თსუ-ში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა

25 აპრ 2019

დავით ფრანგიშვილი: ევროპის აკადემია, თბილისის ცენტრის გახსნით, აღიარებს ქართული მეცნიერებისა და კულტურის ევროპულობას.
24 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი სამეცნიერო ჰაბი - ევროპის აკადემიის (Academia Europea) თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დაფუძნების თაობაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიას შორის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. უკვე გაცხადებულია, რომ თბილისის რეგიონული ჰაბი ბიოკულტურული მრავალფეროვნების მიმართულებით იმუშავებს.

Academia Europea-ს თბილისის რეგიონული ცენტრის გახსნას დაესწრნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის აკადემიის პრეზიდენტი სირდ ქლოეთინგი, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დირექტორი დავით ფრანგიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართელოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, 30-ზე მეტი უცხოელი მეცნიერი და თსუ-ის პროფესორები.

Academia Europea-ს რეგიონული ცენტრის გახსნა საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და აკადემიური საკითხია. იგი ხელს შეუწყობს მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული მიღწევების გამოყენებას ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის წარმოებისთვის, საერთაშორისო სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობისთვის, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევების, ცოდნისა და განათლების წახალისებისთვის.
თბილისის ცენტრი მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია. თსუ-ში მისი გახსნის გადაწყვეტილება Academia Europea-ს მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში გასულ წელს ყოველწლიურ შეკრებაზე ერთხმად მიიღეს.
უნდა ითქვას, რომ Academia Europea-ს წევრი არაერთი ქართველი მეცნიერია. პირველი მათ შორის იყო აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, მასთან ერთად ევროპული აკადემიის წევრები არიან გიორგი შარვაშიძე, დავით ფრანგიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ზაალ კოკაია და მერაბ კოკაია. საპატიო წევრია მიხეილ ჩხენკელი. თბილისის რეგიონული ცენტრის დირექტორად არჩეულია ცნობილი ქართველი მეცნიერი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ვირუსოლოგი დავით ფრანგიშვილი, რომელიც ამჟამად პასტერის ინსტიტუტის (პარიზი, საფრანგეთი) პროფესორია.
Academia Europea-ს თბილისის რეგიონული ცენტრის გახსნისა და თსუ-სა და ევროპის აკადემიას შორის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ცენტრის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნორვეგიის, ბრიტანეთის, ესპანეთისა და პოლონეთის შემდეგ, საქართველო არის მეხუთე ქვეყანა, სადაც ეს ცენტრი იხსნება. მთავარი და გამორჩეული ნიშა, რომელსაც თბილისის ცენტრი დაიკავებს, იქნება ბიოკულტურული მრავალფეროვნების კვლევები, რომლითაც ჩვენს რეგიონს შეუძლია განსაკუთრებული სიტყვა თქვას მსოფლიო მეცნიერებაში. მისი თქმით, ჰაბის წარმომადგენლობა გაიხსნება თსუ-ის ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. აქ იმუშავებს ახალგაზრდა პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც ქართველ მეცნიერებს საერთაშორისო კავშირების დამყარებასა და მსოფლიო სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაციაში დაეხმარება. „Academia Europea-სთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს „ახალგაზრდა აკადემია“. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოშიც გაიხსნას ანალოგიური ჰაბი, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერებს დაეხმარება და საშუალებას მისცემს - უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კვლევებსა და პროექტებში, რომლებსაც ევროპული გაერთიანება უჭერს მხარს“, - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დირექტორი, პროფესორი დავით ფრანგიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ევროპის აკადემია, თბილისის ცენტრის გახსნით, აღიარებს ქართული მეცნიერებისა და კულტურის ევროპულობას. „ქართული სამეცნიერო აზროვნება იმ დროიდან, რაც კოლხურ-იბერიული კულტურა ბერძნული არეალის შემადგენელი ნაწილი გახდა, ვითარდებოდა ევროპის სამეცნიერო აზროვნებასთან ერთად და, ზოგ შემთხვევაში, უსწრებდა კიდეც მას. ნიშანდობლივია, რომ ევროპის აკადემიის საქართველოს განყოფილება ასოცირებულია თსუ-სთან, რომელმაც ერთი საუკუნის წინ საფუძველი დაუდო ახალ ერას ქართული მეცნიერების ისტორიაში და გააცოცხლა ქართველი ერის ისტორიულ მეხსიერებაში შენახული სამეცნიერო აზროვნების ტრადიციები“, - აღნიშნა მან.
