საქართველო ევროპის სტუდენტთა გაერთიანების (ESU) ოფიციალური წევრი გახდა

17 მაი 2019

საქართველო ევროპის სტუდენტთა გაერთიანების (ESU) ოფიციალური წევრი გახდა. ESU-თან მოლაპარაკებებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ ჯავახიშვილი საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის სახელით აწარმოებდა. ევროპის სტუდენტთა გაერთიანების ბორდის ბოლო შეხვედრაზე, რომელიც სოფიაში (ბულგარეთი) გაიმართა, ევროპის სახელმწიფოებმა საქართველოს გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. 
„რუმინეთში შეხვედრის შემდეგ ყველა საჭირო დოკუმენტი გავაგზავნეთ და ბორდის შეხვედრაზე სოფიაში წარმოვადგინეთ ჩვენი ნაციონალური სტუდენტური ორგანიზაცია (სოა), ავხსენით მისი მუშაობის სპეციფიკა და ვუპასუხეთ ევროპელი სტუდენტების მრავალ შეკითხვას. საბოლოოდ, ერთხმად დაგვიჭირა მხარი ევროპის ყველა სახელმწიფომ და საქართველო ამ ძალიან ძლიერი ორგანიზაციის ნაწილი გავხდით. ESU-სთან თანამშრომლობით დაიწყება ცვლილებების ტალღა ქვეყანაში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებში, რომლებიც მეტად მობილურები და ინტერნაციონალურები გახდებიან, მიიღებენ უფრო მეტ გამოცდილებას ევროპის სხვადასხვა სტუდენტურ გაერთიანებებთან ორმხრივ პროექტებში ჩართვით და ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ყველა იმ რეფორმის სწრაფ გატარებას, რომლებიც მიიღება ზემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ“, - აცხადებს არჩილ ჯავახიშვილი. 
ESU 1982 წელს დაფუძნდა და აერთიანებს 40-ზე მეტ სახელმწიფოსა და 39 მილიონამდე სტუდენტს. გაერთიანების ძირითადი მიზნებია სტუდენტთა ხმის წარმოდგენა ისეთ ორგანოებში, როგორებიცაა – ევროკავშირი, ევროსაბჭო, ბოლონიის პროცესის მონაწილე სახელმწიფოები, UNICEF და სხვ.