დიდი მამასახლისის „პატარა უკრაინა“

13 აპრ 2019

ერთნაირი ფასეულობები და საერთო საფრთხეები - ეს არის ის, რაც გვაერთიანებს ორივე მართმადიდებელი ერის წარმომადგენლებს - ქართველებსა და უკრაინელებს. ორივეს მთელი ცხოვრება ბედმა გვარგუნა არასაიმედო აგრესორ რუსეთთან გამკლავებისთვის ბრძოლა, რაც კიდევ უფრო გამოკვეთავს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის მნიშვნელობას. ამ ურთიერთობებისთვის ძაფებს, პირველ რიგში, კულტურის მოღვაწეები აბამენ ხოლმე და ამ ორი ქვეყნის მეგობრობის ამსახველი წარსული ისტორიაც მრავალ ფაქტსა თუ სახელს შეგვახსენებს – ურთიერთკონტაქტებისთვის პირველი ნაბიჯი მაშინ გადაიდგა, როდესაც 1000 წლის წინ კიევ-პეჩორის ლავრის მოსახატავად ქართველი ხატმწერები მიიწვიეს. შემდეგში იყო უკრაინელი პედაგოგი და მეცნიერი მიკოლა გულაკი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლასა და პროპაგანდას, პოეტმა ნავროცკიმ კი შოთა რუსთაველის პოემა თარგმნა. ისტორიული მეხსიერება უკრაინელებისადმი მადლიერებით უნდა აღავსებდეს წესით ყველა ქართველს - უკრაინაში შეკედლებული ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის პატრონობისთვის თუ მირგოროდში მისი საფლავის მოძიებისთვის... ლესია უკრაინკაც ახსოვთ თანამედროვეებს, საქართველოს თითქმის ყველა კუთხე რომ ჰქონდა მოვლილი და ერთხელაც უთქვამს - „მე რომ უკრაინელი არ ვყოფილიყავი, ალბათ ქართველი ვიქნებოდი“. ლიტერატურული ქრონიკები თავის თავში მოიცავენ აკაკი წერეთლისა და ტარას შევჩენკოს შეხვედრის ეპიზოდებსაც... ცნობილია ილია ჭავჭავაძის უკრაინასთან გაბმული ურთიერთობები... ზემოთ ნახსენები და სხვა უამრავი ცნობილი უკრაინელი ლიტერატორის, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწის სახელები და გვარები გაიჟღერებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისა და აკადემიკოსის ოთარ ბაქანიძის მონოგრაფიებში, რომლებშიც კულტურასთან კავშირში მყოფი თითქმის ყველა უკრაინელი მოღვაწის თაობაზეა საინტერესო ამბები და ინფორმაცია. მისი ეს უამრავი ნაშრომი დიდ ქართველებთან უკრაინელი მოღვაწეების ურთიერთობებსაც აღწერს. გარდა კულტურული კავშირებისა, ოთარ ბაქანიძის სახელს უკავშირდება უკრაინელ მეცნიერებთან ყოვლისმომცველი კონტაქტების გაღრმავება... ის, რომ ჯერ კიდევ 1994 წელს კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი პეტრე კონონენკო უკრაინულ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებისთვის, ასევე ქართული კულტურის შესწავლა-პროპაგანდის საქმეში მიღწეული წარმატებებისთვის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს, ესეც კონონენკოსთან ოთარ ბაქანიძის ხანგრძლივმა თანამშრომლობამ მოიტანა... თავის მხრივ, უკრაინული ლიტერატურის შესწავლისა და საქართველოში უკრაინისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი სწორედ ოთარ ბაქანიძე დაჯილდოვდა დაბადებიდან 90 წლისთავზე უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით. მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალიც აქვს. 
ჯერ კიდევ 2009 წელს, ჭაბუა ამირეჯიბი ასეთ მილოცვას უგზავნის ოთარ ბაქანიძეს 80 წლის იუბილეზე და წერს - „ჩინებული მეცნიერი და ახალგაზრდების მეგობარი რომ ხარ, ეს საყოველთაოდ ცნობილია და ჩემზე უკეთ შენმა კოლეგებმა თუ აღზრდილებმა იციან. მე კი შენი ერთი თვისება მომხვდა თვალში გაცნობისთანავე – ასეთი კაცი ხარ – სიკეთისთვის მზად მყოფი. შენ შენი ღვაწლით ჩვენს ქვეყანას ბევრი მეგობარი და პატივისმცემელი შესძინე და კვლავაც შესძენ“.


