მხატვრის „ნავსაყუდელი“ უნივერსიტეტია

17 მაი 2019

თითოეულ ნახატს თავის ისტორია აქვს... მხატვარი თავის ცხოვრებას მის მიერ „სულჩაბერილი“ ნამუშევრებით გვიყვება... თემატიკა მრავალფეროვანია, ამიტომ განწყობის შესაფერისად იცვლება ჟანრი და სტილი, პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი... საერთო კი მაინც განწყობაა, რომელიც დაზგური ფერწერის და გრაფიკით შესრულებულ ნამუშევრებში იგრძნობა...
7 მაისს თსუ-ის მუზეუმის საგამოფენო სივრცე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის პედაგოგის თამარ ხარაბაძის ნამუშევრებს დაეთმო. ფოიეში მისი 50-მდე ნახატი გამოიფინა. როგორც გამოფენის გახსნისას მხატვარმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა თუ საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში და მისი ნამუშევრები კატალოგებშია შეტანილი და, ასევე, დაცულია საქართველოს, თურქეთის, საფრანგეთის, იტალიის, ჰოლანდიის, ვიეტნამის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის კერძო კოლექციებში, საუნივერსიტეტო სივრცეში პერსონალური გამოფენის მოწყობა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 
„ჩემი საუკეთესო წლები უნივერსიტეტს უკავშირდება. თავდაპირველად უცხო ენების ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემდეგ ფერწერის ფაკულტეტიც დავამთავრე. ჩემთვის დიდი ბედნიერება და პატივი იყო, რომ საუკეთესო ქართველი მხატვრები იყვნენ ჩემი პედაგოგები, მათ შორის: ეკატერინე ბაღდავაძე, ანდრო თოიძე, გიორგი როინიშვილი, მამია ახობაძე, ჯიბსონ ხუნდაძე და სხვები. მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე, ამიტომ თითოეული მათგანი დიდი მადლიერებით მინდა გავიხსენო“, - ამბობს მხატვარი. 
თამარ ხარაბაძე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მამია ახობაძის შეთავაზებით, კათედრაზე დარჩა. თავდაპირველად პრაქტიკულის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი... სამ ათეულ წელზე მეტია უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ახლა იგი ასწავლის სტუდენტებს იმას, რაც დიდმა პედაგოგებმა და, რაც მთავარია, ცხოვრებისეულმა გაკვეთილებმა ასწავლეს... ის დაუზარებლად უხსნის ახალგაზრდებს არა მხოლოდ იმას, თუ როგორ უნდა აიგოს კომპოზიცია და რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად, არამედ იმასაც, რომ ხელოვნების სამსახურში სიყვარულით ბოლომდე უნდა დაიხარჯო...
„დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები სხვადასხვა ეტაპზეა დახატული, ბევრი ნამუშევარი გაიყიდა, ზოგიერთი გავაჩუქე, რამდენიმე სამწუხაროდ დაიკარგა. ძირითადად, ჯგუფურ, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში ვმონაწილეობ, დღემდე აქტიურად ვარ ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში. სიამოვნებით ვმართავ გამოფენებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, საიდანაც ემოციებით დამუხტული ვბრუნდები. ჩემში ემოციას ხანდახან სულ უმნიშვნელო დეტალი იწვევს - ეს შეიძლება იყოს ყვავილი, პეპელა, ძველი მაქმანი, რომელიმე სოფლის ან ქალაქის პატარა მყუდრო ქუჩა... დღესაც აქტიურად ვაგრძელებ ხატვას და სამომავლოდ კვლავ ვგეგმავ სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მიღებას“, - ამბობს თამარ ხარაბაძე. 
მხატვარი თვლის, რომ მისი, როგორც შემოქმედის, ფანტაზიის განვითარებაზე გავლენა იქონიეს ქართველმა და უცხოელმა მხატვრებმა: განსაკუთრებით უყვარს რემბრანტი, ლეონარდო და ვინჩი, დავით კაკაბაძე, ფიროსმანი და სხვა კლასიკოსები. 
თამარ ხარაბაძე, ძირითადად, დაზგურ ფერწერაში, ასევე, გრაფიკაში და ლითოგრაფიაში მუშაობს. თემატიკა მრავალფეროვანია: „მოგზაური“, „უნგრეთი, ქალაქი პეჩი“, „თუთიყუში“, „ნატურმორტი სერიიდან: ყვავილები და მაქმანები“, „თბილისის შემოგარენი“, „მამადავითი“, A„შემოდგომა მთაში“, „ზამთარი იმერეთში“, „ბაბუაწვერები“, „ხევსურეთი“ და სხვა. როგორც გამოფენის გახსნაზე ხელოვნებათმცოდნე ვლადიმერ ასათიანმა აღნიშნა, „თამარ ხარაბაძის გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები დიდი სიყვარულით და სითბოთი გადმოსცემს ემოციას. მის ქალაქურ პეიზაჟებში კარგად ჩანს, როგორ ახერხებს იგი მრავალპლანიანი კომპოზიციების აგებას, რაც ურთულესი ამოცანაა მხატვრისთვის. თამარ ხარაბაძე არის ინტელექტუალური მხატვარი და ვუსურვებ მას - ამ რთული გზიდან არ გადაუხვიოს“, - აღნიშნა ვლადიმერ ასათიანმა. 
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლევან სილაგაძემ მხატვარს გამოფენის გახსნა მიულოცა და მის მოღვაწეობაზე ისაუბრა: „თამარ ხარაბაძის ხელოვნების მოყვარულებმა იციან, რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა მისი შემოქმედება, ეს არის ქართული ხასიათის ფერწერული სტილით შესრულებული ნამუშევრები. ამავე დროს, აღსანიშნავია მისი მრავალწლიანი, ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მან არაერთი თაობა აღზარდა. სწორედ მისი დიდი დამსახურებაც არის, რომ დღეს ბევრი მათგანი წარმატებული მხატვარია. დარწმუნებული ვარ, მისი შემოქმედება კიდევ ბევრჯერ მოგვანიჭებს სიამოვნებას“, - განაცხადა ლევან სილაგაძემ. 
თამარ ხარაბაძის ბოლო ნამუშევარი - „ბროწეულები“ და „ნავსაყუდელია“. ცხოვრებისეული ისტორიები კვლავ ნახატებში გრძელდება...