მარინე ტერრეტა: საქართველოში ყოფნა ძალიან ფერად და ლამაზ ოცნებას ჰგავს

14 აპრ 2019

შვეიცარიელი სტუდენტი მარინე ტერრეტა თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე სტაჟირებას გადის. მარინე ტერრეტამ ლოზანის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა და ამჟამად ჟენევის უნივერსიტეტის გლობალური სწავლების ინსტიტუტის აღმოსავლეთის კვლევების სპეციალობით სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. არის 24 წლის, თუმცა მისი გამოცდილება უკვე საკმაოდ მრავალფეროვანია - იმყოფებოდა კატმანდუსა და ნეპალში, სადაც ორ სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა, საბერძნეთის ჩიოსის რეგიონში ახალგაზრდა დევნილთა განათლებისა და კონფლიქტების მოგვარების პროგრამაში მონაწილეობდა... თუ რატომ ჰგავს საქართველოში მისი ვიზიტი საინტერესო, ლამაზ და ფერად ოცნებას, ინტერვიუდან შეიტყობთ.


- ვინ არის მარინე ტერრეტა?
- საქართველოში ჩამოსვლამდე, ჟენევის უნივერსიტეტში ერთწლიანი სწავლების შემდეგ გაცვლითი პროგრამით თეირანში ვიმყოფებოდი. სტაჟირების პროგრამების დასრულების შემდეგ ვგეგმავ უნივერსიტეტის დამთავრებას და მაგისტრის ხარისხის მოპოვებას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ერთი თვით ვაპირებ დარჩენას. არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში მომდევნო სტაჟირება რამალაში, პალესტინაში მაქვს დაგეგმილი. 3 თვის განმავლობაში ჩემი მთავარი საქმიანობა ქალებისა და ბავშვების მიმართ გამოვლენილ, ძალადობის ყველანაირ ფორმასთან ბრძოლა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა იქნება.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 4 თვის მანძილზე კატმანდუში და ნეპალში ვმუშაობდი, სადაც ინგლისურ ენას ორ სკოლაში ვასწავლიდი და ვცდილობდი - მოსწავლეებს მხატვრული პროექტების შექმნაში დავხმარებოდი. გარდა ამისა, მქონდა შესაძლებლობა შვეიცარიულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საბერძნეთში, ჩიოსის რეგიონში მემუშავა. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდა დევნილთა განათლებისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში აქტიურად ვიყავი ჩართული. 
- რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი საქართველოს მიმართ და რატომ გადაწყვიტეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტაჟირების პროგრამით სარგებლობა?
- ყოველთვის მაინტერესებდა და მინდოდა საქართველოს მონახულება. გარდა ამისა, ამ ქვეყნის მიმართ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ბიძაჩემის ქართულმა წარმომავლობამაც დიდი როლი ითამაშა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი მომცა შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავი არა უბრალოდ ჩამოსული ტურისტი, არამედ ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ საუნივერსიტეტო საქმიანობასა და ცხოვრების რიტმში აქტიურად არის ჩართული. აქამდე სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არ მქონია. შესაბამისად, ეს ყოველივე ახალ გარემოში მოხვედრის კარგი შესაძლებლობა იყო, რამაც ამ მიმართულებით ჩემი კომპეტენციის დონე ერთმნიშვნელოვნად გაზარდა. 
- რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე. რამდენად მოგეწონათ გარემო?
- იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან, ქალბატონ თამარ ზარანდიასთან ურთიერთობა ჩემთვის ნამდვილად საინტერესოა. მან დეტალურად ამიხსნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტრუქტურა, ამ საგანმანათლებლო პლატფორმის შესაძლებლობები, გამოწვევები და უპირატესობები. შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დეტალურად ვიცნობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სამართლის სკოლას და აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას მას სხვადასხვა დაინტერესებულ წრეებში. ქართული სამართალი ევროპული სამართლის რეცეფციის შედეგია და ეს ბევრ სხვადასხვა საკითხში იგრძნობა. ერთთვიანი სტაჟირების ფარგლებში თსუ-ის სამართლის ჟურნალზე ვიმუშავე, ასევე გავეცანი და გავცვალეთ გამოცდილება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური სერვისების განვითარების თვალსაზრისით, ვეხმარებოდი ფაკულტეტს უცხოელ პროფესორებთან დაკავშირებაში. 
გარდა ამისა, დიდი პატივი გახლდათ „დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში~ მუშაობა. მედიაციის პროცესი და თავად დავის მედიაციის გზით მოგვარების კონცეფცია ჩემთვის ახალი მიმართულებაა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დახმარებისა და მაქსიმალური ხელშეწყობისთვის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ ნათია ჩიტაშვილსა და, ასევე, ყველა თანამშრომელს. ამ მიმართულებით ახალი ინტერესი გამიჩნდა და მომავალში ცოდნის გაღრმავებას ვგეგმავ.
- რამდენად მოგეწონათ ქართული კულტურა, წეს-ჩვეულებები, რა იყო თქვენთვის ყველაზე ახალი და უცხო?
- ქართული კულტურის შესახებ გამიგია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საფუძვლიანად ვიცნობდი, ამიტომ ჩემთვის საქართველოში ვიზიტი ძალიან საინტერესო იყო. საქართველო ევროპული ქვეყანაა - ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილება გახლავთ. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. თუმცა, ამავე დროს იგრძნობა აღმოსავლური გავლენაც. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, მისი არქიტექტურა, გარკვეულწილად, ევროპისა და აზიის ნაზავია. იგრძნობა საბჭოთა პერიოდის გავლენაც, თუმცა არის ახალი შენობა-ნაგებობებიც. ამდენად, არქიტექტურა ცოტა ეკლექტური, მაგრამ უნიკალური და საინტერესოა. ჩემი ყურადღება მიიქცია ფართო ბულვარებმა, სიმწვანემ და ძველი თბილისის გასაოცარმა ხედებმა. საქართველოში გასაოცარი ბუნება და ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლია. თბილისი ეთნიკურად მრავალფეროვანია, ერთმანეთის გვერდით გვხვდება ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი, შესაბამისად მულტიკულტურულ შთაბეჭდილებას ტოვებს. შთამბეჭდავია ღვინის კულტურა და იმის გააზრება, რომ ქართველები ღვინოს 8000 წლის წინ ქმნიდნენ. გარდა ამისა, სტუმართმოყვარეობა, ოჯახის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, ეროვნული სამზარეულოს კერძების მრავალფეროვნება და ქართული სუფრის ტრადიცია ჩემთვის სერიოზული სიახლე და აღმოჩენა იყო. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ყოფნა ძალიან ფერად და ლამაზ ოცნებას ჰგავს.