მერაბ კოკოჩაშვილის იუბილე თსუ-ში და ფილმში დასმული სწორი აქცენტები

14 აპრ 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ცნობილი ქართველი რეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის 84 წლის იუბილე აღნიშნა. ქართულ ფილმოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის და ხანგრძლივი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მერაბ კოკოჩაშვილი უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. „მერაბ კოკოჩაშვილი წლების განმავლობაში საკუთარ ცოდნას, საკუთარ გამოცდილებას და ფანტასტიკურ ხედვას ახმარს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას“, - განაცხადა რექტორმა. 
„დიდი ბედნიერებაა, იყო მერაბ კოკოჩაშვილის სტუდენტი და გაიზარდო იმ ესთეტიკურ ფასეულობებზე, რომელსაც ის ასწავლის როგორც პროფესორი და როგორც რეჟისორი. იგი ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეული სახეა, რომელმაც რეჟისორთა მრავალი თაობა აღზარდა“, - განაცხადა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა, რომელიც საიუბილეო საღამოს უძღვებოდა. 
ღონისძიებაზე თსუ-ის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორის ნინო კაკულიას ფილმის - „ვინც თავისი თავი შექმნა, self made“ - ჩვენება გაიმართა.
დოკუმენტური ფილმი („ვინც თავისი თავი შექმნა, self made“) მერაბ კოკოჩაშვილს მაყურებელს როგორც პიროვნებას, რეჟისორს, პედაგოგსა და ხელმძღვანელს აცნობს. მისი მოქალაქეობრივი პოზიციების თუ პროფესიული შეფასებების ჩვენებით ფილმი ქმნის იმ რეჟისორის „პროფილს“, რომელმაც ქართულ კინოში, საბჭოთა ცენზურის პირობებში, თავისუფლების იდეა განავითარა და რომელიც დღემდე ამავე იდეოლოგიით ცდილობს ეროვნული კინოს შექმნა-შენარჩუნებას. 
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, ინიციატორებს, ფილმის ავტორს, ქალბატონ ნინო კაკულიას, რომელმაც არაჩვეულებრივი და საინტერესო ფილმი გადაიღო ბატონ მერაბ კოკოჩაშვილზე. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ ბატონ მერაბს დაბადების დღეს და მინდა, მას ვუსურვო ის სიმხნევე და ენთუზიაზმი, რომლითაც ასე გამოირჩევა. ბატონი მერაბი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც თავის დროზე საბჭოთა ცენზურას დაუპირისპირდა და რომელმაც იდეოლოგიურ წნეხს გაუძლო. ხელოვნება თავისუფალი აზროვნების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ დიდი მადლობა ბატონ მერაბს მისი შემოქმედებისთვის. მან ქართულ ეროვნულ კინოხელოვნებაში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გარდატეხა შეიტანა“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ.
აკადემიური წრის წარმომადგენლები და რეჟისორები აღნიშნავდნენ, რომ მერაბ კოკოჩაშვილის ისტორია, ბოლო ასწლეულის მანძილზე, ქართული კულტურის ჩამოყალიბების ისტორიის ნაწილია და მასზე ფილმის გადაღება ავტორისთვის დიდი გამოწვევა იყო, რასაც შემოქმედებითმა ჯგუფმა თავი წარმატებით გაართვა. 
