ვის საგნებზეა დიდი მოთხოვნა სტუდენტთა შორის?

26 ოქტ 2015

საქართველოში პოლიტიკის კვლევასა და სწავლებას ხანმოკლე ისტორია აქვს და სათავეს 1992 წლიდან იღებს, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე აწ განსვენებული კარლო შარიას ხელმძღვანელობით პოლიტოლოგიის კათედრა გაიხსნა. მანამდე, მთელი 70 წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა კავშირში მხოლოდ კომუნიზმი შენდებოდა და ისწავლებოდა, წითელი იდეოლოგიის მიღმა დარჩენილ ყველა სხვა პოლიტიკურ მოძღვრებას და მოძრაობას კი დისიდენტური ერქვა და პოლიტიკის ნაცვლად, კრიმინალში ჰქონდა ადგილი მიჩენილი.

უნივერსიტეტის ფაკულტეტებს შორის თავიდანვე დიდი დავის საგანი გამხდარა ის, თუ ვისი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო პოლიტიკურ მეცნიერებათა შესწავლა - ისტორიკოსების გარდა მასზე პრეტენზიას ფილოსოფოსები და იურისტებიც გამოთქვამდნენ, თუმცა, საბოლოოდ დავა ისტორიკოსების სასარგებლოდ გადაწყდა, რაც ლოგიკურიც იყო, რადგან ისტორიის მთავარ ინტერესს დღემდე სწორედ პოლიტიკური ამბებისა და პროცესების კვლევა წარმოადგენს.

სალომე დუნდუა იმ პერიოდში სტუდენტი იყო და როდესაც ვიწრო სპეციალობის არჩევის ჯერი დადგა, პოლიტოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა. არჩევანი გამართლებული აღმოჩნდა და დღეს თავად ასწავლის ახალგაზრდებს პოლიტიკის თეორიას. მის საგნებზე დიდი მოთხოვნაა სტუდენტთა შორის, თავად სალომე კი მათი ერთ-ერთი საყვარელი ლექტორია.

- 1998 წელს დავამთავრე ასპირანტურა და 2002 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება საქართველოში. თემის ხელმძღვანელი იყო ბატონი მალხაზ მაცაბერიძე, რომელიც დღეს ჩვენი მიმართულების ხელმძღვანელია და რომელთანაც დღემდე ძალიან მჭიდრო პროფესიული კავშირი მაქვს. ხარისხის დაცვის შემდეგ გავხდი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. იმ პერიოდში კათედრაზე ახალგაზრდა მეცნიერებს ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდათ, რადგან, რეალობიდან გამომდინარე, სწორედ მათ უნდა შეექმნათ პოლიტიკურ მეცნიერებათა კვლევის ბაზა. 2005 წელს ფაკულტეტების გაერთიანება შემდეგ, ჩვენი მიმართულება სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან აღმოჩნდა, მე კი კონკურსის საფუძველზე დავინიშნე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. უკვე 2011 წლიდან ვარ ასოცირებული პროფესორი.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ჩემი ცხოვრება, სწავლა, მუშაობა, უკავშირდება უნივერსიტეტს, კონკრეტულად კი ამ მიმართულებას - პოლიტიკის მეცნიერებებს.

- როგორი ხედავთ უნივერსიტეტის როლსა და ადგილს ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში?

- მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი უნივერსიტეტია, ჩემი უნივერსიტეტი არის ეს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მართალია მრავალი პრობლემაა გადასაჭრელი და კრიტიკაც ხშირად გაისმის, მაგრამ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ნომერ პირველია, თუნდაც იმიტომ, რომ ყველაზე პირველად სწორედ აქ აისახება ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების მაჯისცემა. გადავხედოთ ისტორიას: გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა პროცესი აქედან იწყებოდა და ჩემშიც, ჯერ კიდევ ბავშვობიდან იყო ჩაბეჭდილი უნივერსიტეტი, როგორც ყველაფრის საწყისი. საბედნიეროდ, დღემდე ასეა: ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ ყველაზე აქტიური მსჯელობა ძირითადად უნივერსიტეტიდან იღებს სათავეს. იგივე 2003 წლის მოვლენები, შემდეგ უკვე 2012 წლის ცნობილი ამბები - სწორედ უნივერსიტეტიდან დაიწყო. აქ ხდება აზრის დაბადებაც და მის გასატარებლად ბრძოლაც. შეიძლება პათეტიკურად ნათქვამი გამომდის, მაგრამ მართლა ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენი სტუდენტობა არის უკეთესობისკენ ბრძოლის დამწყები და საკმაოდ ხშირად ისინი სწორედ ჩვენი ფაკულტეტისა და ჩვენი მიმართულების სტუდენტები არიან. საქართველოში ყოველთვის უნივერსიტეტიდან იწყებოდა და იწყება იდეების გენერირება და მოძრაობაში მოყვანა.

