რითი ერთობიან უნივერსიტეტის სტუდენტები და რა სურთ მათ?

10 აპრ 2019

„ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის“, - ჯერ კიდევ როდის ამბობდა ამ სიტყვებს ილია. ამ რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტთან რომ ჩაგევლოთ, მის ეზოში შეკრებილი სტუდენტებისგან სულ სხვა პასუხებს მოისმენდით - საღამოს კინო, თეატრი და ბილიარდი სტუდენტების თავშესაქცევ უცვლელ საშუალებას წარმოადგენდა. 
ალბათ, მაშინ კომპიუტერი, ტელევიზორი და ტელეფონი რომ გეხსენებინათ, მათ გაკვირვებულ მზერას ვერ აცდებოდით. თუმცა, ცხოვრება მიდის, „იცვლება და მოაქვს განახლება ყოველისფერისა”“.

თსუ-ის მიმდებარედ სტუდენტების დიდ ნაკადს დღესაც შეხვდებით, იმ განსხვავებით, რომ მათ მთავარ გასართობად დღეს ზემოხსენებული ტექნიკა ქცეულა. ეზოში შესვლისთანავე ჩვენი ყურადღება კომპიუტერთან გაფაციცებით მომუშავე ბიჭმა მიიქცია და ჩვენც კითხვით სწორედ მისკენ გავემართეთ. 
ალექსანდრე გაბაშვილი თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია. მის ერთ-ერთ გასართობს ფეხბურთის მინი ტურნირი „ლიგა თსუ“ წარმოადგენს. ტურნირის გამარჯვებული თავადაც არაერთხელ ყოფილა: „როცა დრო მაქვს, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასაც ვესწრები, იქნება ეს კონცერტები, საჯარო ლექციები თუ სპორტული შეჯიბრებები“. 
სხვადასხვა ინტელექტუალური თუ შემეცნებითი აქტივობის მონაწილე გიორგი ბერიძეც ხშირად ყოფილა, თუმცა ფიქრობს, რომ დღესდღეობით მსგავსი სახის ღონისძიებები იშვიათად ტარდება. მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ნაკლებად მუშაობს: „ესეების კონკურსი კარგია, მაგრამ მას ვერ დავარქმევთ შემეცნებით-გასართობ აქტივობას“. მისი სურვილია, უქმე დღეებში, როდესაც უნივერსიტეტის სივრცე, ასე თუ ისე, ცარიელია, უფრო მეტი გასართობი ღონისძიება ტარდებოდეს. 
„მეორე კურსზე სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას უფრო აქტიურად ვესწრებოდი. ვფიქრობ, რომ, გართობის მხრივ, თსუ ადრე უფრო დატვირთული იყო. ბოლო პერიოდია მათ შესახებ არაფერი მსმენია“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას მარიამ რეხვიაშვილი.
უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ კი სტუდენტების მთავარ გასართობს მეგობრებთან ერთად დროის გატარება, კომპიუტერული თამაშები, ე.წ. “თV-შHOჭ“-ები და მუსიკალური ფესტივალები წარმოადგენს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტები თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს სასწავლო დაწესებულებაში ატარებენ, გართობის მხრივ, მეტი მოთხოვნა მაინც უნივერსიტეტის მიმართ აქვთ. 
სურვილები ბევრია. ზოგი მათგანი ერთმანეთს წააგავს, ზოგი კი განსხვავებულია: 
მერაბ პაპაშვილი, თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების III კურსის სტუდენტი: „სულ მინდოდა უნივერსიტეტში ისეთი აქტივობები ყოფილიყო, ძველ ფილმებში რომ მინახავს. მაგალითად, გრანდიოზული ღონისძიებები ან ფესტივალები, რომლებშიც ყველა ერთად არის ჩართული“. 
ნანა სააკაშვილი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი: „კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ლიტერატურული კლუბი, სადაც კვირაში ერთხელ მაინც ჩატარდებოდა შეჯიბრებები, შემოქმედებითი საღამოები და მსგავსი სახის ღონისძიებები. ეს სტუდენტებს უფრო მეტ მოტივაციას მისცემდა“. 
ნატა ჯაჭვაძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი: „ძალიან მინდა არსებობდეს კინომოყვარულთა კლუბი, სადაც ყოველ საღამოს სტუდენტების მიერ შერჩეული ფილმების ჩვენება და მათი განხილვა გაიმართებოდა“.
თუმცა, სტუდენტების ერთობლივ სურვილად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური სივრცის გამოყოფა რჩება, სადაც ისინი ლექციებს შორის შუალედებში დასვენებას, ერთმანეთთან ინტერაქციასა და გართობას შეძლებენ. 
თვითმმართველობის პრეზიდენტი შოთა კეჟერაშვილი უახლოეს მომავალში სტუდენტებს ბევრ გასართობ ღონისძიებას ჰპირდება: „მალე დაიწყება „სტუდენტური დღეები“ და თსუ-ის სტუდენტებს ბევრ კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობაში ჩართვის საშუალება მიეცემათ“, - ამბობს იგი.

ნინი ტაველიძე, თეონა ყაჭიური
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები