ბეჟან თუთბერიძის ახალი წიგნი

13 აპრ 2019

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ბეჟან თუთბერიძის სახელმძღვანელოს - „მაგმური ქანების პეტროლოგია კრისტალოოპტიკის საფუძვლებით“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
,,სიმბოლურია, რომ ჩემი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის აუდიტორიაში ტარდება. ალექსანდრე თვალჭრელიძემ 1919 წელს მინერალოგია-პეტროლოგიის კათედრა დააარსა, რომელიც იყო პირველი გეოლოგიური პროფილის კათედრა არა მხოლოდ ახლად დაარსებულ თსუ-ში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც. ამ კათედრას წელს 100 წელი უსრულდება.
მაგმური ქანების პეტროლოგიის სახელმძღვანელოს შედგენის აუცილებლობა რამდენიმე გარემოებამ გადამაწყვეტინა - ძლიერ ტრანსფორმირებული გეოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტთათვის სასწავლო კურსის სილაბუსთან შესაბამისი მაგმური ქანების პეტროლოგიის ქართულენოვანი სახელმძღვანელოს არარსებობამ და პეტროლოგიის დარგში ჩემმა მრავალწლიანმა პედაგოგიურმა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დაგროვილმა გამოცდილებამ.
სახელმძღვანელოს მომზადებასა და გამოცემაში ძალიან დამეხმარა ქართველი და უცხოელი კოლეგების პეტროლოგიის სახელმძღვანელოები, ლექციური კურსები, სამეცნიერო ლიტერატურა, ჩემი სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული მონაცემები და უნივერსიტეტში მოღვაწეობის დიდი ხნის გამოცდილება. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ პეტროლოგიის დარგი სწრაფად ვითარდება და გროვდება უახლესი როგორც ექსპერიმენტული, ისე თეორიული მასალა. ხმარებიდან გამოდის მოძველებული ტერმინები და ცნებები. სწორედ ჩამოთვლილი არგუმენტები გახდა ახალი სახელმძღვანელოს შექმნის იდეა“, - განაცხადა წიგნის ავტორმა, პროფესორმა ბეჟან თუთბერიძემ, რომელმაც მსმენელებს წინაშე წიგნის ილუსტრაციები წარმოადგინა.
სახელმძღვანელოს შინაარსი და სტრუქტურა შეესაბამება პეტროლოგიის კურსის სილაბუსს და განკუთვნილია უნივერსიტეტების გეოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. მას გამოიყენებენ გეოლოგიის, გეოგრაფიის და გეოფიზიკის დარგის მაგისტრანტები, დოქტორანტები და პრაქტიკოს-გეოლოგები.
სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე ისაუბრა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ: „ახალი სახელმძღვანელო საშუალებას აძლევს ჩვენს სტუდენტებს - უფრო ღრმად გაიცნონ და შეიყვარონ არჩეული პროფესია“. 
პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი მაღალაშვილი და გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი კარლო აქიმიძე.
„35 წლის წინ გამოვიდა პირველი სახელმძღვანელო პეტროგრაფიაში „პეტროლოგია-მინერალოგიის საფუძვლები“ აკადემიკოს ნიკოლოზ სხირტლაძის ავტორობით. Eეს ნაშრომი სსრკ განათლების სამინისტროს გეგმის მიხედვით მომზადდა და განკუთვნილი იყო გეომორფოლოგიის, გეოგრაფიისა და ძებნა-ძიების გეოფიზიკური მეთოდების სპეციალობის სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი სტუდენტები დღემდე ამ წიგნით სარგებლობდნენ. და აი, დღეს, ჩვენ ხელთ გვაქვს ახალი, შესანიშნავი სახელმძღვანელო, რომელიც სრულად შეესაბამება პეტროლოგიის სწავლების სილაბუსს. ეს ახალი სახელმძღვანელო უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია მაღალკვალიფიციური გეოლოგიური კადრების მომზადების საქმეში“, - აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა კარლო აქამიძემ. 
პრეზენტაციის ბოლოს სახელმძღვანელოს ავტორმა დიდი მადლობა გადაუხადა წიგნის რეცენზენტებს, თსუ-ის გამომცემლობის თანამშრომლებს, ფინანსურ მხარდამჭერს ბატონ ჯონი შუბითიძეს და გამომცემლობა „მერიდიანის“ დირექტორს ბატონ კახა რუსიძეს.