დღესაც ასეა და ეს სტუდენტები, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად აქტიურობენ, პოლიტიკურად სუფთა ადამიანები არიან, Aარ აქვთ პოლიტიკური ინტერესები და არ არიან გარეულნი იმ თამაშებში, რომლებსაც ძალაუფლების ზედა ეშელონებისაკენ მიჰყავს ადამიანი. ფაქტია, რომ მათ ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა სურთ. სწორედ ამიტომ, ვაფასებ მათ აქტიურობას, თუმცა შეიძლება გარკვეულ იდეებს არ ეთანხმებოდე ან ზოგჯერ გამოხატვის ფორმა იყოს მიუღებელი.

საერთოდ, ჩემს უმთავრეს მოვალეო-ბად, თეორიული ცოდნის მიცემის გარდა, იმასაც ვთვლი, რომ სტუდენტები მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ და პასუხისმგებლობა აიღონ ქვეყანაზე და მართლა ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს გარშემო ვხედავ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც ამის უნარი აქვთ.
- პოლიტიკურ ფილოსოფიას ასწავლით და ამიტომ, შეუძლებელია, არ გკითხოთ თქვენი აზრი პოლიტიკურ პროცესებზე. როგორ შეაფასებდით პოლიტიკურ პროცესს საქართველოში და რამდენად შეიმჩნევა დინამიკა?

- ხშირად ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური, ეკონომიკური და ყველა სხვა ტიპის შოკი, რომელიც 90-იან წლებიდან მოყოლებული დღემდე გამოვიარეთ - იყო საზღაური, რომელიც ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ვიწვნიეთ და ხშირად გვაწვნევინეს გარკვეულმა ძალებმა. თუმცა, მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, მაინც მგონია, რომ პროგრესისკენ მივდივართ. ხშირად აღნიშნულა, მაგრამ კიდევ გავიმეორებ: 2012 წლის არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალა მოვიდა, ან მოვიდოდა, არა აქვს ამას მნიშვნელობა, იყო ცალსახად გარდამტეხი მიჯნა, რომლიდანაც უკვე იწყება ნამდვილი დემოკრატიის შენება. რუბიკონი გადავლახეთ, როგორც იტყვიან, რადგან რეალურად ამ არჩევნებზე პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ისტორიაში მანამდეც კი იყო მსგავსი პრეცედენტი, როცა მრგვალმა მაგიდამ არჩევნების გზით გაიმარჯვა 90-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ის ცალსახად სხვა მოვლენა იყო და იქ არჩევანი იყო ეროვნულ თავისუფლებასა და კომუნიზმს შორის: ჩვენ მივეცით ხმა გამსახურდიას პარტიას, მაგრამ მისი სახით ხმას ვაძლევდით თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს. რაც შეეხება წმინდა წყლის პოლიტიკურ არჩევანს პარტიებს შორის, ეს უკვე 2012 წელს მოხდა. პოლიტიკურ მეცნიერებებში მიღებული და ცნობილი ფაქტია, რომ მინიმუმ ორ-სამჯერ მაინც უნდა მოხდეს ქვეყანაში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა, რათა ქვეყანა ჩაითვალოს უკვე ჩამოყალიბებულ დემოკრატიად. პოლიტიკურ კულტურად უნდა იქცეს არჩევნებით ხელისუფლების ცვლა, ამას უნდა მოერგონ როგორც პოლიტიკური ინსტიტუტები, ისე მოქალაქეები და ხელისუფლებაც. ჩვენთან კი ეს განცდა რეალურად არ არსებობდა. მუდმივად იყო საუბარი რევოლუციებზე, რადგან არჩევნების გზით განსხვავებული პოლიტიკური ძალის მოსვლის შესაძლებლობის არავის სჯეროდა. ხალხი არ დადიოდა არჩევნებზე, რადგან მიაჩნდა, რომ მაინც ის ძალა გაიმარჯვებს, რომელიც ხელისუფლებაშია. ამ თვალსაზრისით, 2012 წლის არჩევნები და შემდეგ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც დადებითი მოვლენებია. სწორედ Aეს არის ძირითადი პროცესი და მეინსტრიმი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. თუმცა, თუკი ასე არ მოხდა, ქვეყანა წავა მუდმივ ქაოსში და დავემსგავსებით იმ სამხრეთამერიკულ ქვეყნებს, სადაც მუდმივად რევოლუციები და სამხედრო გადატრიალებები ხდება. ამის შესაძლებლობას თითქმის გამოვრიცხავ, რადგან ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ნამდვილად არ ჩანს დღეს ის ძალა, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. აღნიშნული პროცესის პარალელურად, ჩვენი პოლიტიკური პარტიებიც თანდათან ჩაჯდნენ კონსტიტუციონალიზმის ჩარჩოებში. ის, რომ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს ერთი პოლიტიკური ძალა, მეორე ხელისუფლებას აკრიტიკებს და მესამე ტაშს უკრავს - კანონის ფარგლებშია და რაც კანონის ფარგლებშია, სრულიად ნორმალურია. შემდგომი, 2016 წლის არჩევნები უკვე იქნება მეორე დიდი ნაბიჯი დემოკრატიის მიმართულებით და შეგვეძლება იმაზე საუბარი, რომ უკვე გამყარებული დემოკრატია გვაქვს. შესაბამისად, ნაკლებად იარსებებს იმის შიში, რომ ვიღაც მოვა და კანონსა და კონსტიტუციას მოირგებს, რადგან თუ შევძლებთ და ჩამოვაყალიბებთ რაციონალურ-სამართლებრივ მმართველობას, მაშინ ოდიოზური ფიგურებიც კი თუკი მოვლენ ხელისუფლებაში, იძულებულნი იქნებიან - იქით მოერგონ კონსტიტუციას. 
- თქვენ ასწავლით და თან მკვლევარიც ხართ. ამჟამად რა საკითხებს იკვლევთ?

