საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო

14 აპრ 2019

თანამედროვე ეპოქის ყველაზე დიდი პრობლემის - ტერორიზმის და ამ კონტექსტში საქართველოს პოზიციონირების განხილვაა მოცემული საჯარო მმართველობის დოქტორ დავით სუჯაშვილის მიერ ახლახან გამოცემულ წიგნში „საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო“, რომლის წარდგენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 მარტს გაიმართა.
წიგნში განხილულია ტერორიზმის თეორიული, სამართლებრივი, ისტორიულ-პოლიტიკური, რელიგიური, ფსიქოლოგიური და კონტრტერორისტული საქმიანობის საერთაშორისო და ეროვნული საკითხები. 
წიგნის რედაქტორია სამართლისა და პოლიტიკის დოქტორი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, ხოლო რეცენზენტები - ზურაბ აბაშიძე (ისტორიის დოქტორი, პროფესორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი), შოთა დოღონაძე (ისტორიის დოქტორი, პროფესორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი) და ჯაბა სამუშია (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, ისტორიის დოქტორი, პროფესორი).
წიგნის - „საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო“ - წარდგენას დაესწრნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, აკადემიური წრეებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

ავტორმა დავით სუჯაშვილმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა წიგნის რედაქტორსა და რეცენზენტებს და აღნიშნა, რომ ძალიან რთულია ტერორიზმთან ბრძოლის მექანიზმების მოძიება/გამონახვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა მსოფლიოში საკმაოდ აქტუალურია: „შევეცადე სხვადასხვა კუთხით დამენახა ტერორიზმი, როგორც მოვლენა. წიგნში მოცემულია - თეორიული კუთხით: ტერორიზმის მიზნები, ამოცანები და დეფინიცია, ხოლო ისტორიული კუთხით: თუ როგორ ხდებოდა ტერორიზმის გავლენა ისტორიულ წრეში. საკმაოდ დიდი ნაწილს ვუთმობ რელიგიურ ტერორიზმს და ვცდილობ - პრობლემა სამართლებრივ ჭრილშიც განვიხილო. დასასრულს, მოცემულია მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ პრობლემას“, - აღნიშნა დავით სუჯაშვილმა. 
ავტორი წიგნში კვლევის შედეგებზე საუბრობს და აჩვენებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს სისტემური და მასში, სპეცსამსახურებთან ერთად, ჩართული უნდა იყოს სახელმწიფო და საზოგადოება. ავტორის აზრით, სწორედ მათ შორის მჭიდრო კომუნიკაცია მოგვცემს საშუალებას, რომ სწორი მექანიზმები შეიქმნას ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. 
წიგნში ცალკე ქვეთავი ეთმობა საქართველოს წინაშე არსებულ საერთაშორისო ტერორიზმის გამოწვევებს. მასში ნათქვამია, რომ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს უსაფრთხოების პრობლემატიკაზე, პირველ რიგში, განვიხილავთ მეზობელი სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და იქ მიმდინარე პროცესებს, ასევე - ვაჰაბიტური დაჯგუფებების მომძლავრებას სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, პანკისის ხეობასა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ავტორის აზრით, გეო-სტრატეგიული მდებარეობის გამო, შესაძლებელია, საქართველოც დადგეს ტერორიზმის საფრთხის წინაშე. „არ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ტერორიზმის პირდაპირ სამიზნეს საქართველო წარმოადგენს, თუმცა, ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვატარებთ, ასევე ის, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული საკმაოდ აგრესიული მეზობლის მიერ, ამ საფრთხეს უფრო აქტუალურს ხდის. გარდა ამისა, საქართველო არის საერთაშორისო ტერორიზმის კოალიციის წევრი და ვმონაწილეობთ სხვადასხვა მისიებში. ამიტომ, საკმაოდ ყურადღებით უნდა ვიყოთ. გავიმეორებ იმ მოსაზრებას, სადამდეც კვლევამ მიმიყვანა - მხოლოდ სპეცსამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების ბრძოლა არ არის საკმარისი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მასში მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული“, - აღნიშნა დავით სუჯაშვილმა. 
