შალვა ნუცუბიძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგინება

25 აპრ 2019

გოგი გოგოლაშვილი: მისასალმებელია, როდესაც პუბლიცისტური ნარკვევების თავმოყრით მდიდრდება ჩვენი უნივერსიტეტის დიდი და ლამაზი ისტორია, რომლის შეხსენებაც, თავისთავად, საჭირო და აუცილებელია

„დროა, ჩვენი უნივერსიტეტის დიდი დამაარსებლები, რომლებმაც დიდი პერიპეტიები გამოიარეს და ხშირად უსამართლობის მსხვერპლნი იყვნენ, „აუდიტორიებში დავაბრუნოთ!“ ისტორია ხელახლა უნდა გაცოცხლდეს! ჩვენი ვალია - მომავალ თაობებს გზა გავუკვალოთ და გავმართოთ ისეთი ღონისძიებები, სადაც უნივერსიტეტის დამაარსებლებსა თუ ღვაწლმოსილ მეცნიერებზე ფილმების ჩვენება, მათზე წიგნების პრეზენტაციები და საუბრები იქნება. სამწუხაროდ, დიდი ხნის მანძილზე ამ კუთხით გარკვეული წყვეტა იყო და ეს ნაკლოვანი მხარე უნდა გამოსწორდეს, ამისთვის კი ბევრი მუშაობაა საჭირო... ამიტომ ამაღელვებელი და დასაფასებელია გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ შემოქმედებითი ჯგუფის ინიციატივა - კიდევ ერთხელ უკვდავყოთ მათი სახელები...“ - განაცხადა თსუ-ის პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ 17 აპრილს თსუ-ის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში გამართული წიგნის („თავისუფლება ერთი პირობით“ - შალვა ნუცუბიძე - 130) პრეზენტაციაზე. 
წიგნის შემდგენელი და რედაქტორია ნინო კაკულია; სარედაქციო საბჭოს წევრები არიან მაია ტორაძე, მანანა ჯურხაძე და თამარ ჩიხლაძე; კომპიუტერული უზრუნველყოფა ეკუთვნის ზაზა გულაშვილს. 
პრეზენტაციაზე წიგნის მნიშვნელობაზე თსუ-ის პრორექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ ისაუბრა: „ჩემი აზრით, საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე სრულიად ზედმეტია აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის როლსა და ღვაწლზე საუბარი. მრავალმხრივი იყო მისი მოღვაწეობა: მის სახელს უკავშირდება ქართული ფილოსოფიური სკოლის დაფუძნება, რომელიც დღესაც ძლევამოსილად აგრძელებს გზას. საგულისხმოა, რომ შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავი თსუ-ში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა და ამ მოვლენას ეძღვნება ეს წიგნიც, რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი შინაარსით. წიგნში შესული სტატიების ავტორები არიან ფილოსოფიის დარგის ცნობილი მოღვაწეები და თსუ-ის პროფესორები: გურამ თევზაძე, რისმაგ გორდეზიანი, ნატალია ორლოვსკაია, ირაკლი ბრაჭული, აკაკი ყულიჯანაშვილი და სხვები. ვულოცავ უნივერსიტეტის გაზეთის რედაქციას, განსაკუთრებით ნინო კაკულიას და საუნივერსიტეტო საზოგადოებას წიგნის გამოცემას. ყველა ჩვენგანის ვალია - უკვდავყოთ შალვა ნუცუბიძის სახელი, რათა მომავალმა თაობებმა იცოდნენ - ვინ იყო შალვა ნუცუბიძე და რა როლი მიუძღვის მას ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მეცნიერების განვითარებაში“, - აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ. 
აღსანიშნავია, რომ კრებულში შალვა ნუცუბიძის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები წიგნის შემდგენელს მეცნიერის შვილებმა: თამარ და თამაზ ნუცუბიძეებმა მიაწოდეს. პრეზენტაციაზე პროფესორმა თამარ ნუცუბიძემ სახელოვანი მამა კიდევ ერთხელ გაიხსენა: „მიზეზი, რამაც დღეს გაგვაერთიანა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა, რადგან რაც მამას უკავშირდება - მნიშვნელოვანია. შალვა ნუცუბიძეს მრავალფეროვანი და ელვარე ცხოვრება ჰქონდა. ეს წიგნი მოიცავს მისი ცხოვრების ყველა ასპექტს - დაწყებული მისი ახალგაზრდობიდან სიცოცხლის ბოლომდე, ყველა იმ პერიპეტიებით, რაც მან გამოირა... აქ დამსწრე საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ მის მიერ განვლილი გზა დიდი სირთულეებისგან შედგებოდა, რაც გამოვლინდა არა მარტო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ, არამედ პირად ცხოვრებაშიც. მიუხედავად ამისა, მამა ძალიან ძლიერი და განსაკუთრებული პიროვნება იყო. იგი არასდროს არ ქმნიდა ოჯახში პრობლემას... მის გვერდით ცხოვრება ზეიმი იყო. საკმაოდ დიდი ვიყავი, როდესაც გავიაზრე, რომ მას რთული ცხოვრება ჰქონდა“, - აღნიშნა თამარ ნუცუბიძემ, რომელმაც პატარა „ოჯახური საიდუმლოებებიც“ გაანდო დამსწრე საზოგადოებას. 
„მამამ ოჯახი გვიან შექმნა, თითქმის 60 წელს მიღწეულმა ცოლად შეირთო 29 წლის ქალი და, თქვენ წარმოიდგინეთ, დედა უფრო ეჭვიანობდა მამაზე, რადგან იგი ქალების ყურადღებას სულ იმსახურებდა. მამა სრულიად განსხვავდებოდა „ჩვეულებრივი“ საბჭოთა მეცნიერებისაგან... გატაცებული იყო ნადირობით, იყო კარგი თამადა... მიხეილ ჯავახიშვილის იუბილეზე რომ ითამადა, მეორე დღეს მთელი თბილისი საუბრობდა ამის შესახებ.