- უკვე ერთი წელია სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონკურსები ტარდება და შიდა საფაკულტეტო გრანტები გაიცემა. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა და, იმედი მაქვს, მომავალშიც გაგრძელდება. ჩემ მიერ დაკომპლექტებულ ჯგუფთან ერთად ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და მოვიპოვეთ დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც უცხოეთის რეიტინგული ჟურნალისათვის უნდა მოვამზადოთ სტატია გარემოსდაცვით სოციალურ აქტივიზმზე თანამედროვე საქართველოში. ამჟამად უკვე ფინალურ სტადიაზე ვართ: მასალები შევაგროვეთ და სტატიაზე ვმუშაობთ.

ამ კვლევამდე მე და ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ზვიად აბაშიძემ ერთობლივი მონოგრაფია დავწერეთ რუსთაველის ფონდიდან მოპოვებული გრანტის ფარგლებში თემაზე: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები თანამედროვე საქართველოში. საერთოდ, მუდმივად ერთ თემატიკაზე მუშაობა ჩემთვის უინტერესოა და სხვადასხვა რაკურსიდან ვცდილობ ჩვენი პოლიტიკის კვლევას. ამჟამად სოციალური მოძრაობების შესწავლით ვარ დაკავებული.

- საინტერესოა, რამდენად გამოიყენება ჩვენი მეცნიერების კვლევები და ცოდნა სახელმწიფო მმართველობაში?

- სამწუხაროდ, ნაკლებად... და გვქონდა კიდეც მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. იგეგმება ფაკულტეტის შიგნით ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლების მოწვევა, რაც შესაძლებელს გახდის მეცნიერული ცოდნისა და მმართველობის პრაქტიკის დაახლოებას. იმედია, ეს განხორციელდება და ასეთი თანამშრომლობით უკეთეს შედეგებს მივიღებთ რეალობაში.

- რაც შეეხება ფაკულტეტის სტუდენტებს, როგორია მათი შემდგომი კარიერა?

- პოლიტიკის მეცნიერებებისადმი, საერთოდ, მზარდია ინტერესი. ეს, ალბათ, განპირობებულია იმით, რომ ვცდილობთ, სტუდენტებს, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური ცოდნა მივცეთ და ვფიქრობ, ამას სტუდენტებიც ხედავენ. რაც შეეხება შემდგომ დასაქმებას, ჩვენში აშკარად დისბალანსია დასაქმების ბაზარსა და სპეციალისტების მიწოდებას შორის, მაგრამ ეს მარტო ჩვენს სპეციალობას არ შეეხება, იგივეა სხვა სპეციალობების მიმართაც. თუმცა, თუ კარგი სტუდენტია, ძალიან უნდა მოინდომოს, რომ რომელიმე გაცვლით პროგრამაში ვერ მოხვდეს და უცხოეთში ვერ შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება. ძალიან ბევრი ასეთი პროგრამაა დღეს, განსაკუთრებით სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისთვის და როცა ასეთი ახალგაზრდა სამშობლოში ბრუნდება, მისთვის უფრო ადვილია კარგი სამსახურის შოვნა. ვფიქრობ, ჩვენი კურსდამთავრებულები მომავალში თავის ადგილს დაიკავებენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და სახელმწიფოს მართვაშიც.

მოამზადა ლელა კურდღელაშვილმა