დავით ფრანგიშვილმა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის გეგმებზეც ისაუბრა და სამეცნიერო საზოგადოებას ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომელზეც ცენტრი იმუშავებს: „Academia Europea-ს ყველა განყოფილებას აქვს თავისი სპეციფიკური მისია ევროპული მეცნიერების განვითარებაში. ქართული მეცნიერების ტრადიციებისა და კავკასიის რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ჩვენი განყოფილების ფოკუსი იქნება ბიოკულტურულ მრავალფეროვნებაზე, რათა მან ხელი შეუწყოს ბიოლოგიური, ეკოლოგიური, კულტურული, ლინგვისტური მრავალფეროვნების კომპლექსურ შესწავლას. ასეთ კვლევას, ბიოლოგიური და ეკოლოგიური ურთიერთობების გამოვლინებას და მათ ანალიზს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო წლებში და უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ამ მრავალფეროვნების შენარჩუნება აუცილებელია კაცობრიობის მომავლისთვის. ეს მიმართულება საშუალებას იძლევა, რომ ქართული მეცნიერების მრავალი დარგის მიღწევა განხილული იყოს ერთ კონტექსტში და ამით იმპულსი მიეცეს მეცნიერებათა ამ დარგების განვითარებას, უკვე ევროპული მეცნიერების სივრცეში. ჩვენ ვიმუშავებთ სხვადასხვა ქვეყნების განათლების და მეცნიერების კერებთან და ამით ბიოკულტურული კვლევის არეალს გავავრცელებთ. მეტად გვექნება კონტაქტი სომხეთისა და აზერბაიჯანის მეცნიერებთან, მაგრამ არეალი ამ საზღვრებსაც გასცდება და ევროპისკენაც წავალთ“, - თქვა დავით ფრანგიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ თბილისის ცენტრის აქტივობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიოკულტურული მრავალფეროვნებით. ცენტრი ხელს შეუწყობს მეცნიერების ყველა დარგის განვითარებას.
ევროპის აკადემიის პრეზიდენტმა სირდ ქლოეთინგმა ისტორიული უწოდა ამ დღეს და საზოგადოებას მოკლედ მოუთხრო ორგანიზაციის დაარსების ისტორიისა და მიზნების შესახებ: „1988 წელს, როდესაც ევროპაში პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობდა, მეცნიერთა ჯგუფმა იფიქრა, რომ ევროპას სჭირდება აკადემია. დღეს ამ გადაწყვეტილებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. აკადემია 4000 წევრს ითვლის მეცნიერების ყველა დარგიდან და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეცნიერების განვითარებაში. ძალიან ბევრი მკვლევარი შედის მასში და გვაქვს ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც უკვე საქართველოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. დავრწმუნდით, რომ ქართველი მეცნიერების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ჩვენ ველით და უკვე ვხედავთ ჩვენს საერთო მომავალს. დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და, განსაკუთრებით, რექტორს - ბატონ გიორგი შარვაშიძეს“, - ბრძანა ევროპის აკადემიის პრეზიდენტმა.
რეგიონული ცენტრის გახსნის მნიშვნელობასა და საქართველოს მთავრობის ამ პროექტისადმი მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. გამოსვლაში მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ხელისუფლების პრიორიტეტულ არჩევანს - შემდეგი ათწლეულის განმავლობაში თავისი შიდა პროდუქტის 6% მიმართოს განათლებისკენ. „ამ რეფორმაში მეცნიერებას აქვს განსაკუთრებული როლი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ იმ პოტენციალის 2-3 %-საც ვერ ვიყენებთ, რომელიც საქართველოში და მეცნიერებაში გვაქვს. ამასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგია გახლავთ ის, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და ლიდერი, ბუნებრივია, მხოლოდ განათლებასთან ერთად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ღონისძიებაზე დამსწრეებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვა გააცნეს: „მივესალმები მეცნიერების სფეროში ავტორიტეტული გაერთიანების - ევროპის აკადემიის გახსნას. ამ საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის გახსნა არის დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი ევროპული სტანდარტის სამეცნიერო კვლევების განხორციელებისთვის. თსუ-ში მოღვაწეობდნენ მსოფლიო დონის მეცნიერები და ამ სამეცნიერო ტრადიციების გაცოცხლება უმნიშვნელოვანესია. განათლება არის უმთავრესი იარაღი განვითარებისთვის. მრავალმხრივი კვლევები რეგიონის შესახებ და ამ ცოდნის გაზიარება - სწორედ ეს არის მომავალზე ორიენტირებული ხედვა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება რეგიონის სიღრმისეულ კვლევაში ევროპული თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის გახსნის მონაწილეებს, ასევე, მიესალმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო ცენტრის გახსნის პროცესში. „გუშინ საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პირველი მოსმენით გავიდა კანონპროექტი საბიუჯეტო კოდექსის შეცვლის შესახებ, სადაც გაჩნდება ჩანაწერი, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი მიემართება განათლებაზე. რეფორმები დაგეგმილია ყველა დონეზე და, ცხადია, მეცნიერებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ რეფორმაში. ვფიქრობ, ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, რაც გულისხმობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რათა უმაღლესი განათლების სფერო და მეცნიერება ევროპული კვლევის და ინოვაციების სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ნიშნავს სწორედ იმას, რომ ჩვენი მეცნიერები უფრო გააქტიურდნენ და უფრო ფართო საერთაშორისო ასპარეზი მიეცეთ. ეს გამოისახება სამეცნიერო გრანტებსა და მობილობებში და, რაც მთავარია, მეცნიერების მეტ კომერციალიზაციაში, რაზეც ჩვენ ასე აქტიურად ვსაუბრობთ“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა ცენტრის გახსნა და აღნიშნა, რომ ეს არის იმ ტრადიციების გაგრძელება, რასაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ ჩაუყარეს საფუძველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით დასრულდა.