ზეპირსიტყვიერი ამბებით გაცოცხლებული 14 აპრილი

14 აპრ 2019

„14 აპრილი ანგარიშგების დღე უნდა იყოს. ამ დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ერს, ქვეყანას ანგარიში უნდა ჩააბაროს – თუ რა გააკეთა მან მთელი წლის მანძილზე ქართული ენის სასიკეთოდ“, - ასე სვამდა საკითხს ქართული ენის დღის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დღემდე ქართული ენის პირველი ქომაგია, როგორც ეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებისას გამოჩნდა.
1978 წლის 14 აპრილის კადრები აღარ არსებობს... ვიდეო და ფოტო მასალა მთლიანად განადგურებულია. მაგალითად, საბჭოთა კავშირის პოლიტპატიმრის ავთანდილ იმნაძის მიერ გადაღებული ფოტოებიც მისივე ლაბორატორიიდან უშიშროების წარმომადგენლებს ჩხრეკის შედეგად მაშინვე ამოუღიათ... დარჩა ქართველთა მეხსიერება, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენაში მონაწილეობს... მხოლოდ ზეპირსიტყვიერმა ამბებმა გააცოცხლა მაშინდელი 14 აპრილი, რის შესახებაც მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს... სწორედ მათთვის კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ისტორიას.

1977 წელს დამტკიცდა საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია, რომლის მიზანი იყო საბჭოთა კავშირში მცხოვრები ერების რუსიფიკაციის დაჩქარება. ამ პრინციპიდან გამომდინარე, 1978 წელს შედგა საბჭოთა საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელშიც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი აღარ ჰქონდა მინიჭებული, ანუ დედა ენა რუსული ენით უნდა ჩანაცვლებულიყო.
სხვადასხვა დაწესებულებებში კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვები მოეწყო. ბევრს არც კი შეუმჩნევია კონსტიტუციის 75-ე მუხლში მომხდარი ცვლილება. ერთ-ერთმა პირველმა, ვინც ამ საკითხზე პროტესტი ხმამაღლა გამოთქვა, აკაკი ბაქრაძე იყო. ცეკას პროპაგანდის განყოფილების ორგანიზებით მოწვეულ თათბირზე, აღნიშნულ თემაზე მსჯელობისას, მან შევარდნაძეს ასეთი სიტყვები უთხრა: თუკი ქართულს კონსტიტუციურად ართმევენ სახელმწიფო ენის ფუნქციას, მაშინ ჩვენი ხალხიც მოიქცევა მდგომარეობის შესაბამისადო. 
ქართველთა პროტესტი მაშინ დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან, საიდანაც აგორდა საერთო სახალხო წინააღმდეგობრივი მოძრაობა. კონსტიტუციის ახალი პროექტის გასაპროტესტებლად სპონტანურად გაერთიანებული სტუდენტური ჯგუფების გარდა, უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე არსებობდა არალეგალური ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულნი იყვნენ თამარ ჩხეიძე, გია ჭანტურია, გელა ნიკოლეიშვილი, გია ჩხიკვიშვილი და სხვები. ეს ჯგუფი უკვე იდეურად იყო მომზადებული საბრძოლველად, როცა ქართული ენის გადარჩენის საკითხი დადგა. ამ მოძრაობას მხარი აუბა უნივერსიტეტში დაარსებულმა „ახალგაზრდა მწერალთა წრემაც“. ფილოლოგიის ფაკულტეტიდან გააქტიურდნენ სტუდენტები: თამარ მახარობლიძე, ნოდარ გრიგალაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, დარეჯან თვალთვაძე, გიორგი ალიბეგაშვილი და სხვები... უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაც და პროფესურაც ფარულად უჭერდა მხარს სტუდენტური ჯგუფების აქტიურობას. როგორც ფაქტების მომსწრენი ყვებიან, განსაკუთრებით აქტიურობდნენ არნოლდ ჩიქობავა, ბესიკ ჯორბენაძე, ლადო მინაშვილი, ზურაბ ჭუმბურიძე, დამანა მელიქიშვილი, გრივერ ფარულავა, რევაზ სირაძე და სხვანი... უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს დავით ჩხიკვიშვილს, ზემოდან დავალების მიუხედავად, სტუდენტების საწინააღმდეგოდ არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია... ეს ის სახელებია, რომელიც 14 აპრილის მოვლენებისას უნივერსიტეტის კედლებმაც დაიმახსოვრა, რადგან მათზე და არა მხოლოდ მათზე იდგა ქართული ენის გადარჩენის ბედი.

 

მეხსიერებით გაცოცხლებული ისტორია

„მეორე კურსელი ვიყავი მაშინ, როდესაც 14 აპრილის მოვლენები ხდებოდა. ისეთი აქტიური არ ვიყავი, როგორც წინა კურსელები, მაგრამ საპროტესტო აქციებში მეც ვიღებდი მონაწილეობას, რა თქმა უნდა.
14 აპრილი იმით არის გამორჩეული, რომ ეს დღე გამარჯვებით დასრულდა, რადგან ერი ერთ მუშტად იყო შეკრული. მახსოვს, იმ დღეს, როდესაც უკვე მთავრობის სახლისკენ უნდა წავსულიყავით, როგორ იყო დაძრული ვარაზის ხევიდან ახალგაზრდობა: მოდიოდნენ ე.წ. გეპეის და სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები; ჭავჭავაძის გამზირიდან - ჭავჭავაძის სახელობის უცხოენათა ინსტიტუტის, ფიზ-კულტურის ინსტიტუტის, მაშინდელი პუშკინის სახელობის ინსტიტუტის ახალგაზრდები... ეს ყოველივე ქაოტურ სახეს იღებდა, მაგრამ, ამ დროს, ეს იყო ერთსულად და ერთგულად გაერთიანებული ახალგაზრდობა. ეს იყო, მართლაც, ბეწვის ხიდზე, დანის პირზე გავლა, რადგან საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ძლიერი იყო“, - ამბობს ქართული ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი.
საბჭოეთის ისტორიაში 1978 წლის 14 აპრილის ფართომასშტაბიანი მსვლელობა მთავრობის სასახლისკენ შეიძლება ჩაითვალოს ერთადერთ უსისხლო აქციად, რომელმაც საწადელს მიაღწია. საპროტესტო აქციის ყველა მონაწილემ იცოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებისგან ხიფათი მოსალოდნელი იყო, მაგრამ მას მაინც არავინ შეუშინდა. დროთა განმავლობაში, ქართული ენის დაცვისთვის ბრძოლაში გამოიკვეთა ედუარდ შევარდნაძის ფაქტორიც. იგი მაშინ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომპარტიის პირველი მდივანი იყო. 
როგორც ქართული ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, „ათეული წლების გავლის შემდეგ გაირკვა, რომ შევარდნაძეს ამ პროცესში მართლაც დიდი როლი უთამაშია: მას რომ მოენდომებინა და უფრო მეტი მორჩილება გამოეხატა იმდროინდელი საბჭოთა იმპერიის მიმართ, ბუნებრივია, სისხლი დაიღვრებოდა“.