წიგნის რედაქტორმა ჯემალ გახოკიძემ, რომელიც, ამავე დროს, დავით სუჯაშვილის დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელიცაა, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წიგნში საუბარია არა მარტო ტერორიზმის ანატომიაზე, არამედ იმაზე, თუ რა საფრთხე ელოდება მსოფლიოს სამომავლოდ და როგორ გამოიყურება ეს საფრთხე საქართველოსთან მიმართებაში. „აქ ტერორიზმის საკითხი მონოგრაფიულადაა შესწავლილი. ავტორმა პირველად წამოაყენა წინა პლანზე საზოგადოების როლი ამ დანაშაულთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ნაშრომში მოცემულია ტერორისტული ორგანიზაციების შესანიშნავი ფსიქოანალიზი“, - აღნიშნა ჯემალ გახოკიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, თსუ-ის პროფესორმა ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებით გამოკვეთა მონოგრაფიაში მოცემული რეკომენდაციები ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. „ტერორიზმი პლანეტარული მოვლენა გახდა. რამდენიმე დღის წინ ტერორისტული აქტი მოხდა ახალ ზელანდიაში - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ქვეყანაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამისგან არავინაა დაცული და, ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით, დიდი თუ მცირე სახელმწიფო ერთად უნდა იყოს ჩართული როგორც კვლევებში, ისე მეთოდოლოგიის შემუშავებაში. ბატონი დავით სუჯაშვილი დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია და მას, რა თქმა უნდა, აქვს გაცილებით მეტი ინფორმაცია, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ინფორმირებული ადამიანი იკვლევს ამ საკითხს და სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის პრაქტიკულ რეკომენდაციებს იძლევა“, - თქვა ზურაბ აბაშიძემ.
წიგნის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, არჩილ ფრანგიშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი), მამუკა თავხელიძე (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი), ზურაბ ხონელიძე (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, საგანგებო და სრულფასოვანი ელჩი), ვაჟა ლორთქიფანიძე (თსუ-ის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საგანგებო და სრულფასოვანი ელჩი), შოთა დოღონაძე (წიგნისა და დისერტაციის რეცენზენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საგანგებო და სრულფასოვანი ელჩი), გიორგი ალიბეგაშვილი (პროფესორი, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე), ირაკლი მენაღარიშვილი (სტრატეგიული გამოკვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საგანგებო და სრულფასოვანი ელჩი), ზვიად გაბისონია (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი), ბადრი ნაჭყებია (ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი), მალხაზ ბაძაღუა (საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი), ნიკოლოზ ჯავახიშვილი (თსუ-ის პროფესორი).
გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ეს წიგნი ძალიან კარგი სახელმძღვანელო შეიძლება იყოს ჟურნალისტებისთვის შესაბამისი ტერმინოლოგიის შესწავლის და სწორად გამოყენებისთვის. მათივე თქმით, მეტი ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ შეამცირებს ხარვეზების პრეცედენტს. 
რეცენზენტმა, თსუ-ის პროფესორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ წიგნი ინგლისურად ითარგმნოს. „ეს ნაშრომი ნამდვილად იმსახურებს ამას; განსაკუთრებით კი მე-5 და მე-6 თავები, რომლებიც ტერორისტის ფსიქოლოგიურ პორტრეტს მოიცავს. საყურადღებოა, ასევე, ბოლო თავი, რეკომენდაციების ნაწილი“, - თქვა ჯაბა სამუშიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ნაშრომი არის ძალიან ზუსტი და კარგი აღწერა იმისა, თუ რა გარემოში უწევს საქართველოს ყოფნა. „21-ე საუკუნის პირობებში ძალიან რთულია თანამედროვე გამოწვევებს გაუმკლავდე. ტრადიციული მეთოდები საკმაოდ მოძველებულია და ყოველ ჯერზე ძალიან სწრაფად გვიხდება ახალ სისტემებზე გადაწყობა. ეს წიგნი იქნება სახელმძღვანელო როგორც სპეციალისტებისთვის, ისე სტუდენტებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც დაინტერესებულია საერთაშორისო ურთიერთობებით, უსაფრთხოების საკითხებით და იმით, თუ როგორ შეიძლება რეალურად გავუმკლავდეთ სადღეისო გამოწვევებს“, - აღნიშნა მან.
წიგნი შედგება 6 თავისა და 37 ქვეთავისგან. მას დანართების სახით ახლავს უკანასკნელი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი ტერაქტების მიმოხილვაც.