რბილი სამართლის გავლენა კორპორაციული მართვის ეფექტიანობაზე

18 მაი 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა კიდევ ერთი ნაშრომი - „რბილი სამართლის გავლენა კორპორაციული მართვის ეფექტიანობაზე“, რომელიც თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა ერთობლივი ნაშრომია. წიგნის ავტორები არიან: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან - პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, ასოცირებული პროფესორები: დავით სიხარულიძე, ვასილ კიკუტაძე და უფროსი სპეციალისტი ნინო ლობჟანიძე; იურიდიული ფაკულტეტიდან - პროფესორი ირაკლი ბურდული, ასისტენტ-პროფესორი გიორგი მახარობლიშვილი და ანა ხარაიშვილი. მონოგრაფიის სტრუქტურა შემდეგნაირია: კორპორაციული მართვის დოგმატურ-თეორიული საფუძვლები, კორპორაციული მართვა ევროპის კავშირის კორპორაციულ სამართალში, კვლევის მეთოდოლოგია და კვლევის შედეგები. 
კორპორაციული მართვის მაფორმირებელი სტრუქტურა შედგება ეკონომიკური და სამართლებრივი ელემენტებისაგან, რაც საკორპორაციო სამართლის წიაღში აღმოცენებული სამართლის დამოუკიდებელი დარგია, რომელსაც კორპორაციული მართვის სამართალი ანუ კორპორაციული მართვა ეწოდება. კორპორაციული მართვის ეფექტიანობაზე გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი რეალიები. აღნიშნული გამოკვლევა კარგად წარმოაჩენს ამ ორი სეგმენტის ურთიერთმიმართებას და ქმნის კორპორაციული მართვის ეფექტიანობაზე ორიენტირებულ ნაშრომს. ავტორების აზრით, ნებისმიერ კონგლომერატს, იქნება ეს სახელმწიფო თუ დიდი კერძო კორპორაცია, ესაჭიროება რაციონალურად ჩამოყალიბებული მართვის სისტემა, რომელიც, ნაწილობრივ, სახელმწიფოს ჩარევით, ნაწილობრივ, თვითრეგულირებადი ნორმების აღიარებითა და მათი შესრულებით უზრუნველყოფს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას. მხოლოდ რაციონალური კონტროლისა და დაბალანსებული მმართველობის პირობებშია შესაძლებელი მდგრადი ეკონომიკური განვითარება. კაპიტალის გაერთიანების საფუძველზე შექმნილი საზოგადოების სამართალი სხვა არაფერია, თუ არა საწარმოს ეფექტიანი კონტროლის დამდგენი სამართალი, რომელმაც კაპიტალის სწორი და რაციონალური გამოყენება უნდა უზრუნველყოს. ეს პარადიგმაა განვითარებული ეკონომიკურ მეცნიერებაშიც. აღსანიშნავია ორგანიზაციული ეკონომიკის მნიშვნელობა, რომელიც დღეისათვის ნეოინსტიტუციონალური ანალიზის შედარებით ახალი მიმართულებაა. კორპორაციული მართვის ორი ძირითადი სისტემა არსებობს: მონისტური და დუალისტური. მონისტური ბრიტანულია და აშშ-ის კორპორაციებისათვის არის დამახასიათებელი, ხოლო დუალისტური - ევროპის ქვეყნებისათვის. ინსპირაციის საფუძველს მართვის ორსაფეხურიან სისტემაში გერმანული სამართალი წარმოადგენს. 
აღნიშნულთან ერთად მნიშვნელოვანია მართვის კულტურა და, საერთოდ, ფასეულობები, რაც სცდება წმინდა ეკონომიკურ და სამართლებრივ ასპექტებს, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კორპორაციების მართვაზე. ავტორების აზრით, აუცილებელია საკუთრების და კონტროლის გამიჯვნა, ხაზგასმულია, რომ საკუთრება იურისტის თვალით (მიდგომით) შედარებით მარტივი კონსტრუქციაა - ვის რა ეკუთვნის (ბუნებრივია, გაფორმებული სამართლებრივად), ხოლო ეკონომისტის თვალთახედვით - რა შედეგი მოაქვს (თანაც არა მხოლოდ პროდუქციის სახით) ამა თუ იმ ქონების ფლობას. ეს ყველაფერი აისახება კორპორაციული ფინანსების ეფექტიანობაზე.
ნაშრომში განხილულია რბილი სამართლის (სარეკომენდაციო ნორმები) გავლენა კორპორაციული მართვის ეფექტიანობაზე, მათ შორის, ყურადღება გამახვილებულია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში დემოკრატიზმის ელემენტების გაძლიერებაზე, რაც რბილი სამართლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 
საქართველოსთვის, თანამედროვე ეტაპზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა (ჩვენი განვითარების ვექტორიდან გამომდინარე) აქვს ისეთ პოლიტეკონომიურ საკითხს, როგორიცაა კორპორაციული მართვა ევროპის კავშირის კორპორაციულ სამართალში. ნაშრომში განხილულია აქციონერთა, ინვესტორთა, მენეჯერების, დირექტორების უფლებების საკითხები ევროკავშირის ქვეყნების თვალთახედვით. 
მოცემული მონოგრაფია საქართველოში საბანკო სექტორში მოქმედი კორპორაციების (კერძოდ - 6 ბანკის) ემპირიულ კვლევას შეიცავს. კორპორაციული მართვის ეფექტიანობის მსგავსი ინტერდისციპლინური მეცნიერული მიდგომით კვლევა საქართველოში ამ დრომდე არ ყოფილა შესრულებული, ამიტომ ნაშრომის შინაარსობრივი პარადიგმა ქართული რეალობის განსაკუთრებულ გამოვლინებად შეიძლება აღვიქვათ.