს თუ არა, მეორეს ან მესამეს მაინც მინახავსო... მისი წიგნების და თანდართული ფოტომასალის გაცნობა ამაში ადვილად დაგარწმუნებთ. 
მან შეისწავლა დედამიწის ყველაზე გრძელი მდინარის - ნილოსის და ყველაზე დიდი წყალშემკრები მდინარის - ამაზონის სათავეები, ყველაზე დიდი ტბები: ბაიკალი და ტანგანიკა, მაღალმთის ყველაზე დიდი ტბა – ტიტიკაკა (სამხრეთ ამერიკა), ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ალპური ტბა ტაჰო, ყველაზე მლაშე ტბებიდან - ნატრონი (კენია), ყველაზე გრძელი ჩანჩქერებიდან - იოსემიტი, ყველაზე დიდი უდაბნოებიდან – საჰარა (აფრიკა), ყარაყუმი (ცენტრალური აზია) და კიდევ ბევრი რამ არაცოცხალი ბუნებიდან. 
არნოლდ გეგეჭკორმა დაკვირვებები აწარმოვა ცოცხალი ბუნებიდან: რელიქტურ სექვოიასა და სექვოიადენდრონის ტყეებში (კალიფორნია, აშშ), სამეფო ევკალიპტის ტყეებში (ტასმანია), ყველაზე პრიმიტიულ ძუძუმწოვრებზე (ავსტრალია), ტროპიკულ ტყეებზე, ათასობით სახეობის ეგზოტიკურ ცხოველსა და ფრინველზე.
იგი ლექციების წასაკითხად მიწვეული იყო ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტებზე: აშშ-ში (ატლანტის უნივერსიტეტი), ავსტრალიაში (სიდნეი – ახალი უელსის უნივერსიტეტი, მელბურნი – მონაშის უნივერსიტეტი), ახალ ზელანდიაში (ოკლენდის უნივერსიტეტი), აფრიკაში (კენია - ნაირობის უნივერსიტეტი, ტანზანია – დარ-ეს-სალამის უნივერსიტეტი), მექსიკაში (მეხიკო-სიტის აგრარული უნივერსიტეტი), ეკვადორში (კიტოს უნივერსიტეტი).


NOVA და SPRINGER კავკასიის ბიომებსა და რეფიგიუმებზე

ამ ეტაპზე არნოლ გეგეჭკორის ნაშრომები ისეთი დიდი გამომცემლობების ყურადღების ქვეშ მოექცა, როგორებიცაა NOVA და SPRINGER.
„კავკასიის ბიომები“ - ესაა მონოგრაფია, რომელსაც სულ მალე გამოსცემს ამერიკული გამომცემლობა NOVA. რამდენიმე დღის წინ ბატონმა არნოლდმა წიგნის რედაქტორის, ლონდონის უნივერსიტეტის მოკრობიოლოგიის კათედრის გამგის ტრევორ კერტლიჯის (Trevor Cartledge) წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია: „თქვენი წიგნი - „კავკასიის ბიომები“ არის ყველაზე დეტალური და საინტერესო ნაშრომი, რომელზეც მიმუშავია. ვისწავლე უამრავი ახალი რამ, რაც, როგორც ბიოლოგმა, არ ვიცოდი“. წიგნი 625-გვერდიანია. იგი მოიცავს კავკასიის რეგიონს და 6 წლის განმავლობაში იწერებოდა.
რაც შეეხება გამომცემლობა SPRINGER-ს, მას უკვე მზად აქვს და წლის ბოლოს გამოსცემს არნოლდ გეგეჭკორის წიგნს „კოლხეთისა და ჰირკანის რეფიგიუმები: შედარებითი ანალიზი“. წიგნი მასშტაბურია და მოიცავს კავკასიის ეკორეგიონს (კავკასია - კასპიისპირა ირანი და კავკასია - შავი ზღვისპირა თურქეთი). 
როგორც პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი წიგნზე საუბრისას აღნიშნავს, ოთხჯერადი გამყინვარების (ბოლო ერთი მილიონი წლის განმავლობაში) შედეგად, ევროპასა და დასავლეთ ევრაზიის ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ამოწყდა და გადაშენდა ძველი ორგანიზმები. ისინი გადარჩნენ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ კლიმატურ თავშესაფრებში (რეფიგიუმებში), რომლებიც მეტნაკლებად ჰგავს 10-15 მილიონი წლის წინანდელ კლიმატურ პირობებს. კავკასიის ეკორეგიონში ორი ასეთი მნიშვნელოვანი თავშესაფარია: კოლხეთის (აქვე განვმარტავთ, რომ თავშესაფარი ყოველთვის ოკეანური კლიმატის მქონე ქვეყნებში არის. შავი ზღვა, ამ შემთხვევაში, ითვლება ოკეანური კლიმატის მქონე ზღვად, რადგან ის გაუყინავი ზღვაა და ზამთარში მის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს აძლევს ტენს) და ჰირკანის (კასპიისპირა მიმდებარე ნაწილი). წიგნში პირველადაა შედარებული ეს ორი რეფიგიუმი და გაანალიზებულია, რომელმა რამდენი და რა ფესვების ორგანიზმები გადაარჩინა. მაგალითად, კასპიისპირა რეგიონმა გადაარჩინა უფრო ტროპიკული და სუბტროპიკული ორგანიზმები, რომელიც სამხრეთ აზიიდან თანდათანობით შემოდიოდნენ და კასპიისპირა ამ რეგიონში მკვიდრდებოდნენ (მაგალითად, ცხოველებიდან - მაჩვზღარბა, მცენარეებიდან კი კლედიჩია, ალბიზია და სხვა ტრანსგლობალური ოჯახის წარმომადგენელი პარკოსანი მცენარეები), ხოლო შავიზღვისპირეთმა გადაარჩინა ნაკლებად ტროპიკული და სუბტროპიკული ორგანიზმები (მაგალითად, დედამიწის პირველი ფოთოლმცვივანი მცენარე, ასევე პონტოური მუხა, მეგრული არყი, მედვედევის არყი, წყავი, შქერი და სხვ.) ესენი ქმნიან მარადმწვანე ტყეებს. „ამას ჩვენ ვიზუალურად ვუყურებთ და ჩვეულებრივად მივიჩნევთ, მაგრამ მეცნიერებისთვის - ყოვლად არაჩვეულებრივია, რადგან ეს მარადმწვანე ორგანიზმები წავიდნენ და გაშენდნენ ისეთ ლოკალურ ადგილებზე, როგორიცაა იბერიის ნახევარკუნძული (მასაც ატლანტის ოკეანე ესაზღვრება) და აპენინები. ამდენად, ამ ორ თავშესაფარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თვალთახედვით ეს საკითხი დღემდე არ იყო შესწავლილი“, - ამბობს არნოლდ გეგეჭკორი.


ხუთი სხვადასხვა პრიზი პაკისტანის ტრანსაზიური კონგრესიდან

სამეცნიერო კვლევების ფართო არეალის გამო, პროფესორ არნოლდ გეგეჭკორის ნაშრომებით სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციის თუ კონგრესის ორგანიზატორები ინტერესდებიან. ბოლო პერიოდში მისი, როგორც მეცნიერის, წარმატებების ნუსხას კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება შეემატა - არნოლდ გეგეჭკორმა პაკისტანის ტრანსაზიურ კონგრესზე ხუთი სხვადასხვა პრიზი (საუკეთესო მოხსენების, პლენარული სხდომის საუკეთესო თავმჯდომარის, საუკეთესო იმპროვიზებული მოხსენების, სტუდენტებთან საუკეთესო კომუნიკაციის და კონფერენციის მონაწილე ქალთა მიერ დაწესებული პრიზი) დაიმსახურა.
რატომ იწყება გამყინვარება, რა არის ამის მიზეზები და რატომ არსებობს გამყინვარებებს შორის დათბობის გლობალური ფაზები? - ეს გახლდათ მოხსენების ძირითადი არსი. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ვინაიდან გლობალური დათბობა სიღრმეში შედის, მან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მშრალი რეგიონების კიდევ უფრო გამშრალება, როგორიც არის პაკისტანი. „ძალიან მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემაა დათბობა - თუნდაც 3-4 გრადუსით ტემპერატურის მომატება. ამის ფონზე, წყალუხვ ქვეყნებს შეუძლიათ, თუნდაც, სასმელი წყლით მოამარაგონ მრავალმილიონიანი თუ მილიარდიანი ქვეყნები, რომელთაც წლების შემდეგ წყლის დეფიციტი გაუჩნდებათ. საქართველო ამ მხრივ ძალიან მომგებიანი ქვეყანაა. მე მათ მივაწოდე რეალური ციფრი, რომ საქართველოს შეუძლია დიდი კავკასიონის მყინვარებიდან და მცირე კავკასიონის მყინვარებიდან ყოველწლიურად დიდი რაოდენობით სუფთა წყალი დაამზადოს. მოხსენების ლაიტმოტივი ძირითადად ეს იყო, მაგრამ ამას სჭირდებოდა ე.წ. საფუძველი, თუ რატომ არის კავკასია ასეთი და მოხსენების დროს შენ ამას თანდათან უჩვენებ, უდასტურებ. პაკისტანელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ეს მოხსენება“, - აღნიშნა არნოლდ გეგეჭკორმა. 
სწორედ ეს იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი ქალთა უნივერსიტეტისთვის, სადაც კონგრესის მეორე დღეს არნოლდ გეგეჭკორი მიწვეულ იქნა საჯარო ლექციის წასაკითხად. დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ოთხი მილიარდი წლის ისტორია, დინოზავრების წარმოშობისა და გადაშენების მიზეზები, ძუძუმწოვრების გათავისუფლება ბიოლოგიური წნეხისგან, პრიმატების განვითარება და ორფეხა არსების - ადამიანის წარმოშობა, მისი ევოლუცია, რომელიც 7-8 სახეობას ითვლის, კლასიკური ტრიადის - ჰომო ჰაბილისის (ანუ რომელმაც ქვა დაიჭირა), ჰომო ერექტუსის (რომელიც ხერხემალში გაიმართა) და ჰომო საპიენსის (რომელიც ცნობილია, როგორც გონიერი არსება) განვითარების თავისებურებები თანამედროვე ადამიანამდე, გლობალური დათბობა და მისი შედეგები - ეს იყო ლექციის ძირითადი თემა, რომელმაც სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. 
„პაკისტანს ისე უყურებენ, თითქოს დაბალგანვითარებული ქვეყანაა. სინამდვილეში მათი ტექნოლოგიური განვითარების დონე ძალიან მაღალია. მქონდა საშუალება, ჯერ კიდევ 3 წლის წინ მენახა მათი ლაბორატორიები და სელექციის სადგურები, სადაც მშრალ კლიმატსა და ნიადაგზე მორგებული მცენარეები გამოჰყავთ და უნდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ. მათ განსაკუთრებით მოსწონთ ინტერდისციპლინურობა სამეცნიერო კვლევებში და, ვფიქრობ, ამიტომაც სურთ უფრო მჭიდრო კონტაქტები დაამყარონ ჩვენს უნივერსიტეტთან, ფაკულტეტთან და მიმართულებასთან. მე უკვე გავუგზავნე ჩვენი უნივერსიტეტის რექტორს წერილი, სადაც ვაცნობებ ამ ვიზიტის შესახებ და ვწერ, რომ, უნივერსიტეტის წარმომადგენელთა შემოთავაზების საფუძველზე, შესაძლებელია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდეს პაკისტანის ქალთა უნივერსიტეტთან, ფაისალაბადის (საუნივერსიტეტო ქალაქია პაკისტანში) უნივერსიტეტთან და ჩინეთის ქალაქ ლანჯოუს უნივერსიტეტთან (Lanzhou University)“, - გვითხრა არნოლდ გეგეჭკორმა. 
როგორც აღვნიშნეთ, წლის ბოლოს გამომცემლობა SPRINGER არნოლდ გეგეჭკორის წიგნს - „კოლხეთისა და ჰირკანის რეფიგიუმები: შედარებითი ანალიზი“ - გამოსცემს, მანამდე კი, ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე, სექტემბრში არნოლდ გეგეჭკორი კიდევ ერთხელ წარადგენს საქართველოს საინტერესო სამეცნიერო მოხსენებით.