რექტორის მორიგი შეხვედრა სტუდენტებთან

29 ოქტ 2015

თსუ-ის რექტორთან სტუდენტების მორიგი შეხვედრა 29 სექტემბერს სააქტო დარბაზში გაიმართა. სტუდენტების ყველა კითხვას, რომელიც სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ, ფაკულტეტების დეკანებმა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა უპასუხეს. შეხვედრა, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. განიმარტა თსუ-ის კორპუსების გარემონტების სირთულეები, ისაუბრეს ემერიტუსი პროფესორების საკითხთან დაკავშირებით და პირველად გახმიანდა ინფორმაცია სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც სტუდენტთა მომსახურების ცენტრების რეფორმირებაზე იმუშავებს. თსუ-ის ადმინისტრაცია რეფორმის შედეგად ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნასა და სტუდენტების მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესებას პროგნოზირებს.

ვითარება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

შეხვედრაზე ყველაზე მეტი შეკითხვა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა დასვეს. მათ შორის გახლდათ კითხვები აკადემიური რეგისტრაციის პროცესში წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით. ამის შესახებ თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამაც ისაუბრა და გაახმიანა ერთ-ერთი სტუდენტის მიერ მიწერილი წერილი, რომელიც, ასევე, აღნიშნულ საკითხს ეხებოდა: „შაბათს გავიარე აკადემიური რეგისტრაცია და ვიფიქრე, ყველაფერი მოგვარდა. გუშინ ლექციები გაგვიცდა, დღეს ფაკულტეტმა ახალი ცხრილები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ბევრი რამ შეიცვალა. ბაზაში მონაცემები დაუზუსტებელი იყო“.

„ორი წელია თსუ-ში ვსწავლობ და არასდროს შემქმნია ის პრობლემები, რომელიც ამ სემესტრში საგნების არჩევისას შემხვდა. ჩვენს კურსზე დაახლოებით 85 სტუდენტია, ერთერთ სავალდებულო საგანზე კი მხოლოდ 15 ადგილი გახლდათ გამოყოფილი. მაინტერესებს როგორ ავირჩიოთ ეს საგანი ამდენმა სტუდენტმა? როდესაც სპეციალისტებს მივმართე დახმარებისთვის, მითხრეს, რომ მომდევნო სემესტრში შევძლებთ გავლას. საგანს „ახალი მედია“ ჰქვია და მეექვსე კორპუსში კომპიუტერების აუდიტორიაში ტარდება. ასევე, აკადემიური რეგისტრაციის პროცესში საგნები ძალიან ნელა იხსნებოდა“, - აღნიშნა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ გვარამიამ.

აკადემიური რეგისტრაციისას შექმნი-ლი პრობლემების შესახებ სტუდენტებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ და საინფორმაციო ტექნოლოგიების უფროსმა ტარიელ ზარანდიამ უპასუხეს.

„სასწავლო პროგრამაში დამტკიცებული არ იყო ზოგიერთი ის საგანი, რომელიც სასწავლო ბაზაში გამოჩნდა. დღეს-ხვალ ეს საკითხები დაზუსტდება. ასევე ჩვენი ფაკულტეტი რესურსების მხრივ შეზღუდულია. დამოკიდებულები ვართ სხვა ფაკულტეტებზე გამოთავისუფლებულ აუდიტორიებზე. ამ მხრივაც შეიცვალა ვითარება, რამაც ცხრილებში გარკვეული ცვლილება გამოიწვია. რაც შეეხება ლექციების გაცდენას, მონიტორინგის სამსახურს ვესაუბრეთ და ყურადღება გაძლიერდება. უშუალოდ სასწავლო ბაზასთან დაკავშირებულ საკითხზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი გიპასუხებთ.

საგნის „ახალი მედიის” შემთხვევაში შესაძლებელია 2 ან 3 პარალელური ჯგუფის გახსნაც. აუცილებელია, ასეთ დროს სტუდენტებმა დროულად მოგვმართონ“, - განაცხადა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ.

„ახალ სასწავლო ბაზაზე გადავედით, სადაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს დამტკიცებულ კურიკულუმთან იდენტურობას. ბაზაში შეუძლებელია უკვე დაგეგმილი ცხრილის ცვლილება. ვიცით, რომ ახალ ბაზას მცირე ხარვეზები აქვს, რამდენიმე მიმართულების ჯგუფს შეექმნა პრობლემა, მაგრამ ხარვეზები უკვე გამოსწორებულია. ვგეგმავთ, ბაკალავრიატში ამ პროგრამით გავაგრძელოთ მუშაობა, რადგან აქვს ბევრი უპირატესობა – ფაკულტეტებს, ადმინისტრაციას დაეხმარება სასწავლო პროცესის გამართულად დაგეგმვაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია გაუმჯობესებულ რეჟიმში მოიძიონ, სასწავლო პროგრამები ერთმანეთს შეადარონ, დაინახონ უკვე გავლილი საგნები რის შესაძლებლობას აძლევთ და რამდენი კრედიტია კიდევ ასაღები. ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე იქნება სტუდენტებისთვის.

