დათო ევგენიძის ექსპერიმენტი თსუ-ში

11 აპრ 2019

დათო ევგენიძის ხელოვნების საღამო გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - მუსიკოსის ჩანახატების, ლექსების კრებულის პრეზენტაცია და მუსიკალური პერფორმანსი საფრანგეთში მოღვაწე მულტი ინსტრუმენტალისტ კამილ ჩალაევთან ერთად მოეწყო. უნივერსიტეტის სტუდენტებმა დათო ევგენიძის შემოქმედების უცნობი მხარე გაიცნეს. მუსიკოსი მაყურებლის წინაშე განსხვავებულ ამპლუაში წარსდგა. მუსიკალური იმპროვიზაცია ფორტეპიანოსა და კამილ ჩალაევის მიერ შექმნილი ინსტრუმენტებით შესრულდა. მსმენელმა სრულიად ახალი ექსპერიმენტული მუსიკა მოისმინა.
„ქართული ენა არის მუსიკა. ქართულ სიტყვებში ბევრი საიდუმლოება დევს. მე ამ სიტყვების არქეოლოგი ვარ. მინდა, რასაც ვხედავ, სხვებსაც დავანახო. ჩემი მუზა მაინც სიყვარულია. რაც შეეხება მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა, იმ აუდიტორიისთვის რომ გამეკეთებინა, რომელიც დათო ევგენიძის არქეტიპს არის მიჩვეული, დარწმუნებული ვარ, ასეთი გახსნილი ვერ იქნებოდა, როგორც ეს უნივერსიტეტელმა მსმენელებმა აჩვენეს. დღევანდელ საღამოს შესრულებული მუსიკა არ იყო მარტივად აღსაქმელი. დარბაზიდან ჯერ იყო ამ ექსპერიმენტის გაგების მცდელობა, შემდეგ კი ერთად ყოფნა, რაც ჩემი მთავარი მიზანიც იყო. ეს უნივერსიტეტია... ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა შედგეს ექსპერიმენტული მუსიკა“, - განაცხადა დათო ევგენიძემ. 
დათო ევგენიძემ და კამილ ჩალაევმა ერთობლივი მუსიკალური საღამო 30 წლის შემდეგ პირველად გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსები ამ დროისთვის განსხვავებულ ჟანრში მოღვაწეობენ, როგორც დათო ევგენიძემ აღნიშნა, მათ მაინც ერთი საერთო მიზანი - ექსპერიმენტი აერთიანებთ. 
„დათოს მუსიკა უფრო სტაბილურია. მე სხვა ჟანრში ვმოღვაწეობ. თუმცა ძალიან მინდოდა, რომ ერთად დაგვეკრა და მიხარია, რომ რაღაც საინტერესო გამოგვივიდა. ჩემი მუსიკის მიზანი უნივერსალურობაა. მუსიკა - ეს ენაა, მუსიკა ჩემთვის ყველაფრის პირველსაწყისია. თანამედროვე მუსიკა უფრო მარკეტინგზე და პოპულიზმზეა გათვლილი. მე უფრო არქაიზმში ვცხოვრობ. ნათქვამია - დასაწყისში იყო სიტყვა... მე ვეძებ, თუ როგორ ჟღერდა ეს სიტყვა. ეს ჩემთვის არის პირველსაწყისის ხმა“, - გვითხრა საფრანგეთში მოღვაწე მულტი ინსტრუმენტალისტმა კამილ ჩალაევმა. 
დათო ევგენიძის შემოქმედებითი საღამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების თხოვნით დაიგეგმა. ღონისძიება სტუდენტური თვითმმართველობისა და ქართული ღვინის ფონდის თანაორგანიზებით გაიმართა. 
„უნივერსიტეტელ სტუდენტებს დათო ევგენიძის შემოქმედება უყვართ. ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი მოწვევა. მუსიკოსი, ამჯერად, მსმენელის წინაშე პარიზელ შემსრულებელთან ერთად წარსდგა. როგორც სტუდენტებმა გვითხრეს, საღამომ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, - განაცხადა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა თეკლა გილაურმა. 
საღამო პატრიოტულ ნოტაზე დასრულდა. ბოლოს მუსიკალურ ექსპერიმენტში დარბაზიც ჩაერთო.
„იმოქმედა ჩემმა სიყვარულმა და დარბაზის მხრიდანაც, რაც ვიგრძენი, იყო სიყვარული და დიდი პატივისცემა“, - აღნიშნა დათო ევგენიძემ.