სტუდენტური ფესტივალი 2019

18 მაი 2019

ფესტივალის გახსნა

7 მაისი, 5 საათი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ შეკრებილი სტუდენტების რაოდენობა თანდათან მატულობს. ისინი სტუდენტური ფესტივალის გახსნაზე თავიანთი უნივერსიტეტის საგულშემატკივროდ იკრიბებიან. დაახლოებით 6 საათისთვის კი ავტობუსებით დანიშნულების ადგილისკენ მიემართებიან.
წელს სტუდენტური დღეები დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მინი ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ფრენბურთი, ქართული და თანამედროვე ცეკვები, ხალხური სიმღერა, მუსიკალური ბენდების კონკურსი - ეს ის აქტივობებია, რომლებშიც სხვადასხვა ტიტულის მოსაპოვებლად საქართველოს 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50 000-მდე სტუდენტი იბრძოდა. 
ოლიმპიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ფესტივალის გახსნას ელოდებოდნენ. საყვირების ფონზე საგულშემატკივრო შეძახილები არ წყდებოდა.
თათა ჩუტკერაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელია. იგი ღონისძიებას უნივერსიტეტის გულშემატკივრის სტატუსით წელს პირველად ესწრებოდა: „იმდენად დიდი შთაბეჭდილება და ემოცია დამრჩა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ დავინტერესდები მსგავსი ტიპის ღონისძიებით. ჩემი აზრით, ასეთი აქტივობები არა მარტო სახალისო, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, მათი განვითარებისთვის. მსგავსი შეჯიბრებები მოტივაციას აუმაღლებს როგორც სპორტსმენებს, ისე ყველა იმ სტუდენტს, რომლებსაც სურთ, თავიანთი შემოქმედება ამა თუ იმ კუთხით წარმოაჩინონ“, - გვითხრა მან.
ღონისძიებაში სტუდენტების ჩართულობაზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრე გაბაშვილმა. მისი თქმით, სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სტუდენტებმა თავად გამოიჩინეს ინიციატივა - საგულშემატკივროდ წამოსულიყვნენ. 
ისეთი ღონისძიება, როგორიც სტუდენტური დღეებია, თითოეული უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ უნივერსიტეტისთვის, რომელიც კავკასიაში პირველია“, - თქვა ალექსანდრე გაბაშვილმა.
სტუდენტური ფესტივალის გახსნის ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1000-ზე მეტი სტუდენტი საყვირებით, დროშებითა და შეძახილებით შეუერთდა. 
შეკრებილ სტუდენტებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მან აღნიშნა, რომ თვის ბოლომდე შეიქმნება ახალი ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც შესაძლებელს გახდის - მსგავსი ფესტივალები საქართველოს ყველა კუთხეში ჩატარდეს. 
სტუდენტური ფესტივალის გახსნის ღონისძიებას თსუ-ის რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი ესწრებოდა. მან წარმატებები უსურვა ფესტივალში მონაწილეებს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დედაქალაქის მერი კახა კალაძეც. მან სტუდენტებს მსგავსი ტიპის აქტივობების ჩასატარებლად მხარდაჭერა აღუთქვა.
ფესტივალის გახსნის ცერემონიას მუსიკალურად ჯგუფი „სახე“ და დიჯეი გიგა პაპასკირი აფორმებდა.


თსუ ფესტივალზე

სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის სპორტულ და კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებში შეჯიბრი რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებულად ისაპარეზეს და რამდენიმე პრიზიც დაიმსახურეს.
ფესტივალზე თსუ-ის ფრენბურთელ ვაჟთა ნაკრებმა II ადგილი, ხოლო ფეხბურთში II ადგილი დაიკავეს. უნივერსიტეტს ასევე III ადგილი ერგო ქართულ ცეკვებში.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის შოთა კეჟერაშვილის თქმით, „თსუ ამ ეტაპზე ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია, რადგან გახსნის ღონისძიებიდან მოყოლებული, საკმაოდ ბევრი სტუდენტი აქტიურად იღებდა მონაწილეობას როგორც გულშემატკივრის, ისე მონაწილეს სტატუსით. სასიხარულოა, რომ ავიღეთ ყველაზე ორგანიზებული უნივერსიტეტის პრიზი. ფესტივალი გამორჩეული იყო თავისი მასშტაბურობით, ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა და იმედი გვაქვს, რომ პერმანენტულ ხასიათს მიიღებს“, - აღნიშნა შოთა კეჟერაშვილმა.


ფესტივალის დახურვა

„სტუდენტური ფესტივალი 2019“-ის გამარჯვებული უნივერსიტეტი მოგებული კონკურსების ჯამური რაოდენობისა და გულშემატკივართა აქტიურობის მიხედვით 16 მაისს გამოვლინდა. 
ფესტივალის დახურვას ესწრებოდა ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც სტუდენტური დღეების წარმატებით დასრულება მიულოცა მონაწილეებს: „მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა შეიკრიბა. დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, აუცილებლად გაგრძელდება და დედაქალაქის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერაც გექნებათ“, - მიმართა მან სტუდენტებს.
კახა კალაძემ გამარჯვებული უნივერსიტეტები დააჯილდოვა: 2019 წლის გამარჯვებულის თასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა, II ადგილის მფლობელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა, ხოლო III ადგილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიკავა.
ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, წელს მეოთხედ გაიმართა.
ფესტივალის მიზანი სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, მათი ნიჭის რეალიზაცია, მოტივაციის ამაღლება და სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპის ჩამოყალიბებაა.

სალომე სამხარაძე,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი