სტუდენტების მიერ დაფინანსებულ ჟურნალში კარი ყველასთვის ღიაა

12 აპრ 2019

ეძებენ ყველგან... აკრავენ განცხადებებს თსუ-ის საინფორმაციო კედლებზე, ავრცელებენ სარეკლამო რგოლებს სოციალური ქსელების საშუალებებით... შემდეგ კი, ვინც გამოეხმაურება, მათ შორის საუკეთესოებს არჩევენ, საქმეში აბამენ და თავიანთი მოძიებული ფინანსებით ახერხებენ ჟურნალის გამოცემას... ჟურნალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედება იბეჭდება. ამ ეტაპზე, რაც შეძლეს, ის არის, რომ ორი ნომერი გამოუშვეს. თემატიკა მრავალფეროვანია: პოეზია, პროზა, თარგმანი, ესე, სამეცნიერო სტატიები და პუბლიცისტიკა... ჟურნალი „ანდამატი“ იზიდავს ყველას, ვინც არა მარტო წერს, არამედ ხატავს, გატაცებულია ფოტოგრაფიით... მოკლედ, კარი ყველასთვის ღიაა...

როგორც ჟურნალის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი თორნიკე კანდელაკი ამბობს: „სტუდენტური ჟურნალი „ანდამატი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ლიტერატურული ტრადიციის მოკრძალებული გაგრძელებაა. იგი იბეჭდება ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერით და მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ხმარდება ჟურნალის მომდევნო ნომრის გამოცემას. ჟურნალის მიზანია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების აღმოჩენა, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და ცოცხალი ლიტერატურული გარემოს შექმნა“.
ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაშიც მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები (ილია ცეცხლაძე, გიორგი კახიშვილი და კონსტანტინე წოწორია) არიან. 
„ჟურნალის დაარსების იდეას წინა წლის მარტში ჩაეყარა საფუძველი. უნივერსიტეტში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლობს და, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჯერჯერობით, არ არსებობს ჟურნალი ან რაიმე სპეციალური გამოცემა, სადაც ამ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ - თავიანთი შემოქმედება გააცნონ საზოგადოებას. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს ჟურნალი, რომელიც უკვე მეორედ გამოიცა“, - ამბობს თორნიკე კანდელაკი.
„ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ სტუდენტების აზრი და გავიზიაროთ მათ მიერ შემოთავაზებული იდეები. „კომპეტენტური“ ჟიურიც არ გვყავს. რედკოლეგიის წარმომადგენლებიც პროფესიით ფილოლოგი სტუდენტები არიან. მათ კარგად ესმით მხატვრული შემოქმედების ფასი“, - ამბობს თორნიკე. 
ჟურნალის რედაქტორი თავადაც წერს ლექსებს. მნიშვნელოვანია, რომ პირველად მისი შემოქმედება მან თავისივე ინიციატივით შექმნილი ჟურნალის საშუალებით გააცნო მკითხველს. 
ჟურნალის ერთ-ერთი დამფუძნებელი თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ილია ცეცხლაძე ამბობს, რომ ჟურნალის შექმნის მთავარი მოტივაცია ისიც იყო, რომ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულ ახალგაზრდებს მეტი ასპარეზი ჰქონოდათ და გარკვეული გამოცდილება შეეძინათ. „ჟურნალი თემატურად მრავალფეროვანია. მომავალში, შესაძლოა, სხვა რუბრიკებიც დაემატოს და საზოგადოებისთვის უფრო აქტუალურ პრობლემებსაც შევეხოთ“, - ამბობს ილია ცეცხლაძე. 
ჟურნალის რედაქტორის, თორნიკე კანდელაკის ინფორმაციით, ჟურნალი უკვე პოპულარულია სტუდენტებში და კარგადაც იყიდება. შემოსული თანხით კვლავ მომდევნო ნომერი დაიბეჭდება. „ჩვენ მთლიანად სტუდენტობაზე ვართ ორიენტირებულნი - რჩევებსაც მათგან ვიღებთ და ვცდილობთ, მათი ინტერესები გავითვალისწინოთ. მომდევნო ნომრის გამოცემა მასალების რაოდენობაზე და ფინანსებზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ სტუდენტს ფსევდონიმით სურს მისი შემოქმედება დაიბეჭდოს, რასაც სარედაქციო საბჭო ითვალისწინებს. გვიხარია, რომ ჟურნალის მიმართ ინტერესი სტუდენტების მხრიდან დღითი დღე იზრდება“, - ამბობს თორნიკე კანდელაკი.