ჩავლილი 8 მარტი და უნივერსიტეტელი წარმატებული ქალების ასოციაციები

13 აპრ 2019

„ძლიერი ქალი“ - დღეს აღარ არის უხერხული ეს სიტყვათა შეთანხმება... შესაძლოა არც არასდროს ყოფილა ქალის წვლილი დაკნინებული ჩვენს კულტურაში, მაგრამ ცხადია, რომ ახალმა დროებამ ქალის უფლებების დაცვისთვის ბრძოლა აქტუალური გახადა. მსოფლიომ უფრო მეტად გაგვამახვილებინა ყურადღება - სახელმწიფომ იზრუნოს ყველა სფეროში ე.წ. სუსტი სქესის წარმომადგენლების ჩართულობასა და დასაქმებაზე, რათა ქალებმაც შეძლონ ამ სამყაროში თვითრეალიზება... 
8 მარტი სწორედ ის დღესასწაულია, რომელიც ქალთა საკითხებზე მსჯელობის „მადას“ ხსნის... ასეთი საკითხი უამრავია... ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა უნივერსიტეტში დასაქმებული ქალბატონების მოსაზრებები ყველა იმ თემაზე, რა თემასაც ააქტიურებს ქალებისადმი მიძღვნილი დღე... მაინც, „რა სურთ ქალებს?“ როგორ ახერხებენ ისინი იყვნენ ამ რთულ ეპოქაში რეალიზებულები, წარმატებულები? რა დამოკიდებულება აქვთ ქალთა დღესასწაულების მიმართ? - ეს ის კითხვებია, რაზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ...


„მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა არა მარტო ოჯახში, არამედ საზოგადოებაში“

ჩარიტა ჯაში, თსუ-ის პროფესორი: 
- მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენ ცხოვრება გვიწევს აგრესიულ გარემოში, სოციალური უსამართლობის სამყაროში, სადაც აგრესიისა და ძალადობის გამოვლენა მრავალფეროვანი ფორმებით ხდება. გენდერული უთანასწორობა არსებული სოციალური უთანასწორობის გამოვლენის კონკრეტული ფორმაა. 
აღსანიშნავია, რომ ქალთა უფლებებზე საუბარი 1997-1998 წლებში საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურდა, როდესაც გაეროს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვანი პროექტის - „ქალები განვითარების პროცესში“ განხორციელება დაიწყო. ამ პროექტის მთავარ მიზანს საზოგადოებისთვის არა მარტო ქალთა უფლებების გაცნობა, არამედ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის წარმოჩენა წარმოადგენდა. 
ჩემი აზრით, საზოგადოება ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზეა დაფუძნებული. დღეს საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, უამრავი პროგრამა ხორციელდება, შეიქმნა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ქვეყანაში სამართლიანობისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას ემსახურება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა დღითი დღე აქტიურდება და პოზიტიური ტენდენციებიც სახეზეა: მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა არა მარტო ოჯახში, არამედ საზოგადოებაში. ქალი გახდა უფრო აქტიური, ეკონომიკურად ძლიერი მოთამაშე და, რაც მთავარია, შეცვლილია საზოგადოების დამოკიდებულებაც ამ პრობლემის მიმართ. 
ზოგადად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მიუხედავად იმ პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმებისა, რაც საქართველომ გამოიარა, დემოკრატიული განვითარების პროცესი არ შეჩერებულა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალის სტატუსი და იმიჯი საზოგადოებაში. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ გვყავს წარმატებული ქალები. სასიამოვნოა ისიც, რომ უამრავი ახალგაზრდა მიდის საზღვარგარეთ განათლების მისაღებად და ამ კუთხით გენდერული პარიტეტი დაცულია, თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, რითაც საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის განვითარებულ ქვეყნებს. 
მეამაყება, რომ დღესაც უნივერსიტეტში ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები და ეს ამაღლებს ჩემს განწყობას. სასიხარულოა, რომ ჩემს გვერდით ბევრი ღირსეული, თავისი საქმის პროფესიონალი ქალბატონია, რომლებიც განათლების სისტემის გარდაქმნის პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი. 
რაც შეეხება გაზაფხულის დღესასწაულებს, ვფიქრობ - არ არის საჭირო დიდი თაიგული... შეიძლება მცირედმაც გაგახაროს... მაგრამ ჩვენ გვჭირდება თანადგომა, ერთმანეთის პატივისცემა, თუნდაც პატარა წარმატების აღიარება, სხვისი პრობლემის გაზიარება. უნივერსიტეტის თანამშრომლებს ვუსურვებ, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი...


„დროა, დავივიწყოთ „ძველი შარვლის კემსვა“ და საკუთარი უფლებების დასაცავად უფრო აქტიურები გავხდეთ“

ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ-ის პროფესორი:
- რთულია, ზოგადად, ისაუბრო ქალის როლზე დღევანდელ, წინააღმდეგობრივ სამყაროში და კონკრეტულად - საქართველოში, სადაც, ერთი მხრივ, ქალი გაფეტიშებულია, იდეალიზებულია და, მეორე მხრივ, თავდასხმის ობიექტადაც ადვილად იქცევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დეკლარირებული თანასწორობისა და აღიარების ფონზე მაინც თვალსაჩინოა, რომ ქალთა სამოქმედო ასპარეზი შეზღუდულია: იგი ნაკლებადაა ჩართული პოლიტიკასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში, პროფესიულ ასპარეზზე კი კარიერულ წინსვლაში გარკვეული ბარიერებიც არის შესამჩნევი.
მახსოვს, დაახლოებით 10 წლის წინ, ერთ ჟურნალისტთან ინტერვიუში ვთქვი: „საქართველოში ქალი გაიგივებულია წმინდა ნინოსთან, ოჯახისა და სარწმუნოების მცველთან. ცნობილმა ფსიქოლოგმა ადლერმა შემოიტანა ცნება „მამაკაცური პროტესტი“, რომელიც გულისხმობს ქალური, ანუ პასიური როლიდან აქტიურ, მამაკაცურ როლში გადასვლას“. დიახ, რეალობა გვიჩვენებს, რომ 1990-იანი წლების ეკონომიკური ნგრევის ფონზე, სწორედ ბიოლოგიურად დეტერმინირებულმა ოჯახის გადარჩენის ინსტინქტმა, ქართველი ქალი, რიგ შემთხვევებში - მამაკაცებზე უფრო ადრეც, ჩააყენა მცირე, კერძო ბიზნესის სათავეებთან. მათ არც მომსახურების სფეროში დასაქმება იუკადრისეს და უცხო ქვეყანაშიც გაიხიზნნენ, რათა საკუთარი ოჯახები კოლაფსისგან ეხსნათ. 
ზოგადად, ძალიან მიყვარს გაზაფხული, რაც ბუნების გამოღვიძებასთან, ფერთა ლამაზ პალიტრასთან, ახალი სიცოცხლის, ახალი ცხოვრებისეული ეტაპის დაწყებასთანაა ასოცირებული. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოში 8 მარტს, ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, უფრო მეტი შინაარსობრივი დატვირთვა უნდა მივცეთ და მხოლოდ ყვავილების რიტუალურ მირთმევასა და მაღალფარდოვან სადღეგრძელოებში არ უნდა ჩავკარგოთ მისი რეალური არსი. დიახ, მგონი, დროა, დავივიწყოთ „ძველი შარვლის კემსვა“ და საკუთარი უფლებების დასაცავად უფრო აქტიურები გავხდეთ: გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები, გამოვიდეთ პოლიტიკურ და სოციალურ ასპარეზზე, ხმა ავიმაღლოთ შრომის ბაზარსა და ანაზღაურებაში არსებული დისკრიმინაციის, აგრესიის, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. მეტი სოლიდარობა თვითშეფასების ამაღლების მისაღწევად და გაერთიანება ქალთა უფლებების დაცვისთვის!