რაც შეეხება საგნების ნელა გახსნას, რამდენადაც მივხვდი იგულისხმებოდა გარკვეული საგნების ნელა დადება. ტექნიკური თვალსაზრისით ბაკალავრიატში ხარვეზი არ ყოფილა. პირველ ორ წუთში 7500 საგანი დარეგისტრირდა“, - განაცხადა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ტარიელ ზარანდიამ.

თსუ-ის სტუდენტებს, რომლებიც აკადემიურ წელს იღებენ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა თუ სხვა მიზეზის გამო, ხშირად უწევთ დამატებითი სასწავლო სემესტრის ან წელის დამატება, რადგან სწავლის გაგრძელების შემდეგ კონკრეტულ სემესტრში ვერ ახერხებენ ზოგიერთი ძირითადი საგნის აღებას, რომელიც სხვა საგნების წინაპირობაა. ეს პრობლემა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა გიგა აბულაძემ აღნიშნა: „საზღვარგარეთ ვიყავი, რის გამოც ერთი სემესტრი აკადემიური მქონდა აღებული. აქ სწავლა მეორე კურსიდან განვაგრძე. ამ სემესტრში უნდა გამევლო საგანი, თუმცა სასწავლო ბაზაში არ გამიხსნა დასარეგისტრირებლად. როგორც სპეციალისტებმა ამიხსნეს, ამის გამო ერთი სასწავლო წლის დამატება დამჭირდება. დამატებით სემესტრში კი სახელმწიფო დაფინანსება არ გრძელდება. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, რომ არ მომიწიოს დამატებითი სემესტრის გავლა“.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას ინფორმაციით, ადმინისტრაციამ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ქმედებები უკვე განახორციელა.

„სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არის საგნები, რომლებიც მხოლოდ გაზაფხულის, შემოდგომის ან ორივე სემესტრში იხსნება. ეს პრობლემა, რომელიც თქვენ წამოჭერით, სხვა სტუდენტებსაც აქვთ. ამიტომ, სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელებს უკვე შევუთანხმდი და ყოველ სემესტრში სულ ცოტა 120-125 კრედიტი დაემატება და სტუდენტები შეძლებენ საგნებზე დარეგისტრირებას, აღარ მოუწევთ დამატებითი სემესტრის აღება. რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს საგანს, თუ რამდენად შესაძლებელია ორივე სემესტრში იყოს, საჭიროა კონსულტაციის გავლა ხარისხის სამსახურთან და პროგრამის ხელმძღვანელთან. ასევე, სპეციალისტებს უკვე მივეცი დავალება, ამოკრიბონ სავალდებულო საგნები, რისი გავლაც მეშვიდე-მერვე სემესტრელებს სჭირდებათ, რომ სტუდენტებმა დამატებით სემესტრში ზედმეტად თანხა არ გადაიხადონ“, - აღნიშნა თამარ დოლბაიამ.

თსუ-ის რექტორმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული პრობლემების მიზეზები განმარტა. მისი განცხადებით, ამის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, დეკანის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლების ყოფნა გახლდათ.

„სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე წლების განმავლობაში დაგროვდა პრობლემები. დიდი ნაწილი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ფაკულტეტს არ ყავდა დეკანი. 6 თვის ვადით მოვალეობის შემსრულებლები ინიშნებოდნენ, რაც ძალიან მცირე დროა ვითარების გასაუმჯობესებლად. რამდენიმე თვეა ფაკულტეტმა აირჩია პროფესორი თამარ დოლბაია დეკანის თანამდებობაზე. მას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის წესრიგში მოსაყვანად.

აუცილებელია, რომ სტუდენტებმა შეგვატყობინონ პრობლემების შესახებ. პროფესორთა გაცდენას რაც შეეხება, უნივერსიტეტში არსებობს ეთიკის კომისია, რომელიც მსგავს საკითხებს წყვეტს. ამა თუ იმ დარღვევის შესახებ კომისია იმსჯელებს და მისი დასკვნის შესაბამის სადამსჯელო ღონისძიებებს გავატარებთ“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

თსუ-ის ინფრასტრუქტურის პრობლემა

სტუდენტებმა თსუ-ის შენობების, აუდიტორიების გარემონტების პრობლემაც წამოჭრეს. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი ირაკლი გაბიტაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა: „აღსანიშნავია II კორპუსის 48 აუდიტორიის პრობლემა. განათლება ასოცირდება სინათლესთან, თუმცა როდესაც ამ აუდიტორიაში შედიხარ, საპირისპირო ვითარებაა. გასარემონტებელია, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია – სიბნელეა, ფანჯარა არ იღება... ვფიქრობ, გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ინგლისურის ლექციები გვიტარდება აუდიტორიაში, სადაც, თუ მთელი ჯგუფი ესწრება, ორი სტუდენტი ფეხზე რჩება. ვფიქრობ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მაჩვენებელიცაა, ამიტომ მაქვს კითხვა - ხომ არ იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტები ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად?“.