„ფილმში კარგად ჩანს მერაბ კოკოჩაშვილი როგორც პიროვნება, მისი მოქალაქეობრივი პოზიცია. ასევე საკმაოდ კარგად არის ნაჩვენები მისი შემოქმედებითი გზა - წარსულთან კავშირი, მისი წინაპრები და მათი ისტორია, რომელიც დღესაც ცოცხლობს ჩვენში და რომელიც იმის საწინდარია, რომ მომავალი შეიქმნება... მე, როგორც მაყურებელს, ფილმმა კითხვები არ დამიტოვა და ამომწურავი ინფორმაცია მივიღე... რაც მთავარია, ეს არის სათანადო დაფასება ადამიანის - თუ რა გაუკეთებია მას ქართული კულტურისთვის... საქართველოს ისტორია ხომ ჩვენი კულტურის ისტორიაა, მერაბ კოკოჩაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ამ კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და სწორედ ეს არის ამ ფილმის მიზანი, რომელმაც ეს მისია შეასრულა“, - ასე შეაფასა ფილმი „self made“ კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გამოვხატო ყველას მიმართ, ვინც იზრუნა, რომ, დღეს, ბატონ მერაბს შევხვედროდით, რათა უნივერსიტეტს გამოეხატა თავისი დამოკიდებულება და დიდი სიყვარული ასეთი შესანიშნავი პიროვნებისა და შემოქმედის მიმართ. აქ წარმოდგენილი იყო გამორჩევით კარგად გაკეთებული დოკუმენტური ფილმი. ჩვენ განებივრებულები ვართ საუნივერსიტეტო დოკუმენტური ფილმებით, მაგრამ დღევანდელი ფილმი იყო ფრიად განსხვავებული. ამას ხელი შეუწყო ბატონი მერაბის გამორჩეულმა ადამიანურმა თვისებებმა, მისმა არაჩვეულებრივმა შემოქმედებამ. ფილმი დატვირთული იყო ძალიან საინტერესო ინფორმაციით და კარგად იყო გამოხატული ის დიდი პატივისცემა და განსაკუთრებული სიყვარული, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი ვატარებთ. გულწრფელად ვულოცავ ყველას, ვინც ფილმის შექმნაში მონაწილეობა მიიღო. ეს არის გარანტია იმისა, რომ უნივერსიტეტს კიდევ არა ერთი დოკუმენტური ფილმი ექნება. ეს ყველაფერი კი ჩვენი დიდი ისტორიაა“, - განაცხადა თსუ-ის პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა.
„გარდა იმისა, რომ ფილმი მაღალპროფესიონალურ დონეზეა გაკეთებული, მას სხვა ღირსება და დატვირთვაც აქვს. ასეთი ადამიანების მეშვეობით შევინარჩუნეთ ბევრი ფასეულობა და ღირებულება, ამიტომ ამის დავიწყება შეუძლებელია. ახალგაზრდობას უნდა ახსოვდეს თავისი ერის ისტორია, სხვაგვარად შეუძლებელია - გაგრძელდეს ბრძოლა თავისუფლებისათვის და იმ ღირებულებებისათვის, რაზეც ამ ფილმშია საუბარი. ამ ფილმმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საქართველოში ეს კავშირი სულ იყო... მოკლედ კი იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ფილმი გმირობაზე, თავდადებაზე და ეს უნდა იცოდეს ახალგაზრდობამ“, - განაცხადა მეუფე დანიელმა. 
ახალი თაობისთვის ღვაწლმოსილი რეჟისორის შემოქმედების გაცნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გაბაშვილმა: „ქართული კინოს ისტორია ათწლეულებს ითვლის. გვყავს უამრავი გამოჩენილი რეჟისორი, ერთ-ერთი მათგანია ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი. ჩვენთვის, ახალგაზრდა თაობისთვის, მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით ღირებულია მისი გამოცდილების, წარმატების ნახვა და გაზიარება“. 
ფილმში აღწერილ მერაბ კოკოჩაშვილის პორტრეტს პატარ-პატარა შტრიხები მოწვეულმა სტუმრებმაც შემატეს. რეჟისორის კოლეგებმა ეროვნული კინოცენტრიდან და კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“, საიუბილეო ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას, მათი თვალით დანახული მერაბ კოკოჩაშვილი გააცნეს. 
„ბატონ მერაბს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ თაობის სახელით, რომელსაც მისი ფილმი საბჭოთა ჩაკეტილობასა და სტაგნაციას უმსუბუქებდა. მათთვის ასეთი შედევრების ნახვა ნამდვილად დიდი შვება იყო. ვფიქრობ, ბატონ მერაბს მხოლოდ „დიდი მწვანე ველი“ რომ გადაეღო, საქართველო მაინც ჩაითვლებოდა ერთ-ერთი საინტერესო კინოისტორიის მქონე ქვეყნად“, - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელმა მაია ჭილაშვილმა.
