უნივერსიტეტი საუკუნეთა მიჯნაზე

17 მაი 2019

უნივერსიტეტის ასწლოვანი ისტორიის მანძილზე არა ერთი წიგნი თუ მონოგრაფია არის გამოსული, რომლებშიც გაშუქებულია უნივერსიტეტის მდიდარი ისტორია. მათ შორის განსაკუთრებით გამოსაყოფია პროფესორ (აკადემიკოს) სერგო ჯორბენაძის წიგნები: „უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ და „ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა“. ეს წიგნები მოგვითხრობენ უნივერსიტეტის შესახებ მისი დაფუძნებიდან 1980-იან წლებამდე. უნივერსიტეტის ცხოვრების შემდგომ ეტაპს მიეძღვნა მისი დაარსებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო კრებული „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1918-1998 წწ“. (თსუ-ის გამომცემლობა, რედ. როინ მეტრეველი). ამ წიგნებში თანმიმდევრულადაა მოთხრობილი კავკასიაში პირველი ეროვნული განათლების კერის დაფუძნებიდან მოყოლებული მთელი 80 წლის მანძილზე გავლილი გზა, რომელიც ხშირად ტრაგედიებითაც კი იყო აღსავსე. მიუხედავად ყველაფრისა, უნივერსიტეტმა მე-20 საუკუნის შუა წლებში უდიდეს აღმავლობას მიაღწია, ჩადგა მაშინდელი მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტების რიგებში როგორც განათლების დონით, ასევე, რაც მთავარია, სამეცნიერო მიღწევებით. გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სკოლა, როგორიც იყო ქართველოლოგიის, ენათმეცნიერების, მათემატიკის, ფიზიკის, ფსიქოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიის, ფიზიოლოგიის და სხვ. 
უნივერსიტეტი დიდი მიღწევებით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს. და, აი, დადგა ახალი პერიოდი - საქართველოს დამოუკიდებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ 90-იანი წლები უნივერსიტეტისთვის, ისევე, როგორც მთელი საქართველოსთვის, იყო უმძიმესი წლები ახალ პირობებში საკუთარი გეზის ასარჩევად. ამ პერიოდში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განახორციელა რიგი პრინციპული გარდაქმნებისა, როგორიც იყო მრავალსაფეხურიანი სწავლების სისტემის შემოღება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, ასპირანტურა). ამან პრაქტიკულად განსაზღვრა უნივერსიტეტის მომავალი. უნივერსიტეტი გადარჩა, შეინარჩუნა და განავითარა როგორც განათლების, ისე მეცნიერების მაღალი დონე და პირნათელი შეხვდა ახალ საუკუნეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი საუკუნის დასაწყისში გატარებულმა უმაღლესი განათლების რეფორმამ საგრძნობლად დასწია ქვემოთ უნივერსიტეტი, მისი პრესტიჟი, სწავლების პროცესი, მეცნიერება. 
სწორედ უნივერსიტეტის პრობლემებს მიუძღვნეს საიუბილეო წიგნი - „უნივერსიტეტი საუკუნეთა მიჯნაზე“ 90-იან წლებში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში მომუშავე პიროვნებებმა: ე. კოპალიანმა, პ. მარგველაშვილმა, ნ. სხირტლაძემ, ა. ხელაშვილმა, თ. ხუროძემ. 
წიგნი გამოვიდა უნივერსიტეტის დაარსების საიუბილეო დღეს, 2018 წლის 8 თებერვალს, რომელიც გამომცემლობა „მერიდიანში“ დაიბეჭდა და გავრცელდა ბიბლიოთეკებში. წიგნის რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ანზორ ხელაშვილი. 
წიგნში დეტალურად და მაქსიმალური სიზუსტით არის გადმოცემული უნივერსიტეტის მიერ გავლილი გარდამავალი პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი განათლების სისტემის რაიმე გზამკვლევი, გარდა ივანე ჯავახიშვილის შეხედულებებისა მის მიერ დაარსებული უმაღლესი სასწავლებლის ფუნქციის შესახებ. მასში მოთხრობილია, თუ როგორ გაართვა უნივერსიტეტმა თავი მთელ რიგ სიძნელეებს, როგორ განავითარა განათლების და მეცნიერების დონე, როგორ დაუახლოვდა ორგანიზაციულად დასავლეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს... 
ავტორთა კოლექტივი უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული პროცესების გადმოცემისას შეეცადა ყოფილიყო მაქსიმალურად გულწრფელი და ობიექტური ამ ურთულესი პერიოდის აღწერასა და შეფასებაში. იმედია, რომ დღევანდელი და მომავალი მკითხველისათვის საინტერესო იქნება პირველი ქართული უნივერსიტეტის აღნიშნული პერიოდის ისტორიის ფურცლები.