იგი ბუნებით შეუპოვარი ადამიანი იყო. ცნობილია სტალინთან მისი შეხვედრა, პოლიტიკური გამოსვლები... მისი ქმედება ხშირად გმირობის ტოლფასი იყო. მან პირადი, ოჯახური ტრაგედიებიც გადაიტანა: ვაჟის და შვილიშვილის დაკარგვა, შემდეგ პატიმრობა, აკადემიიდან გარიცხვა და სხვა, მაგრამ სიცოცხლისადმი სიყვარული მასში ვერაფერმა ჩაახშო... მისი საქმიანობა არ იყო დამოკიდებული თანამდებობებზე თუ სკამზე - სულ სხვა მიზნით ცხოვრობდა. ჩემი აზრით, ძალიან დაგვიანდა შალვა ნუცუბიძის აღიარება... მართალია, მოგვიანებით მისი რეაბილიტაცია მოხდა და დააბრუნეს უნივერსიტეტში, მაგრამ ეს არ იყო რეალური რეალიბიტაცია - ლექციები მაინც არ მისცეს, მთელი თაობები დატოვეს ასეთი დონის ლექტორის გარეშე... ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ აუდიტორიაში არ შეუშვეს, მისთვის არც იუბილე გადაუხდიათ მაშინ, როდესაც საბჭოთა პერიოდში იუბილეების ბუმი იყო... პირველი რექტორი გახლდათ როინ მეტრეველი, რომელმაც მისი სახელობის აუდიტორია გახსნა. 30 წლის გასვლა გახდა საჭირო, რომ აუდიტორიას მისი სახელი მინიჭებოდა. სასიამოვნო ფაქტია, რომ მოგვიანებით საერთაშორისო კონფერენციით აღინიშნა მისი იუბილე, მერაბ კოკოჩაშვილმა ფილმიც გადაიღო და ორი წიგნი გამოიცა: მუზეუმის ინიციატივით და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორის ნინო კაკულიას თაოსნობით, რომელმაც შეძლო შალვა ნუცუბიძის ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრების კარგად წარმოჩენა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში შეიძლება დაიწეროს წიგნი, რომელშიც კიდევ ბევრ სიახლეს გაეცნობა მკითხველი“, - განაცხადა თამარ ნუცუბიძემ. 
უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებელზე კრებულის გამოცემისთვის შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადა გოგი გოგოლაშვილმა, რომელმაც შალვა ნუცუბიძის პიროვნებაზე ისაუბრა: ,,გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ თითოეული ნომრით ივსება და იწერება ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია. ამის პარალელურად, იქმნება კინო-ისტორია, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს საზოგადოებაში. ამასთან, მისასალმებელია, როდესაც პუბლიცისტური ნარკვევების თავმოყრით მდიდრდება ჩვენი უნივერსიტეტის დიდი და ლამაზი ისტორია, რომლის შეხსენებაც, თავისთავად, საჭირო და აუცილებელია. შალვა ნუცუბიძე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვიზეც ილია ჭავჭავაძე იტყოდა (და მან ეს სიტყვები დავით აღმაშენებელზე თქვა), რომ ასეთი ადამიანები არა მხოლოდ თავიანთი საქმეების გახსენებით, არამედ მათი სახელის ხსენებითაც გვწვრთნიან და გვზრდიანო. მადლობა იმისთვის, რომ ასეთი წიგნები გამოდის და ასეთ ისტორიებს შეგვახსენებენ. სასიამოვნოა, რომ ამ წიგნს ახალგაზრდებიც გაეცნობიან“, - აღნიშნა გოგი გოგოლაშვილმა. 
წიგნის შესახებ თავისი მოსაზრება საზოგადოებას თსუ-ის პროფესორმა გიორგი ოთხმეზურმაც გაუზიარა: „შალვა ნუცუბიძე იმდენად დიდი მეცნიერი იყო, რომ, როდესაც მისი დაჭერა უნდოდათ, წითელი პროფესურა და კომკავშირლებიც კი წერდნენ: დღეს, სამწუხაროდ, მისი შემცვლელი არ გვყავს და ამიტომ ცოტა ხანს კიდევ უნდა ავიტანოთო. იგი დაჭერილიც იყო, მაგრამ, როგორც პიროვნება, არ გატეხილა და ღირსეულად გააგრძელა ცხოვრება. მადლობა ამ წიგნის შექმნისთვის... იმედია, უნივერსიტეტის სხვა დამაარსებლებზეც ვიხილავთ ასეთ კრებულებს“, - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა. 
პრეზენტაციას სტუდენტებიც დაესწრნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს: „დღეს, როდესაც ასე თვალშისაცემია პატრიოტული სულისკვეთებისა და ეროვნულ-კულტურული ფასეულობების დაკნინების მცდელობა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მეცნიერების ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა და დაფასება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თსუ-ის ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობა და საზოგადოება ინფორმირებული იყოს ასეთი მეცნიერების თაობაზე“, - განაცხადა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გაბაშვილმა. 
როგორც წიგნის - „თავისუფლება ერთი პირობით“ - (შალვა ნუცუბიძე - 130) A Nრედაქტორმა ნინო კაკულიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, სამომავლოდ უნივერსიტეტის დამაარსებლებზე სხვა კრებულების გამოცემაც იგეგმება. უახლოეს მომავალში ივანე ბერიტაშვილისადმი მიძღვნილი კრებულიც გამოიცემა.