რეაქციები ამერიკულ პრესაში

იმდროინდელი ამერიკული საზოგადოება ვერ იჯერებდა საბჭოთა სივრცეში ხალხის ღია პროტესტის შესაძლებლობას და საბჭოთა ხელმძღვანელობის უკან დახევას. ეს რეაქციები კარგად გამოჩნდა მაშინდელ ამერიკულ პრესაში, რომლის თაობაზეც უნივერსიტეტის პროფესორს თინათინ ბოლქვაძეს კვლევაც აქვს ჩატარებული. მას განხილული აქვს ამერიკელების მიერ გაზეთებში გამოქვეყნებული თითოეული სტატია, რომელიც საქართველოში მიმდინარე აპრილის მოვლენებს მიეძღვნა. 
რას ამბობს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი თინათინ ბოლქვაძე? 
„1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს „ნიუ-იორკ ტაიმსი“ („New York Times“) ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. 15 აპრილს უკვე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „საბჭოთა ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ სახელმწიფო ენის დასაცავად“. ამერიკელები გაოცებულები არიან ამ ფაქტით. ეს ხდება იმ დროს, როდესაც შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება, როცა საშიშროებაა სამხედრო მანქანის ამოქმედებისა. ერთ-ერთი რესპონდენტი, დემონსტრაციის მონაწილე დაუფარავად ამბობს ინტერვიუში, რომ „ღმერთს მადლობას შესწირავს, თუ მომიტინგეებს არ ესვრიან“. სტატიაში ავტორი 1978 წლის გამოსვლებს განიხილავს ფართო ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში. ავტორი ქრეიგ ვიტნი სტატიაში, ასევე, საუბრობს ქართველების რუსეთთან შეერთების მიზეზებზე, რომელიც, მისი აზრით, გამოწვეული იყო მუსლიმანური დეგრადაციისაგან თავის დასაღწევად. სხვა შემთხვევაში ქართველები არავითარ შემთხვევაში არ ისურვებდნენ რუსეთთან ალიანსს. ქრეიგ ვიტნი ამ თემაზე სტატიას 18 აპრილსაც აქვეყნებს სათაურით „საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხში“. 
ავტორი ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის, რომ 14 აპრილს, ორი ამერიკელი კონგრესმენი, რობერტ მაკკეი და ერიკ რეიმენი ჩამოვიდნენ საქართველოში. ისინი პირდაპირ ქუჩაში ესაუბრებოდნენ პროტესტანტებს. მათი თქმით, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობას, ძირითადად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ. ასევე საინტერესოა სტატიის ის ნაწილი, რომელშიც საუბარია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძესა და სტუდენტებს შორის გამართულ დიალოგზე. ე. შევარდნაძემ სიტყვით მიმართა სტუდენტებს: „შვილებო, რა გინდათ, რატომ აკეთებთ ამას?“ დემონსტრანტებმა კი წინა რიგებიდან ასე უპასუხეს: „ჩვენ არ ვართ თქვენი შვილები!“ სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ნუ ეცდებით ასეთი „მამაშვილური“ საუბრით ჩვენი გულის მოგებას. უმჯობესია კონსტიტუციაში აღდგეს ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი“, - აგრძნობინეს სტუდენტებმა ხელისუფლებას. 14 აპრილის თემას „ნიუ-იორკ ტაიმსი“ დეკემბრის თვეშიც უბრუნდება. გარდა ამისა, ამ მოვლენის შესახებ წერდნენ სხვა გამოცემებიც: „ჩიკაგო ტრიბუნი“ და „ტორონტო“, სადაც ავტორი საქართველოს „ღირსეულ, კავკასიურ რესპუბლიკას“ უწოდებს. სწორედ აქ იყო ასეთი პროტესტი მოსალოდნელიო, - წერს ჟურნალისტი.
უცხოურ პრესაში ამ და სხვა გამოხმაურებების შესახებ აქვს სწორედ ვრცელი კვლევა მომზადებული პროფესორ თინათინ ბოლქვაძეს.


* * *
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ყოველ წელს უკვე ღიად იხსენებენ 14 აპრილს, როგორც ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს. თუმცა მოგონებების და 14 აპრილს თავსგადახდენილი ისტორიების ერთად თავმოყრა სულ ახლახანს მოხერხდა. 6 ბათუმელის და 42 თბილისელის ზეპირი ამბებით გაცოცხლებული 14 აპრილის მოვლენები შესულია წიგნში, რომელიც მოიცავს კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვისას ქართველ მეცნიერთა და მწერალთა მიერ სხვადასხვა უწყებაში წარმოთქმულ სიტყვებს, საარქივო მასალებს, სტატიებს. წიგნი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ფილოლოგმა ანა ბაქანიძემ.


* * *
კანონი სახელმწიფო ენის შესახებ 2015 წელს მიიღეს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი კი უკვე წელიწადზე მეტია, რაც შეიქმნა და გაჩნდა მოლოდინი, რომ ახლა მაინც დაიწყება ქართულ ენასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემური საკითხის მოგვარება. 
ქართული ენის გადარჩენისთვის ბრძოლაში უნივერსიტეტი ისევ პირველია... სწორედ უნივერსიტეტის კედლებში გაჩაღდა მოძრაობა ქართულ ენაში შემოჭრილი ბარბარიზმების წინააღმდეგ და წლებია უკვე, ამ მოძრაობას პროფესორი თინა მარგალიტაძე ხელმძღვანელობს. მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ბარბარიზმების ლექსიკონი, რომელშიც 1100 რუსული თუ ინგლისური წარმოშობის ბარბარიზმი და, იქვე, სწორი ქართული შესატყვისებია შესული. სოციალურ ქსელში კი შექმნილია გვერდი, რომელზეც იტვირთება სამეცნიერო-პოპულარული სტატიები ენაში მიმდინარე პროცესებზე... მართალია, ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ ჩვენ ის მაინც შეგვიძლია, ამ მერცხალს, მიზეზთა გამო, ჭიკჭიკის სურვილიც არ გავუქროთ და ვთქვათ - მისი გაკეთებული საქმე დღეს თითქმის იგივეა, რაც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების კვალობაზე დამდგარი შედეგი... მთავარია, სულ უკან არ ვიყურებით და წინაც გვედოს მომავალი თაობისთვის ჩვენი სათქმელი - რომ შენც დაიცავი ქართული ენა ისე, როგორც ეს მე გავაკეთე და ის კიდევ ერთხელ გადავარჩინე...