რთულ გზასთან ჭიდილში დაბადებული თარგმანი

18 მაი 2019

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ასმათ გზობავა ადმინისტრაციაში მუშაობის პარალელურად მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწევა. მძიმე სენთან ბრძოლის მიუხედავად, სენს არ ნებდება და XX საუკუნის იტალიელი ბელეტრისტის ალბერტო მორავიას მოთხრობებს ქართულ ენაზე თარგმნის. ალბერტო მორავიას შემოქმედების გმირები მუშები, ხელოსნები, გლეხები, წვრილი მოხელეები და ვაჭრები, სატვირთო მანქანის მძღოლები, რესტორნის ოფიციანტები და ფოტოგრაფები არიან. ასმათ გზობავამ ქართულ ენაზე იტალიელი ბელეტრისტის მოთხრობა - „ქურდები ეკლესიაში“ გამოსცა. 
„ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტი გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით დავამთავრე. იტალიურ ენას „მეორე ენის“ სტატუსით ვსწავლობდი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იტალიურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და ჟურნალისტიკის მიმართულებების სტუდენტებს ვასწავლიდი. მორავიას მოთხრობებიც სასწავლო პროგრამით იყო გათვალისწინებული. ბოლო წლებში ჩემში მხატვრული თარგმანის სურვილმა გაიღვიძა და გადაწყვიტე რამდენიმე მოთხრობა მეთარგმნა. ეს პროცესი ჩემთვის სასიამოვნოა და სტუდენტებთან ურთიერთობის სურვილსაც მიღვიძებს. მოთხრობის (,,ქურდები ეკლესიაში“) გამოცემაში ჩემი ექიმები დამეხმარნენ, მოულოდნელი საჩუქარი გამიკეთეს, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია“, - ამბობს ასმათ გზობავა. 
ასმათ გზობავას მოთხრობის - „ქურდები ეკლესიაში“ - თარგმანის გამოცემა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ზარანდიამ მიულოცა. 
„ქალბატონი ასმათი გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე, საოცრად მშრომელი, მოწესრიგებული და კეთილსინდისიერი ადამიანია. იგი მთელი ფაკულტეტის სიყვარულით სარგებლობს. განსაკუთრებული პიროვნებაა, რადგან მან შეძლო შებრძოლებოდა ძლიერ სენს და გაეგრძელებინა საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ მისი თარგმანი, რომელიც მისი სამკურნალო დაწესებულების ექიმების მხარდაჭერით გამოვიდა, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ თუ საკუთარი საქმე და უნივერსიტეტი გიყვარს, ყველანაირი სირთულის დამარცხებას შეძლებ. მთელი ფაკულტეტის სახელით ვულოცავთ მას თარგმანის გამოცემას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შპს „არენსია ექსპლორატორი მედისინ“-ს, რომელმაც ქალბატონი ასმათის თარგმანის გამოცემა უზრუნველყო. 
სამყაროს სიკეთე მართავს,“ - აღნიშნა თამარ ზარანდიამ.
ასმათ გზობავა იურიდიულ ფაკულტეტზე თითქმის 40 წელია მუშაობს.