საჯარო ლექციები ქალთა უფლებებისთვის

16 მაი 2019

რაც უნდა გასაკვირი იყოს, 21-ე საუკუნეშიც, რომელსაც ხშირად „ქალების საუკუნეს“ უწოდებენ, ქალთა უფლებები და მათი დაცვა კვლავ გლობალურ პრობლემად რჩება. საქართველოში, სადაც ქალთა უფლებების დაცვის საკითხი კვლავ აქტუალურია, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ამ მიმართულებით მრავალი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ანთელავა წლების მანძილზე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში და ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს. მისი კვლევის სფერო მოიცავს ქალთა ისტორიის საკითხებს, ამერიკის კულტურული მრავალფეროვნებისა და უმცირესობათა თანასწორობის საკითხების კვლევას.
2012 წელს ქეთევან ანთელავამ მონაწილეობა მიიღო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროგრამაში „შეერთებული შტატების შესწავლის ინსტიტუტი (SUSI) - ამერიკის კულტურა და საზოგადობა“, რომელსაც ნიუ-იორკის უნივერსიტეტი მასპინძლობდა. 
საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი აქტიურად ჩაება ამერიკაში მიღებული გამოცდილების რეალიზაციის პროცესში: 2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 1830-1930-იანი წლების ამერიკელ მეცენატ ქალთა მოღვაწეობაზე და გახდა პირველი დოქტორი ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით. დისერტაცია ეყრდნობოდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და სმითსონიანის მუზეუმში მოპოვებულ საარქივო მასალების ანალიზს. უკვე მრავალი წელია, ქეთევან ანთელავა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებს სტუმრობს და გამოდის მოხსენებებით ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. ამერიკელ ქალთა საქმიანობის შემდგომი შესწავლისა და პოპულარიზაციის მიზნით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მან შექმნა ორიგინალური სალექციო კურსები: ინგლისურენოვანი „ამერიკელ ქალთა ნარატივები“ და „ქალთა თანასწორობა, რასიზმი და უმცირესობათა პრობლემები თანამედროვე ამერიკაში“. 
23-24 მარტს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტმა (NYU) ფლორენციულ ფილიალ ვილა ლა პიეტრაში უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ამერიკული ინსტიტუტები, ფასეულობები და მიდგომები“.
„კონფერენცია ძალიან წარმომადგენლობითი იყო და მასში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მკვლევარი, რომლებიც სხვადასხვა დროს, ჩემს მსგავსად, იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის მონაწილეები. ჩვენ ყველას ნიუ იორკის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის მულტინაციონალური ინსტიტუტი (MIAS) გვაერთიანებს. კონფერენციის თემატიკა გამორჩეულად მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ამერიკული დემოკრატიული ფასეულობები, კულტურული მრავალფეროვნება, ლიტერატურა, ქალთა თანასწორობის საკითხები, ენის სწავლების მეთოდოლოგია და სხვა“, - ამბობს ქეთევან ანთელავა.
ამ საერთაშორისო ფორუმზე ამერიკისმცოდნეობის დოქტორმა ქეთევან ანთელავამ წარმოადგინა მოხსენება მულტიკულტურალიზმის პრობლემებსა და მათ გადაჭრაში ამერიკელი მეცენატი ქალების როლზე, რომელმაც ცხოველი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია.

* * *
8 და 13 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქეთევან ანთელავამ წაიკითხა საჯარო ლექციები თემაზე: „მაისიც ქალთა ისტორიის თვეა. ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის 100 წელი: ელიზაბეტ ქეიდი სტენტონიდან გერტრუდ ვანდერბილტ უითნიმდე“, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე უმაღლესის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის. საჯარო გამოსვლა შეეხებოდა, ერთი მხრივ, ამერიკელ სუფრაჟისტ და სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლ ქალებს, ხოლო, მეორე მხრივ, ქალებს, რომლებიც დაკავებული იყვნენ ხელოვნების პროპაგანდით და მეცენატობით 100 წლის მანძილზე, 1840-1940-იან წლებში. პოზიცია, რომელსაც ქეთევან ანთელავა იცავს, იმაში გამოიხატება, რომ ფემინიზმი არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ქალებს, არამედ, საერთოდ, ყველა იმ ქალს, ვინც იბრძვის სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობისათვის. ლექცია უხვად იყო გაჯერებული ქართული პარალელებით.
„ტრადიციულად, მარტი ამერიკაში ქალთა ისტორიის თვეა და რიგითი თუ ცნობილი, თანამედროვე თუ ისტორიული ფიგურების გახსენებას, მათი საქმიანობის ანალიზსა და პოპულარიზაციას ეძღვნება. მაგრამ ქალთა პრობლემებსა და მიღწევებზე საუბრისთვის ერთი თვე საკმარისი არ არის და ამისთვის ყველა თვე უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნავს ქეთევან ანთელავა.
მკვლევარი გეგმავს ასეთსავე საჯარო გამოსვლებს ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებში. სამომავლოდ, აგრეთვე განზრახული აქვს ახალი საჯარო ლექციების ციკლით წარდგეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომელიც ამერიკელ ქალთა მოღვაწეობას შეეხება.