„გარდამავალი პერიოდის ქალები“

ხათუნა მაისაშვილი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი: 
- სათაური ისეთი გამომივიდა, როგორც სამაგისტრო პროგრამის დასახელება, თუ მთელი პროგრამისა არა... ინგლისურად ერთ-ერთი კურსის სახელიც კი ჩამესმის ყურში - „Women in Transition“. თუმცა მისი შეცვლა არ შემიძლია და არ შეიძლება. ეს ქალების ერთი თაობის ამბავია, რომლებმაც ისეთი თვისებები, სიცოცხლისუნარიანობა, მებრძოლი ხასიათი და პროფესიონალიზმი გამოავლინეს, როგორსაც ვერც კი იეჭვებდნენ საკუთარ თავში. 
18 წლისა ვიყავი, II კურსის სტუდენტი, როცა ლექტორმა, ჟურნალისტიკის ალბათ ერთ-ერთმა საუკეთესო მასწავლებელმა თეიმურაზ სტეპანოვ-მამალაძემ ჩემი ნაწერი დამიბრუნა და მითხრა: - ცუდი არ არის, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ რისკავთ - გახდეთ ერთ-ერთი იშვიათი, თითქმის გამონაკლისი ჟურნალისტი ქალი, რომელიც ფეხბურთზე წერს...
რაღაცამ შემაცბუნა. შეფასებამ არა. თეიმურაზ მამალაძის - „ცუდი არ არის“ - ნიშნავდა იმას, რომ სხვები იტყოდნენ „ძალიან კარგია“... მაგრამ ყური რაღაც სხვამ მომჭრა - ეს იყო პროფესიული გენდერის პირველი გაკვეთილი, გაფრთხილება იმის შესახებ, რომ არსებობდა ქალური და კაცური საქმე ჟურნალისტიკაში ანუ არსებობდა ქალური და კაცური თემები, რომელთა საზღვრებსაც თუ დაარღვევდი - ესე იგი, გარისკავდი. 
მოგვიანებით მივხვდი, რას ნიშნავდა ეს რისკი - როცა მუშაობა დავიწყე. პრაქტიკაში ვნახე ქალობა-კაცობის მიხედვით ორგანიზებული შინაარსი. ჩვეულებრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთში ქალები კულტურაზე, განათლებაზე წერდნენ, კაცები - პოლიტიკაზე, დანაშაულზე და სხვა დანარჩენზე; სპორტულ გაზეთშიც კი ქალებს თავიანთი არე ჰქონდათ შემოფარგლული - სპორტის ის სახეობები, რომლებშიც ქალები ასპარეზობდნენ. კაცები კი წერდნენ ყველაფერზე. ამ დადგენილი წესრიგით, ქალი ესთეტი იყო, მფრთხალი და ემოციური, კაცი - პრაგმატული და ჭკვიანი, ფსიქოლოგიურად მეტად გამძლე და პასუხისმგებლობის მეტი გრძნობით... კაცი მუდამ უკეთ აფასებდა და წონიდა საფრთხეს. „კაცურ თემაში“ შესული ქალი კრიტიკისთვის იყო განწირული - დიდი, ასტროფიზიკური ობსერვატორიის ლინზის ქვეშ ათავსებდნენ კოლეგებიც კი მის ნაწერს და უმცირესი დეტალიც კი ექსპერტიზას ექვემდებარებოდა, სხვათა შორის, ყველა მსურველის მხრიდან.
არ ვიცი, შევძლებდი თუ არა, დიდხანს გამეძლო ამ წესრიგისთვის. საბედნიეროდ, ბედმა ამგვარი გამოცდისთვის არ გამწირა. გამძლეობაზე - ამ კუთხით - არ შემამოწმა. 80-იანების ბოლოს პოლიტიკამ დიდი ცვლილებები მოიტანა ჟურნალისტიკაში - რაღაც პირობითი თავისუფლება, რომელსაც საზღვრები თან ჰქონდა და თან არ ჰქონდა. თვითონ ჟურნალისტზე იყო დამოკიდებული, თავისუფლების რა ჩარჩოებს დაუწესებდა საკუთარ თავს. და მაშინ ვნახე, როგორ ძალიან სწრაფად დაიწყო რღვევა ამ დადგენილმა, თითქოს ძალიან სტაბილურმა კაცურ-ქალურმა წესრიგმა. კაცებმა თავისუფლებისგან მომდინარე საფრთხის აწონვა დაიწყეს, ქალებმა - თავისუფლებით ტკბობა და სარგებლობა. კაცები დროს ჰკარგავდნენ, ქალები კი დროს იგებდნენ. იდეოლოგიური კონფორმიზმის ზღუდეს ქალებმა თამამად გადააბიჯეს და ბევრად უკან მოიტოვეს „ძლიერი კოლეგები“... გაზეთების პირველ გვერდებს, სადაც კაცებისთვის დადგენილი პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა ყოფილიყო განთავსებული, ცარიელად დარჩენის საფრთხე ემუქრებოდა, რადგან კაცები ამ დროს, როგორც უკვე გითხარით, ზომავდნენ და წონიდნენ რაღაცას... და სწორედ ამ დროს, ამ დაბნეულობით გაბერილ ვაკუუმში, იშვა ახალი, თავისუფალი, საოცარი ნიჭიერებით დაწერილი მედია შინაარსი: პირველი რეპორტაჟები ქალებმა გადმოსცეს ქალთა კოლონიებიდან, ბავშვთა სახლებიდან, ფსიქონევროლოგიური დისპანსერებიდან; პირველ რეპორტაჟებში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან განგაშის პირველი სიგნალები სწორედ ქალმა ჟურნალისტებმა გააჟღერეს; პირველი რეპორტაჟები ფრონტის ხაზიდან ქალი ჟურნალისტების სახელთან ასოცირდება; ქართული საგამოძიებო ჟურნალისტიკაც ქალ ჟურნალისტებს უნდა უმადლოდეს დაბადებას. მაშინ ისინი სულ რაღაც ოცდახუთიოდე წლის გოგონები იყვნენ... 
პარადოქსივით მახსენდება: თვითონ ორიოდე კვირის წინ ალმოდებული სოხუმიდან უშიშრად გამოსული და რედაქციაში დაბრუნებული მაია გოგოლაძე და ლია ტოკლიკიშვილი ხშირ-ხშირად მიდიოდნენ ფანჯარასთან და ჩელუსკინელების ხიდს აჰყურებდნენ ხვამლის ქუჩიდან... მეც მათთან ერთად ვდგებოდი და სამივენი ქუჩას გავყურებდით, თითქოს საკენ-ჭუბერის გზა აქედან გამოჩნდებოდა. საკენ-ჭუბერის გზით კი ამ დროს ჩვენი გაზეთის სამხედრო კორესპონდენტი ირაკლი ალადაშვილი მოდიოდა...


„განათლების სფეროში ბევრი წარმატებული ქალია“

ნინო ჩიქოვანი, თსუ-ის პროფესორი: 
- საზოგადოების განვითარებაში ქალის როლი, ჩემი აზრით, ყოველთვის, ყველა ეპოქაში მნიშვნელოვანი გახლდათ, თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად იყო შეფასებული, გააზრებული და დაფასებული მისი საქმიანობა. მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ჩვენს დროში სულ უფრო მკაფიო ხდება ის ფაქტი, რომ ქალის როლი გაიზარდა და ტრადიციულად შენარჩუნებული ფუნქციის გარდა იგი დღითი-დღე უფრო მეტად აქტიურად გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე. 
სასიამოვნო ფაქტია, რომ დღეს ქალები, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით აქტიურად მოღვაწეობენ - იქნება ეს განათლების, მეცნიერების, პოლიტიკის, ეკონომიკის სფეროები. მათი უმეტესობა მამაკაცებზე არანაკლებ კარგად ართმევს თავს თავის მოვალეობებს. ამის მაგალითია ისიც, რომ დღეს ქალები განათლების სფეროში დიდ წილს შეადგენენ, განსაკუთრებით სკოლებსა და საუნივერსიტეტო სივრცეში. ვისურვებდი, რომ კაცებიც იყვნენ ამ სფეროში ასეთივე თანაფარდობით წარმოდგენილები. 
დღეს ქალთა უფლებების დაცვაზე გაუთავებელი მსჯელობაა. ჩემი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვა შევიწროებისა და ძალადობისაგან ყველას ეხება, თუმცა, ეს თითქოს უფრო მეტად განასხვავებს ერთმანეთისაგან გენდერულად საზოგადოების წევრებს და ხაზს უსვამს იმას, რომ ქალი დაუცველია და განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. ჩემი აზრით, დღეს ამ უფლებების დაცვას ქალი თავადვე ახერხებს. რა თქმა უნდა, ვინც ვერ ახერხებს, მას დახმარება სჭირდება, ამ შემთხვევაში სქესს მნიშვნელობა არა აქვს.
განსაკუთრებული ნიშნებით დღესასწაულების გამორჩევის მოტრფიალე არ ვარ, მაგრამ კარგია, რომ არსებობს „დედის დღე“ და „ქალთა დღე“, როდესაც საშუალება გვაქვს - ერთმანეთს მივულოცოთ და პატივისცემა გამოვხატოთ.