სამეცნიერო სტუდენტური პროექტების რაოდენობა იზრდება

13 აპრ 2019

რა შედეგებზე მიუთითებს სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს თავმჯდომარე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების პირველი ეტაპი დასრულდა. საკონკურსო საბჭომ სულ 103 განაცხადი განიხილა და 73 დააფინანსა, აქედან 18 - სამეცნიერო, 27 - საგანმანათლებლო, 3 - ექსპედიცია, 4 - ლაშქრობა, 2 - მოდელირება, 7 - ვიქტორინა, 3 - სპორტული და 9 გასართობი პროექტია. სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორ თამარ გაგოშიძის განცხადებით, უკვე აშკარად შეიმჩნევა სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის პროექტების რაოდენობის ზრდა, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დარგების სტუდენტები აქტიურობენ.

„შედარებისთვის - 2018 წლის თებერვალში 7 სამეცნიერო პროექტი დავაფინანსეთ, წელს მათი რაოდენობა უკვე 18-მდე გაიზარდა. კარგი ტენდენცია შეინიშნება საკონკურსო განაცხადების გამართულობის თვალსაზრისითაც - ბევრად დახვეწილია სტრუქტურა, შინაარსი და მიზანი. ძალიან აქტიურია თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა - ბევრ სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებას ახორციელებს. სტუდენტური ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების რაოდენობაც ნელ-ნელა იზრდება, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ინტენსიურად, მაგრამ პროგრესი შეიმჩნევა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. სტუდენტები გვენდობიან და სჯერათ, რომ მათი განაცხადები ობიექტურად განიხილება.
რაც შეეხება უკვე განხორციელებული სტუდენტური კვლევების ანგარიშებს, ჩვენ გადავხედეთ სამეცნიერო პროექტებს და სერიოზული შედეგებია აქვთ მიღებული. ძირითადი წილი საბუნებისმეტყველო დარგებზე მოდის, აქტიურობენ ფიზიკის, ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტები, რამდენიმე პროექტი საინტერესოდ განახორციელეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმაც“, - განაცხადა თამარ გაგოშიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გასულ წელს 125 სტუდენტური პროექტი დააფინანსა, მათ შორის 26 - სამეცნიერო, 47 - საგანმანათლებლო, 3 - ექსპედიცია, 7 - ლაშქრობა, 12 - სპორტული, 3 - მოდელირება და 27 – კულტურულ-გასართობი ხასიათის ღონისძიება.
სტუდენტური პროექტების საბჭოს ინიციატივით, იგეგმება საუკეთესო პროექტების ავტორების დაჯილდოება. „კარგი პროექტები ნამდვილად უნდა წახალისდეს“, - აცხადებს საბჭოს თავმჯდომარე თამარ გაგოშიძე.
წარმოდგენილი (სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო) პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო წელიწადში სამჯერ იკრიბება. მიმდინარე კალენდარულ წელს კონკურსი კიდევ ორჯერ - აპრილსა და ოქტომბერში გამოცხადდება.