ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიის წარდგენა ლონდონში

16 თებ 2019

მსოფლიოს ქართველოლოგიური საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის დასაწყისში ამსტერდამში გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფია - „შუა საუკუნეების ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“.
მონოგრაფია ეხება რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურულ წყაროდ გამოყენებას შექსპირისა და მისი თანამედროვე დრამატურგების - ბომონტისა და ფლეტჩერის მიერ მე-17 საუკუნის დასაწყისის ინგლისში.
27 ნოემბერს მონოგრაფიის პრეზენტაცია ლონდონში გაიმართა.

უკვე ათი წელია, რაც აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის მიგნებამ, რომელიც შექსპირისა და მისი თანამედროვე დრამატურგების მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურულ წყაროდ გამოყენებას შეეხება, მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ამ თემაზე მრავალჯერ იქნა მოხსენებული როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმზე. 2011 წელს ქართველი მეცნიერის ინგლისურენოვანი მონოგრაფია „რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და ევროპული ლიტერატურა“ ლონდონის პრესტიჟულმა გამომცემლობამ დასტამბა.
ამ პერიოდში მკვლევარი ასაბუთებდა, რომ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი - „ვეფხისტყაოსანი“ - უტყუარად შეიძლებოდა მიჩნეულიყო მე-17 საუკუნის ინგლისელი დრამატურგების - ბომონტისა და ფლეტჩერის პიესების („მეფე და არა მეფე“, „ფილასტერი“) ლიტერატურულ წყაროდ. მომდევნო წლებში კი კვლევამ გამოკვეთა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ასევე შეიძლებოდა მიჩნეულიყო შექსპირის პიესა „ციმბელინის“ (1608-1610 წწ.) ლიტერატურულ პირველწყაროდ.
სწორედ ამ დასაბუთებით შევსებული და გადამუშავებული მონოგრაფია - „შუა საუკუნეების ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“ („Medieval Georgian Romance The Man in a Panther-Skin and Shakespeare’s Late Play“, 2018 წ.) გამოიცა მიმდინარე წელს ამსტერდამში. წიგნის წარდგენა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, ხოლო 27 ნოემბერს - ლონდონში, სადაც ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოებამ რუსთაველის დღე აღნიშნა.
„წიგნის პრეზენტაცია ძალიან საინტერესო საზოგადოებაში შედგა და ბევრი ხალხი ესწრებოდა. აქ იყვნენ ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობისა და ლონდონის სამეფო-სააზიო საზოგადოებების წევრები, საქართველოთი დაინტერესებული ადამიანები, ქართველოლოგები. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სანამ ჩემი მონოგრაფიის პრეზენტაცია დაიწყებოდა, კიდევ ერთი საინტერესო გამოცემა გააცნეს დამსწრეებს - ეს იყო ინგლისში ემიგრირებული თავად შერვაშიძის ქალიშვილის მიერ გამოცემული მამის ჩანაწერები, რომელიც რუსეთის რევოლუციასა და საქართველოს იმდროინდელ მძიმე მდგომარეობას ეხებოდა“, - გვითხრა ბატონმა ელგუჯამ.
პრეზენტაციაზე მონოგრაფია წარადგინა ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და მეცნიერმა ანტონი ანდერსონმა, რომელიც ბრიტანეთ-საქართველოს საზოგადოების ბორდის წევრი და ერთ-ერთი დირექტორია. უნდა ითქვას, რომ ანტონი ანდერსონი აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის შემოქმედებას დიდი ხანია იცნობს და დეტალურადაა ჩახედული ამ კონკრეტულ კვლევაში. „მან ისაუბრა არა მხოლოდ წიგნის თაობაზე, არამედ იმ გზებზეც, თუ როგორ უნდა მისულიყო ეს ამბავი საქართველოდან ინგლისამდე. ანდერსონმა ჩემი თვალსაზრისიც გაიზიარა და, თავის მხრივ, ძალიან საინტერესო მონაცემებიც დაამატა „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულის ლონდონამდე და შექსპირამდე მიღწევის თაობაზე, რადგან თავად გახლავთ სპეციალისტი ინგლისელი მოგზაურებისა აღმოსავლეთში, მათ შორის, სპარსეთსა და კავკასიაში. შემდეგ ვისაუბრე ჩემი კვლევისა და ამ მონოგრაფიის თაობაზე. მოხსენება, ძირითადად, ჩემ მიერ წამოყენებული თეორიის დასაბუთებაზე იყო აგებული. როგორც ცნობილია, შექსპირი იყენებს ბევრ ლიტერატურულ წყაროს - იმას, რაც მაშინ უცხოდ და მოდურად მიიჩნეოდა. ჩემი მოსაზრებით, სწორედ ამ უცხო და მოდურ წყაროებს შორის აღმოჩნდა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ძალიან ფართოდ და საინტერესოდ არის გამოყენებული ნაწარმოებში „ციმბელინი“ და სხვაგანაც ჩანს მისი ანარეკლი. შექსპირის ეს ნაწარმოები მე-17 საუკუნეში ხშირად იდგმებოდა სცენაზე, მაგრამ ჩვენი მეცნიერებისთვის იგი პოპულარული და ხელმისაწვდომი არ იყო, რადგან არ თარგმნილა არც ქართულად და არც რუსულად. ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ ის არ მოქცეულა ქართველ მკვლევართა თვალთახედვის არეში“, - ამბობს აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.
პრეზენტაციაზე ითქვა, თუ რა მიმართულებებით ან როგორ საბუთდება, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულა სამ ინგლისურ პიესაშია გამოყენებული. გამოიკვეთა ცალკეული პასაჟები, სახელები, სადაც ჩანს მსგავსება ქართული პოემის და ინგლისური პიესების მოქმედ პირებს შორის, ასევე დასაბუთდა, რომ შექსპირის „ციმბელინის“ და ბომონტისა და ფლეტჩერის ორი პიესის ლიტერატურული წყარო საკუთრივ „ვეფხისტყაოსანია“. 
„პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ, რადგან ინგლისური საზოგადოების დაინტერესება მოწმობს, რომ საქართველოს კულტურა, ლიტერატურა და აზროვნება ცნობილი ყოფილა ევროპისთვის ჯერ კიდევ ძველ დროს. „ვეფხისტყაოსანი“ თავდაპირველად საუკუნეების წინათ მისულა ლონდონში. უფრო მეტიც, მსოფლიო ლიტერატურის შედევრს - „ვეფხისტყაოსანს“ - არა მხოლოდ იცნობს, არამედ ლიტერატურულ წყაროდ იყენებს რენესანსის ეპოქის მწვერვალი - შექსპირი“, - აღნიშნა ელგუჯა ხინთიბიძემ.
ქართველი მეცნიერის კვლევა თანდათან მეტ პოპულარობას იძენს. ამჯერად აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე მიწვეულია საერთაშორისო შექსპიროლოგიურ კონგრესზე, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება.