მეორე სადოქტორო ხარისხი და ლელა ჯანაშვილის სამეცნიერო ცხოვრების რიტმი

17 მაი 2019

იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ჯანაშვილმა ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში მეორე სადოქტორო ხარისხი დაიცვა. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა ქართული სამართლის ისტორიაში, როდესაც ქართველმა მკვლევარმა ესპანური სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო ესპანეთში. ლელა ჯანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიურ საქმიანობას 2009 წლიდან ეწევა და პარალელურად თსუ-ის ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.

- ქალბატონო ლელა, რატომ გადაწყვიტეთ მეორე სადოქტორო ხარისხის მიღება და რა საკითხს ეხება თქვენი კვლევა?
- პირველად სადოქტორო დისერტაცია 2003 წელს დავიცავი. კვლევის თემა ეხებოდა ტერიტორიული ორგანიზაციის პრობლემებს ესპანეთის მაგალითზე. სწორედ აქედან დავუკავშირდი პირველად ესპანეთს, შემდეგ კავშირები გაფართოვდა და გადავწყვიტე მეორე დისერტაციის გაკეთება. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, მიმდინარე წლის 22 მარტს დოქტორის ხარისხი მომანიჭეს. დისერტაცია ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და ისტორიულ იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტში შევასრულე. სადოქტორო პროგრამის სახელია „ადამიანის უსაფრთხოება და გლობალური საჯარო სამართალი“. ეს არის პროგრამა, რომლის ცენტრში ადამიანის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული საკითხებია გლობალურ საჯარო სამართლებრივ სივრცეში, ანუ ეს პროგრამა მთლიანად ფოკუსირებულია XXI საუკუნის გლობალიზაციის გამოწვევებზე. მას ადმინისტრაციული სამართლის კათედრის ხელმძღვანელი მანეულ ბალბემ მალოლი ხელმძღვანელობს. ჩემი დისერტაციის თემა ადამიანის უსაფრთხოება და XXI საუკუნის თანამედროვე მონობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პრევენცია გახლდათ და ხელმძღვანელობას გაეროს ექსპერტი, თანამედროვე მკვლელ რობოტთა კომისიის წევრი, პროფესორი როსერ მარტინესი მიწევდა. 
- საინტერესოა, როგორ შეუთავსეთ ერთმანეთს კვლევითი საქმიანობა ესპანეთში და აკადემიური მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?
- შეთავსება, რა თქმა უნდა, რთული იყო, განსაკუთრებით პირველი ორი წელი, როდესაც სასწავლო კომპონენტის შესრულება მიწევდა. სწავლა დისტანციურადაც იყო შესაძლებელი, თუმცა დიდხანს გაგრძელდა. 7 წელი დამჭირდა, რომ დისერტაცია სასურველ შედეგამდე მიმეყვანა. შეფასება იყო უმაღლესი. 
- რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია ამ სადოქტორო კვლევის შესრულებისას?
- ვფიქრობ, რომ ადამიანის შინაგანი მოტივაციაა მთავარი, განვითარების, მეტის გაგებისა და სწავლის სურვილი. მუშაობის პროცესში საინტერესო ხალხთან მქონდა ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შინაარსის ინტერდისციპლინური კვლევისათვის. ახლა ვმუშაობ დისერტაციის ქართულ ვერსიაზე. სრული მოცულობით არა, მაგრამ ვაპირებთ ძირითადი ასპექტების ქართულ ენაზე გამოცემას. 
- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორ აპირებთ ესპანურ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელებას?
- ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტთან, სადაც მეორე სადოქტორო ხარისხი დავიცავი, 2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და შედეგად ესპანური სამართლის ინსტიტუტი დაარსდა. მისი აკადემიური დირექტორი ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის კათედრის ხელმძღვანელია. ვმუშაობთ ერთობლივ პროექტებზე, გამოვეცით მონოგრაფია და სამეცნიერო სტატიათა კრებულები. დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენციისა და საზაფხულო სკოლის ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ესპანელი პროფესორები ჩვენთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე თანამშრომლობენ. სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის შედეგები. გამარჯვებულთა შორის არის ჩვენი ფაკულტეტის მიერ მომზადებული კომბინირებული ღონისძიების (სეზონური სკოლა და კონფერენცია) საგრანტო პროექტი თემაზე „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო“, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელიც ვარ. პროექტში მონაწილეობს 10 უცხოელი ექსპერტი ბარსელონას ავტონომიური, ლა კორუნას და ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტების პროფესორები.
- კვლევას რა მიმართულებით გააგრძელებთ?
- რამდენიმე დღის წინ ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების და დარგობრივი ტერმინების დაზუსტებისა და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შესამუშავებლად სამეცნიერო სემინარი გავმართეთ. იმდენად დავინტერესდი ლინგვისტური პრობლემატიკით, თანაც ჩემი პროფილიც სამართლის თეორიული საკითხებია, რომ ვაპირებ ამ მიმართულებით კვლევა განვახორციელო.