საუკუნის ქართველი ებრაელი

25 აპრ 2019

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქმნიან ეპოქას - რადგან ისინი „სხვანაირები“ არიან - სწორედ ასეთი იყო ჯემალ აჯიაშვილი, რომელმაც, უდავოდ, დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებისა და ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. მისი ცხოვრება და შემოქმედება სამაგალითოა, რაც ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ახალგაზრდობა აქტიურად ჩაერთო და არამეისტიკისა და ებრაისტიკის დარგის მიმართ მათი დაინტერესება იზრდება“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიების გახსნაზე.

თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, ჯემალ აჯიაშვილმა განუზომლად დიდი როლი შეიტანა XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ესთეტიკური აზროვნების განვითარებაში. მისი მთარგმნელობითი და პოეტური მოღვაწეობა ქართული კულტურის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური, რომელმაც ქართულ-ებრაული ურთიერთობების საქმეში ჯემალ აჯიაშვილის წვლილზე ვრცლად ისაუბრა:
„ფასდაუდებელია ის ღვაწლი, რომელიც ჯემალ აჯიაშვილმა შეიტანა ქართველი და ებრაელი ერების კულტურული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჯემალ აჯიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს კულტურის საკითხებში საქართველოს დესპანი იყო. მან მთელი თავისი მოღვაწეობა ამ ორი უძველესი ერის ურთიერთობას მიუძღვნა. მან ებრაული პოეტური კლასიკის თარგმანებით გაამდიდრა ქართული პოეზია. იგი ორივე ქვეყნის ღირსეული შვილი იყო. გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და გამორჩეული ზნეობის ადამიანი მუდამ დაფასებული იქნება როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში მის ხსოვნას ღირსეულ პატივს მიაგებენ“, - განაცხადა ელჩმა.  
კოლეგა და მეგობარი აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გოჩა ჯაფარიძემ გაიხსენა: „საქართველოში, ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ამდენი პრემია და ჯილდო აქვს მიღებული. მას ბევრი საქმე დარჩა დასამთავრებელი. ჩვენი და მომავალი თაობების ვალია, გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, - აღნიშნა გოჩა ჯაფარიძემ.
მწერალი და მთარგმნელი კიდევ ერთმა მისმა მეგობარმა, ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმაც გაიხსენა: „მე ამაყი ვარ, რომ წილად მხვდა ბედნიერება - ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ მისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე ქართული საზოგადოებისთვის მეუწყებინა, რომ ჯემალ აჯიაშვილი საუკუნის ქართველ ებრაელად დასახელდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ, სულ მალე, ქართულ-ებრაულ ურთიერთობას იუნესკოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება, რაც უპრეცედენტო შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს“, - განაცხადა ჯამლეტ ხუხაშვილმა. 
ჯემალ აჯიაშვილის მოღვაწეობაზე და ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე ისაუბრეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, მწერალმა და მთარგმნელმა გიორგი კაკაბაძემ, თსუ-ის პროფესორებმა: ინესა მერაბიშვილმა, ნაირა ბეპიევამ და სხვებმა.

* * *

იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს თსუ-ის პროფესორებმა და სტუდენტებმა. საინტერესო იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ნაირა ბეპიევას მოხსენება („ჯემალ აჯიაშვილის თარგმანები ოსურიდან“).
„ლიტერატურული ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია თარგმანი, რომელიც ინდივიდუალურ და საერთო მსოფლაღქმებს აახლოებს. ლიტერატურულ თარგმანს თავისი ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. შესაძლოა, ამ ისტორიის ნაწილი იყოს საქართველოში 1974 წელს დაარსებული ორგანიზაცია - მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია, მთარგმნელთა კოლეგია, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა ეთნოსის მწერლებს, პოეტებსა და ფილოლოგებს. შესანიშნავი მთარგმნელი ჯემალ აჯიაშვილი, რომელმაც მსოფლიო პოეზიის ნიმუშები ქართულ ენაზე თარგმნა, სწორედ მთარგმნელთა კოლეგიაში მუშაობდა. ჩემს მოხსენებაში საუბარია ჯემალ აჯიაშვილის მიერ ოსური ენიდან თარგმნილი ოსი პოეტის, „ვეფხისტყაოსნის“ ოსურ ენაზე მთარგმნელის გიორგი ბესთაუთის ლექსებისა და პოემა „ბურღუსტანის“ შესახებ, სადაც ყურადღება გამახვილებულია ორიგინალისა და ნათარგმნის შედარებით ანალიზზე, თარგმანის პოეტურ და მხატვრულ თავისებურებებზე“, - აღნიშნა ნაირა ბეპიევამ.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ჯემალ აჯიაშვილის წიგნების, ხელნაწერებისა და პირადი ფოტოების გამოფენა და დოკუმენტური ფილმის - „ჯემალ აჯიაშვილის“ ჩვენება, რომელიც საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა  თსუ-ის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ასისტენტ-პროფესორმა ნინო გელოვანმა. 
პოეტური თარგმანის კონკურსში გამარჯვებული თსუ-ის სტუდენტი გიორგი ხულორდავა კი ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.

* * *

ჯემალ აჯიაშვილი დაბა სენაკში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა ირანში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად; კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უცხო ენების ინსტიტუტში; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-უცხოური ლიტერატურული ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელი, ასევე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგე, ებრაული სახალხო უნივერსიტეტის რექტორი. ჯემალ აჯიაშვილი იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი, სამი მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის და ებრაულ თემთა ევროკავშირის ორგანიზაციათა წევრი, საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები, ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები და სხვა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წარმატებით დაიდგა მის მიერ ნათარგმნი კარლო გოცის პოემა - ზღაპარი „ცისფერი უკუნეთი“ და ჩიკამაცუს დრამატული პოემა - „შეყვარებულთა თვითმკვლელობა კუნძულის ზეციურ ბაგეზე“. ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობას მან მიუძღვნა ისტორიული ესე - „გაიღვიძე ქნარო!“ - პიესა-მონოლოგი, რომელიც კოტე მახარაძემ დადგა ერთი მსახიობის თეატრში. ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის იგი გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ივანე მაჩაბელის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. ჯემალ აჯიაშვილს გადაეცა „საბა“ საუკეთესო თარგმანისთვის „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“. პოეტი და მწერალი 69 წლის ასაკში ისრაელში გარდაიცვალა.