„ბატონი მერაბი ერთადერთი ადამიანია კინოსტუდიაში, რომელსაც ხელფასი არ აქვს. ამბობს, რომ ეს თანხა უნდა გადადოს სტუდიის გაციფრვის დეპარტამენტისა და გაციფრვის აპარატურის შესაძენად. ამისათვის დიდი მადლობა მას“, - აღნიშნა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ წარმომადგენელმა. 
თავად რეჟისორმა კი ქართული კინოს განვითარების პროცესში უნივერსიტეტელ მეცნიერებთან ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე, შედეგებზე და უნივერსიტეტის ტელე-კინო ხელოვნების მიმართულებაზე აღზრდილი ახალი თაობის რეჟისორების მიღწევებზე ისაუბრა. 
„განსაკუთრებული მადლობა ფილმისთვის ქალბატონ ნინო კაკულიას. მე მესმის - რა შრომაა დახარჯული, უზარმაზარი მასალაა შეგროვებული... და დიდი მადლობა უნივერსიტეტს... როგორც ფილმში იყო აღნიშნული, მართლაც დღე არ გაივლის, რომ არ შემოვირბინო, სულერთია - მაქვს ლექცია, თუ - არა. მადლობა მათ, ვინც დააარსა ეს ყველაფერი - ბეგო ბეჟუაშვილს, რომელმაც სისხლი ჩააქცია და მეორადი ფაკულტეტი შექმნა. არ შეიძლება ამაყი არ იყო, როდესაც იცი, რომ შენთან ერთად იქ შესანიშნავი ადამიანები მუშაობდნენ როგორც კინემატოგრაფიიდან, ასევე მეცნიერებიდან. აკაკი ბაქრაძემ უკანასკნელი წელიწადნახევარი ჩვენთან გაატარა და დაწერა პატარა წიგნი, სადაც ქართულ კინოზე სრულიად ახალი ხედვაა წარმოდგენილი. ასევე, არ შეიძლება მადლობელი არ ვიყო ტატა თვალჭრელიძის, რომელმაც შექმნა შესანიშნავი ჯგუფი - „კინოს, ენისა და სტრუქტურის ლაბორატორია“. ამ ლაბორატორიაში შეიქმნა საზოგადოებისთვის ძალიან საჭირო და აუცილებელი წიგნი - „ქართული კინოს ენციკლოპედიური ლექსიკონი“. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ყოველ დღე ვხედავ ამა თუ იმ ტელევიზიის გადაცემებს, სადაც ჩვენი კურსდამთავრებულების სახელი და გვარები ჩანს. ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტი იზი თითბერიძე კი ამერიკის უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრანტი გახდა და მისი ფილმი სტუდენტური ოსკარის ფინალში მოხვდა. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც იდეა მოგვაწოდა, რომ უნივერსიტეტის დამფუძნებლებზე ფილმები შეგვექმნა. ეს ფილმები საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით კეთდება. 
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს რექტორს, რომელიც ყოველთვის გვერდით გვიდგას და ბატონ მიხეილ გიორგაძეს, რომელიც ენდო ჩვენს სტუდიას „ქართულ ფილმს“ და მოგვცა საშუალება, რომ არა ერთი ფილმის ფირი გაგვეცოცხლებინა. კარგია, რომ დაიწყო ფიქრი განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ზუსტად ასეთი ნაბიჯია გადასადგმელი კულტურის მიმართ. კულტურა უნდა გახდეს პრიორიტეტი – ეს ჩემი ღრმა რწმენაა“, - განაცხადა რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა. 
საიუბილეო საღამოზე საკმაოდ ბევრჯერ გაიჟღერა სიტყვა „მადლობამ“. საქმეს, რის გამოც მერაბ კოკოჩაშვილმა საზოგადოების ასეთი მადლიერება დაიმსახურა, რეჟისორი ახლაც აგრძელებს თუნდაც იმ პოზიციის გამოხატვით, რომ, მისი თქმით - „კულტურა უნდა გახდეს პრიორიტეტი“. 
მერაბ კოკოჩაშვილის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის - „ვინც თავისი თავი შექმნა, self made“ - ნახვა ფართო საზოგადოებას რეგიონული ტელეარხებისა და ვებ-გვერდის - Youtube-ს და თსუ-ის ფეისბუქ-გვერდის საშუალებით შეუძლია.