საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა

13 აპრ 2019

ფასკნარას ჩანჩქერი, ჯრუჭის მონასტერი, უზუნთის ტბა, უზუნთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რაჭის ქედი - „დევის ტბა“, მოხვის წმინდა გიორგის ეკლესია, სარეკის ღვთაების ეკლესია, ქვემოხევის მთავარანგელოზის ეკლესია, კურორტი კვერეთი, საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ჭალის ციხე, ბახიოთის პანორამა, პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ არგვეთში და კიდევ სხვა მრავალი ისტორიული ძეგლისა და ღირსშესანიშნაობების ვლევისა და გეოგრაფიული შეფასების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტებმა საჩხერის მუნიციპალიტეტში სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყვეს. 28 მარტს პირველი კორპუსის ფოიეში ფოტოსურათების გამოფენა და „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევის“ ფარგლებში მომზადებული კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. 
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სტუდენტური პროექტის - „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევის“ წარმატებით განხორციელების შემდეგ აქტუალური გახდა ჭიათურის მეზობელი მუნიციპალიტეტების კვლევა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საჩხერის მუნიცილაპიტეტს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელიც სრულად ჯერ არ არის შესწავლილი. სტუდენტების მიერ წარდგენილი პროექტი თსუ-ის მიერ დაფინანსდა, რის შედეგადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ - საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე ეწარმოებინათ საველე კვლევითი სამუშაოები. 
პროექტის კოორდინატორის, გეოგრაფიის დოქტორის, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორის გიორგი დვალაშვილის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის კვლევის მთავარი მიზანი იყო საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი ძეგლების აღრიცხვა და შეფასება - მათი პრაქტიკული მნიშვნელობის შესწავლა და პოტენციალის გამორკვევა: ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, არქეოლოგიური და სხვა. სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ავტორები არიან თსუ-ის გეოგრაფიის და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები: მარიამ ჯაფოშვილი (ხელმძღვანელი), სალომე თაბაგარი, მერი ჩიტიშვილი, დავით დალაქიშვილი, თათია ჩიქოვანი.
პროექტის - „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა“ - ფარგლებში გამოიცა წიგნი: „საჩხერის მუნიციპალიტეტი“, სადაც განხილულია როგორც ამ რეგიონის სოფლების, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლების, XX საუკუნის 50-იან წლებში წარმოქმნილი ნასოფლარების (მოსახლეობა გადაასახლეს: აფხაზეთში, კახეთში, მესხეთში) და ცალკეული ხეობების მიხედვით არსებული საინტერესო ტურისტული ობიექტები.
პროექტის ხელმძღვანელის გიორგი დვალაშვილის თქმით, საკმაოდ პოპულარულია ტურისტებისთვის სა-ექსკურსიო მარშრუტები სხვადასხვა სახლ-მუზეუმის ჩათვლით. „ყველაზე პერსპექტიული არის აქ ტურიზმის განვითარება, როგორც ვიზიტორთა ფართო სპექტრისთვის, ასევე ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვისაც. აქტუალურია ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვისა და პასპორტიზაციის საკითხიც, შემდეგ კი მათი დაცვის თემაც“, - აღნიშნა გიორგი დვალაშვილმა. 
სტუდენტების მიერ წარდგენილი პროექტი თსუ-ის სტუდენტური პროექტების ფარგლებში დაფინანსდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების საველე კვლევა და მიღებული მასალების დამუშავება. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი პროექტების განხორციელება, ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონების უკეთ გაცნობას და ამ რეგიონებში არსებული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას.