რას მოუტანს სტუდენტებს ევროპის სტუდენტთა გაერთიანებაში (ESU) გაწევრიანების პროცედურა?

15 აპრ 2019

საქართველომ ევროპის სტუდენტთა გაერთიანებაში (ESU) გაწევრიანების პროცედურა დაიწყო. მოლაპარაკებებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ ჯავახიშვილი საქართველოს სტუდენტურ ორგანიზაციათა ასოციაციის (სოა) სახელით აწარმოებს. სამუშაო შეხვედრა, სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნების სტუდენტურმა ორგანიზაციებმა საქართველოს ევროპის სტუდენტთა გაერთიანებაში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს, რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში გაიმართა. შეხვედრაზე ევროპელი ახალგაზრდების პრობლემები განიხილეს და ამ პრობლემების გადასაჭრელად სარეკომენდაციო დოკუმენტი შეიმუშავეს. 
ევროპის სტუდენტთა გაერთიანება 1982 წელს დაფუძნდა. იგი ამ დროისთვის 39 ქვეყნის ნაციონალურ სტუდენტურ ორგანიზაციას და 20 მილიონზე მეტ სტუდენტს აერთიანებს. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენელი წელს პირველად მონაწილეობდა. 
რა მნიშვნელობა აქვს და რა პერსპექტივას სთავაზობს ქართველ სტუდენტებს ESU-ში გაწევრიანება? - გვესაუბრება სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ ჯავახიშვილი.

- თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გასულ წელს დააანონსა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავდა. თქვენ იმყოფებოდით ევროპის სტუდენტთა გაერთიანების შეხვედრაზე, სადაც საქართველოს გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადეს. როგორ მოხდა მათთან დაკავშირება და რამდენად შედეგიანი იყო ეს ვიზიტი?
- თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ამ მოწვევის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, რომ საერთაშორისო ურთიერთობები უფრო მეტად გაგვეღრმავებინა. პირველ რიგში ევროპის სტუდენტთა გაერთიანებას დავუკავშირდით. იდეა თსუ-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ მოგვაწოდა, რომელიც უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ერთ-ერთი რეკომენდაცია სტუდენტების საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვის გააქტიურებას ითვალისწინებდა. როგორც ხედავთ, უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ყველანაირად ვეცდებით, რომ საქართველო ევროპის სტუდენტთა გაერთიანების წევრი გახდეს.
- კონკრეტულად რას საქმიანობს ევროპის სტუდენტთა გაერთიანება?
- ევროპის სტუდენტთა გაერთიანებაში 39 სახელმწიფოს ნაციონალური სტუდენტური ორგანიზაციაა გაწევრიანებული. თითოეულ მათგანს ამ ორგანიზაციაში თავისი წარმომადგენელი ჰყავს. იმართება სამუშაო შეხვედრები; განიხილება სტუდენტების, ზოგადად, ახალგაზრდების საკითხები; მუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც, შემდეგ, როგორც ბოლონიის პროცესის მონაწილე სახელმწიფოებს, ასევე ევროკავშირსა და ევროსაბჭოს ეგზავნებათ. ევროპის სტუდენტთა გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანია სტუდენტური ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა და მათი საქმიანობის წახალისება. იმ სახელმწიფოებს, რომელთაც არ ჰქონდათ მსგავსი ორგანიზაციები ჩამოყალიბებული, ახალგაზრდული ცხოვრების გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციებს არ აძლევდნენ.
- გაწევრიანებისთვის ოფიციალური თანხმობა უკვე მიღებულია. რა ეტაპებია გასავლელი ევროპის სტუდენტთა ასოციაციის წევრობის სტატუსის მისაღებად?
- მათ საქართველოს სტუდენტურ ორგანიზაციათა ასოციაციის (სოა) სახელით ვეკონტაქტებით. პირველ ეტაპზე საბუთებს გადავუგზავნით. ევროპის სტუდენტთა ასოციაციის მომდევნო შეხვედრაზე 3/4 ხმების ოდენობა გვჭირდება, რომ მეზობელი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭონ. მეორე ეტაპზე საქართველოში ESU-ს რამდენიმე შეხვედრა უნდა გაიმართოს. მათი წარმომადგენლები ჩამოვლენ ექსპერტების სტატუსით და შეაფასებენ, რამდენად შეესაბამება მათ სტანდარტებს საქართველოს სტუდენტურ ორგანიზაციათა ასოციაციის მუშაობა. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, გაწევრიანების პროცედურას დაიწყებენ. ევროპის სტუდენტთა ასოციაციის წევრობა გარკვეულ უფლებამოსილებასა და ვალდებულებებს გულისხმობს. აუცილებელია საწევროს გადახდაც. 
- კონკრეტულად რა უფლებამოსილება იგულისხმება?
- გაწევრიანების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ESU-ს პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და, ასევე, ბორდის 5 წევრის არჩევის უფლება. მათ შორის ერთ-ერთი კავკასიის რეგიონის კოორდინატორია. წელს არჩევნებს მაისში გამართავენ და, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წევრები არ ვართ, გამოცდილების მიღების მიზნით, არჩევნებზე დასწრების უფლება მოგვცეს. გაწევრიანების შემდეგ, ასევე, უფლება გვექნება ფინანსების განაწილების პროცესაა და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მივიღოთ. 
- თქვენ ახსენეთ, რომ ევროპის სტუდენტთა ასოციაცია სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტებს ადგენს. რას შეეხება ეს რეკომენდაციები?
- მათი რეკომენდაციები ეხება უმაღლეს განათლებას, ასევე ახალგაზრდების სპორტულ და კულტურულ ცხოვრებას. აანალიზებენ - რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის განათლება, სპორტი, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და ა.შ.; ამა თუ იმ ქვეყანაში რამდენად მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა; რამდენად აქცევს სახელმწიფო ახალგაზრდების ჯანმრთელობას ყურადღებას და რა შეღავათებით სარგებლობენ ისინი. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სტუდენტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სუიციდი ყველაზე ხშირად 16-დან 22 წლამდე ადამიანებში ხდება, ამიტომ რეკომენდაციებს აღნიშნული პრობლემის პრევენციის კუთხითაც გასცემენ. ამ თემაზე ჩვენც დაგვისვეს კითხვები – აინტერესებდათ, რამდენად ზრუნავს სახელმწიფო ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. 
- რეკომენდაციების ადრესატები არიან შესაბამის საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უნივერსიტეტი?
- დიახ! ზოგადად, დოკუმენტები, რომლის გადაგზავნასაც გვთხოვენ, შეეხება ისეთ საკითხებსა და სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უშუალოდ სამინისტროსგან უნდა გამოვითხოვოთ. ამითაც ხაზს უსვამენ, რომ სტუდენტური ორგანიზაციების თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებთან მნიშვნელოვანია. დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ საკუთარ რეკომენდაციებს წარმოგვიდგენენ.
- გარდა რეკომენდაციებისა, თვითონ თუ ახორციელებენ საგანმანათლებლო, სპორტულ ან კულტურულ პროექტებს?
- რა თქმა უნდა, ახორციელებენ საგანმანათლებლო ხასიათის პროექტებს. მათი ოფისი ბრიუსელშია, თუმცა პროექტები სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებში კეთდება. ქვეყნების შერჩევა პროექტების შინაარსიდან გამომდინარე ხდება - რამდენად არის კონკრეტული პროექტი თემატურად ქვეყანასთან დაკავშირებული. რუმინეთის ქალაქი ტიმიშოარაც სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩიეს. სწორედ ამ ქალაქში დაიწყო ანტისაბჭოური გამოსვლები. ევროპის სტუდენტთა ასოციაცია ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, მდგრადი განათლების თემაზე დებატებს და ა.შ.. მათ სურთ, რომ არაწევრი სახელმწიფოების სტუდენტებთანაც დაამყარონ კავშირები და საერთაშორისო სტუდენტური თანამშრომლობის ქსელი გააფართოონ. ღონისძიებების ბოლოს სპეციალური საღამოები იმართება, სადაც სტუდენტები ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების კულტურას აცნობენ. 
- დაახლოებით რა დრო დასჭირდება საქართველოს ევროპის სტუდენტთა ასოციაციაში გაწევრიანებას?
- ვვარაუდობთ, რომ წელიწადნახევარში, თუ ყველა კრიტერიუმს დავაკმაყოფილებთ, საქართველომ წევრის სტატუსი უნდა მიიღოს. 
- რა სარგებელს მოუტანს ევროპის სტუდენტთა ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანება ქართველ სტუდენტებს?
- ევროპის სტუდენტთა ასოციაციაში გაწევრიანება მოგვცემს კიდევ არაერთ გაცვლით პროგრამას. ახლანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, მსგავს პროგრამებში მონაწილეობის საფასური სტუდენტებისთვის იქნება მიზერული. თანამშრომლობას დავიწყებთ სხვადასხვა სახელმწიფოს სტუდენტურ ორგანიზაციებთან. მათთან მემორანდუმების გაფორმება და პროგრამების წამოღება ხელმისაწვდომი გახდება. სტუდენტი, რომელიც ამ ორგანიზაციაში იმუშავებს, მიიღებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, დაგეგმვისა და პროექტების განხორციელების დიდ გამოცდილებას, რასაც შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დანერგავს და სტუდენტური ორგანიზაციების განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის წევრები სისტემატურად ჩამოვლენ საქართველოში, შეისწავლიან არსებულ ვითარებას და რეკომენდაციებს მოგვცემენ. ეს ფაქტორიც, განვითარების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია. მიმაჩნია, ევროპის სტუდენტთა ასოციაციაში გაწევრიანება ნათელს გახდის ქართველი საზოგადოებისთვის, რომ სტუდენტური ორგანიზაციების გაუქმება კი არა, დახვეწა-გაუმჯობესებაა საჭირო.