სარემონტო სამუშაოების განხორციელების სირთულეებზე თსუ-ის რექტორმა ისაუბრა. საკითხის განხილვისას ვლადიმერ პაპავამ განმარტა, რომ სახელმწიფო დაფინანსების გარეშე უნივერსიტეტის ბიუჯეტი ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვერ გაწვდება, თუმცა სხვადასხვა პროექტისა თუ ხელშეკრულების საფუძველზე გარკვეული სარემონტო სამუშაოები ხორციელდება. მაგალითად, თსუ-ში სან-დიეგოს უნივერსიტეტის შემოსვლის შემდეგ პარტნიორმა უმაღლესმა სასწავლებელმა II და XI კორპუსებში ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა გაარემონტა.„მივესალმები თქვენს დამოკიდებულებას უნივერსიტეტის მიმართ. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომაც უნდა აიღოს. დღეს ერთადერთი შემოსავალი სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის საფასურია. გამოსავალი სახელმწიფო დაფინანსების მიღებაა. მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ უნიკალური ქვეყანა ვართ, ევროპულ ქვეყნებში უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების დაახლოებით 40 პროცენტს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა შეადგენს. ჩვენთან კი გახლავთ – ნული. ამ საკითხზე ვმუშაობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, გვპირდებიან დაფინანსების სქემის შემუშავებას, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ჩვენ მოვახერხეთ და თსუ-ის III კორპუსის გასარემონტებლად თანხა მივიღეთ, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ვაპირებთ, ასევე, მედიცინის ფაკულტეტის კორპუსის გარემონტებას, სადაც საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა.

ამჟამად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მივიღოთ დაფინანსება II კორპუსის პერიმეტრის გასარემონტებლად. მთლიანი რემონტი ძვირი – 50 მილიონი ლარი ჯდება. ასეთი თანხის გამოყოფა უნივერსიტეტისთვის წარმოუდგენელია. არ მინდა გეგონოთ, რომ სტუდენტების მიერ გადახდილი თანხით არაფერს ვაკეთებთ. X კორპუსში გამოიცვალა ფანჯრები, იქაც საკმაოდ სავალალო მდგომარეობა იყო. II კოპრუსის 48 აუდიტორიის პრობლემაზე დიდი ხანია საუბრობენ და ვგეგმავთ მის გარემონტებას.

თსუ-ის ხელმძღვანელობა სტუდენტების ხედვას უნივერსიტეტის როლთან დაკავშირებით სრულიად იზიარებს და ეს გვაერთიანებს. გასულ წლებთან შედარებით, დღეს, განათლებაზე ბევრად მეტი რესურსი იხარჯება, მაგრამ იმდენი შენობაა წესრიგში მოსაყვანი, ბუნებრივია, ეს თანხები საკმარისი არ არის. მთავარია, რომ სტუდენტის მოტანილი ფული უნივერსიტეტის დაფინანსების მთავარი კომპონენტი არ იყოს. აუცილებელია საბიუჯეტო დაფინანსება. ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ რამეს, ვითხოვთ იმას, რაც ევროკავშირის ქვეყნებშია“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

თსუ-ის რექტორმა, ასევე, ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის შენობების მდგომარეობასა და გარემონტებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

უკმაყოფილება ემერიტუსი პროფესორების ლექციების გამო

იმ პროფესორებს, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და, ზოგადად, მეცნიერებაში დიდი დამსახურება აქვთ, ფაკულტეტის წარდგენითა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ემერიტუს პროფესორის სტატუსი ენიჭებათ. მათი კვალიფიკაციისა და ცოდნის საჭიროებიდან გამომდინარე, ისინი უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვას აგრძელებენ. თუმცა, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, სტუდენტების ნაწილი უკმაყოფილოა.