რამდენიმე შტრიხი ბიოგრაფიიდან

უკრაინული ლიტერატურის ისტორია უნივერსიტეტში 40-იანი წლებიდან იკითხება. ოთარ ბაქანიძე, რომელიც 1947 წლიდან ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე სწავლობდა, უკრაინისტიკაში მოღვაწეობას არ აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო „უსპენსკი და ქართული საზოგადოება“. უკრაინული ლიტერატურის ისტორიაში ლექციების წაკითხვის დაწყებას იგი ბედს უკავშირებს, რასაც წლების გადმოსახედიდან მეტად ემადლიერება, თუმცა მისი აკადემიური კარიერა ბევრ რთულ პერიოდსაც მოიცავს და უსამართლობის განცდებსაც აღძრავს.
როგორც ტროცკისტის შვილს, ოთარ ბაქანიძეს, მამამისის ბერიასთან მეგობრობა ძვირად დაუჯინეს. დახვრეტილი მამის ტრაგიკული ისტორია მას პოლიტიკურად არასაიმედო ელემენტის იარლიყს აწებებდა კაგებე-ს წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთა დამსახურებითაც ოთარ ბაქანიძე ასპირანტურაშიც კი არ მიიღეს. რექტორის ნიკო კეცხოველის მხრიდან მის სასარგებლოდ დაწერილმა რეკომენდაციებმაც კი თურმე ვერ გაჭრა. ასე რომ, მიმართულების შეცვლას და შემდგომ წარმატებებს უკვე უკრაინისტიკის სფეროში ოთარ ბაქანიძე მოულოდნელ იღბლიანობას უკავშირებს.
1964 წელს პირველი გაცვლითი პროგრამა განხორციელდა კიევისა და თბილისის უნივერსიტეტებს შორის. დაიწყო საინტერესო ღონისძიებები, ეწყობოდა დეკადები უკრაინული ლიტერატურისა საქართველოში და შემდგომ ქართული ლიტერატურისა უკრაინაში. სწორედ ამ ურთიერთობების შედეგად 1969 წელს ოთარ ბაქანიძეს გაუჩნდა იდეა - საქართველოში შექმნილიყო კლუბი „უკრაინა“, რომელიც ქართულ-უკრაინული ურთიერთკავშირების თემას გაამდიდრებდა. კლუბის ძირითადი მიზანი იყო უკრაინული ლიტერატურის შესწავლა და პროპაგანდა, თარგმნა და ამ სფეროში კადრების აღზრდა.
1975 წელს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კათედრის შექმნის საკითხიც დადგა. თავდაპირველად მას ერქვა ხალხთა ლიტერატურის, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის კათედრა, მაგრამ ძირითადად უკრაინული ლიტერატურა იკითხებოდა. 2006 წლიდან განათლებასა და მეცნიერებაში გატარებული რეფორმების შედეგად კათედრა დაიხურა. დარჩა მხოლოდ ხალხთა ლიტერატურის, ლიტერატურული ურთიერთობების და თარგმანის მიმართულება. შემდეგ კი სააკაშვილის ხელისუფლების უკრაინასთან დიდმა დამეგობრებამ უკრაინისტიკის ინსტიტუტის შექმნის საჭიროებაც მოიტანა.
როგორც აკადემიკოსი ოთარ ბაქანიძეE ყვება, როდესაც თბილისში შევჩენკოს ძეგლი გაიხსნა, ცერემონიალს ესწრებოდნენ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი იუშენკო და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. სწორედ მაშინ უთხრეს ოთარ ბაქანიძეს, რომ უნივერსიტეტში უკრაინისტიკის ფაკულტეტი უნდა გაიხსნასო. საბოლოო გადაწყვეტილება თურმე მცხეთაში მიიღეს და მეორე დღეს პროფესორ ბაქანიძეს ბრძანებით ხელში დახვდა უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა, რათა სასწრაფოდ შექმნილიყო უკრაინისტიკის ინსტიტუტი. 
ოთარ ბაქანიძე უკრაინისტიკის ინსტიტუტს 2007 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს. სწორედ მისი დამსახურებაა საქართველოში უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესწავლის მიმართ გადადგმული ნაბიჯები. ქართულ უკრაინულ ურთიერთობებს ეძღვნება მის მიერ გამოცემული თუ ნათარგმნი არაერთი წიგნიც.

 


ჯილდოები

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ოთარ ბაქანიძე, რომელიც 41 მონოგრაფიის ავტორია, დაჯილდოებულია ასევე „ღირსების ორდენით“, მინიჭებული აქვს „ქართული კულტურის რაინდის“ საპატიო წოდება; არის უკრაინის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, პავლო ტიჩინას სახელობის უკრაინის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, უკრაინის სახელმწიფო ორდენების და მედლების კავალერი. დაჯილდოებულია უკრაინის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.
ოთარ ბაქანიძეს დღემდე არა მხოლოდ ინსტიტუტში, არამედ საკუთარ სახლშიც აქვს შექმნილი „პატარა უკრაინა“, რომლისგანაც საზრდოს აძლევს თავის ერს და ეფოფინება ყველა იმ სახსოვარს, რაც კი უკრაინას აგონებს.