„მინდა, იმ პრობლემურ საკითხს შევეხო, რომელიც წლებია არსებობს და რომლის გაჟღერებასაც ადმინისტრაცია უფრთხის. იურიდიულ ფაკულტეტზე ვისაუბრებ. იმ პროფესორებთან, რომლებსაც ემერიტუსის სტატუსი აქვთ (ასაკოვნები არიან და უნივერსიტეტის მიტოვება უჭირთ), სტუდენტებისთვის საგნის გავლა წამგებიანია, ვინაიდან აქვთ სწავლების ძველი მეთოდები, ნაკლები ენერგია და კონტაქტი სტუდენტებთან. შესაბამისად ასე ხდება - შემოთავაზებული 3-4 ლექტორიდან ადგილები რჩება მხოლოდ ემერიტუსის სტატუსის მქონე პედაგოგთან და სტუდენტთა ნაწილი იჩაგრება. იქნებ დავარეგულიროთ ეს საკითხი და ახალგაზრდა პროფესორებს მიეცეთ საშუალება - მათი ადგილი დაიკავონ“, - განაცხადა იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ.

აღნიშნულ მოსაზრებას იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თამარ ზარანდია გამოეხმაურა.

„სავალდებულო საგნის შემთხვევაში სტუდენტებს არჩევანის საშუალება აქვთ - ვთავაზობთ 4 ან 5 პროფესორს. ამ პროცესში სრულად ვარ ჩართული. ყოველთვის არის ადგილი ემერიტუსთან და სხვა პროფესორებთანაც. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა - ჯგუფი მცირერიცხოვნობის გამო დავხურეთ, შემდეგ კი მოვიდა სტუდენტების ნაწილი და აღდგენა გვთხოვა. ემერიტუსები კვალიფიციური და ღვაწლმოსილი პროფესორები არიან, მართლაც თავდაუზოგავად შრომობენ უნივერსიტეტისთვის. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ სტუდენტებს თავს ვახვევთ. ყოველთვის დგება პარალელური ჯგუფები, სადაც მათ დარეგისტრირება შეუძლიათ“, - განაცხადა თამარ ზარანდიამ.

თსუ-ის რექტორის რეკომენდაციით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ემერიტუს პროფესორებთან დაკავშირებით დიალოგი გაგრძელდება.

დასაქმების პრობლემა

თსუ-ის ხელმძღვანელობისა და სტუდენტების შეხვედრაზე ხარისხიანი განათლების მიღებისთვის აუცილებელი საკითხების გარდა, განათლების მიღების შემდეგ კურსდამთავრებულთა დასაქმებაზეც ისაუბრეს. პრიორიტეტულია თუ არა და რას აკეთებს სახელმწიფო კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების ათვისებისთვის - ამის შესახებ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის დოქტორანტმა ნანა ტოხვაძემ ისაუბრა: „მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუ რამდენად ვალდებულად თვლის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები დააფინანსოს, მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია - რა პასუხისმგებლობას იღებს იგი პროფესიონალი კადრების დასაქმების კუთხით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბევრი წარმატებული ახალგაზრდა ამთავრებს. იქნებ შესაძლებელია რაიმე თანამშრომლობის გზის გამონახვა და მათ დასაქმებაზე ზრუნვა“.

„ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც მხოლოდ ჩვენთან არ არის. ანალოგიური პრობლემა სხვა ქვეყნებშიც არსებობს. როდესაც დოქტორანტურაში სწავლობს სტუდენტი, გასაგებია, იგი სამეცნიერო ან აკადემიურ სფეროში გეგმავს მოღვაწეობის გაგრძელებას. თქვენი სპეციალობის მიმართულებით, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ზრუნავს ახალგაზრდა მკვლევრების დასაქმებაზე. გარდა ამისა, თსუ-ში არსებობს პოსტდოქტორანტურის საფეხური. ჩვენ ახლაც გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული რამდენიმე კურსდამთავრებულთან. ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ არ დავკარგოთ კვალიფიციური კადრები“, - უპასუხა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ.

პოსტდოქტორანტურის საფეხურზე მოსახვედრად კონკურსი ტარდება. შედეგად, 5 საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევარი 2 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო მუშაობას გააგრძელებს. მათი საქმიანობა ანაზღაურებადია.

„მსოფლიოს უნივერსიტეტებში პოსტდოქტორანტურა დიდი ხანია არსებობს. საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში პირველად ჩვენ შემოვიღეთ, არც ერთ უმაღლეს სასწავლებელს ეს არ გააჩნია. ამჟამად, მთავრობა მუშაობს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შესახებ ჩანაწერი შეიტანოს. შარშან მივიღეთ 4 პოსტდოქტორანტი, წელს კონკურსის გამოცხადებას 7 ადგილზე ვაპირებთ. ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ ქვეყნის მასშტაბით რა ხდება. ხოლო საუნივერსიტეტო რესურსის გათვალისწინებით საუკეთესო სტუდენტებს დოქტორანტურაში უფასოდ სწავლას ვთავაზობთ, სადოქტორო ნაშრომს საუკეთესოდ ვინც დაიცავს, მათ შეუძლიათ თსუ-ში პოსტდოქტორანტურის ფარგლებში კიდევ 2 წელი კვლევა გააგრძელონ“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.