ახალი ქართული ლიტერატურა და ევროპული მწერლობა

15 თებ 2019

„ახალი ქართული ლიტერატურა და ევროპული მწერლობა“, - ამ სახელწოდებით გამოიცა თსუ-ის ასოცირებული პროფესორის ეკა ვარდოშვილის მონოგრაფია, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ვლინდება ევროპული ლიტერატურულ-სააზროვნო ტრადიციები და სახისმეტყველების ფორმები ახალ ქართულ ლიტერატურაში. წიგნში ასევე საუბარია - როგორ აისახა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში კულტურული ინტეგრაციის საკითხი ქართულ ლიტერატურასა და მეცნიერებაში. ქართველი კლასიკოსების შემოქმედების კვლევის საფუძველზე ავტორი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას: თუ რატომ არის ქართული კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი. ეკა ვარდოშვილის თქმით, ნაშრომის მიზანი ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობების ახალი შტრიხების გამოვლენაა.
წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი XIX საუკუნის ქართველი კლასიკოსებისა და ევროპული მწერლობის მიმოხილვას ეთმობა. „ქართული ლიტერატურის მეცნიერული შესწავლა ევროპაში XIX საუკუნიდან იწყება, როდესაც 1821 წელს, პარიზში, დაარსდა აღმოსავლეთის შემსწავლელი „აზიური საზოგადოება“ („შოციეტეAსიატიქუე“). განხილულია ა. გრიფიუსის ტრაგედია - „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“, რომელიც გერმანიაში 1657 წელს გამოიცა. ა. გრიფიუსმა თავის ტრაგედიაში შექმნა სრულყოფილი სახე ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის თავდადებული ქართველი დედოფლის. საქართველოს თემა დამახასიათებელია ევროპული ლიტერატურისათვის. ამ მხრივ გამონაკლისს არც ქეთევან დედოფლის პარადიგმული სახისმეტყველება წარმოადგენს“, - ამბობს ეკა ვარდოშვილი. 
მეორე თავი - „XIX საუკუნის ქართული მწერლობა და დასავლეთ ევროპის ლიტერატურა“, - ძირითადად, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების განხილვას და მისი შემოქმედების განსხვავებული ასპექტების ძიებას ეძღვნება. საუბარია ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსზე „ნაპოლეონი“ და მისი მიმართების საკითხებზე „ნაპოლეონის ციკლის“ ბაირონისეულ ლექსებთან.
წიგნში ავტორი საუბრობს ქართულ-პოლონურ ლიტერატურულ ურთიერთობებზე. ნაშრომში ნაჩვენებია, თუ როგორ აისახა გოეთეს მიმდინარე ტენდენციები XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა ლიტერატურულ ნააზრევში. ამ კუთხით განხილულია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მემკვიდრეობა.
„1827 წელს ეკერმანთან საუბრისას გოეთემ პირველმა აღიარა მსოფლიო ლიტერატურის არსებობა. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ ლიტერატურა არ შეიძლება იყოს კარჩაკეტილი, რაც თავისთავად ითვალისწინებს საერთო ტენდენციების არსებობას სხვადასხვა ლიტერატურაში. ფაუსტური პარადიგმა ვლინდება ქართველ კლასიკოსთა შემოქმედებაში. აღნიშნულია ისიც, რომ გოეთეს „ჩემი ცხოვრება, პოეზია და სინამდვილე“ იყო აკ. წერეთლის შთაგონების წყარო, როდესაც „ჩემ თავგადასავალს“ წერდა“, - აცხადებს ავტორი.
საინტერესოა წიგნის მესამე თავი - „ამერიკა XIX ს. ქართველ კლასიკოსთა შემოქმედებაში“. „ქართველი მკითხველისათვის, ალბათ, საინტერესოა XIX ს. ქართველი კლასიკოსების მიერ დანახული ამერიკა. აღსანიშნავია, რომ თარგმნილ თუ ორიგინალურ ნაწარმოებებში ისინი ცდილობენ ქართულ საზოგადოებას გააცნონ ამერიკა და ამერიკელი ხალხი. თავიანთ პუბლიცისტურ წერილებში, ძირითადად, საუბრობენ ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულ ღირებულებებზე. მაგალითად, გრიგოლ ორბელიანის „მგზავრობა ჩემი თბილისიდამ პეტერბურგამდის“ პირველი ნაწარმოებია, სადაც ავტორი ამერიკის შესახებ გვესაუბრება. ქართული ლიტერატურათმცოდნეობისთვის სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 1878 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ შესრულებული მხატვრული თარგმანის („უბინაო კაცი ნიუიორკში“) გავლენით დაიწერა მისი მოთხრობა „სარჩობელაზედ“. ჩემს ნაშრომში, ასევე, ვსაუბრობ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე. მისი პროზა შეიძლება შევადაროთ ამერიკელი მწერლების ტრუმენ კეპოტისა და სესარ ლეანტეს პროზაულ თხზულებებს“, - ამბობს ეკა ვარდოშვილი. 
წიგნის მეორე ნაწილი წარმოადგენს თარგმანს 2016 წელს გერმანიაში გამოცემული წიგნისა - ლევ ტოლსტოის ტრაქტატი „რა არის ხელოვნება?“. აღსანიშნავია, რომ წიგნის პრეზენტაცია 2017 წელს შედგა ქართულ-გერმანულ ურთიერთობათა ფორმატში. ავტორი ვრცლად განიხილავს - თუ როგორ არის დანახული გლობალიზაციისა და კულტურული ინტეგრაციის საკითხი ლევ ტოლსტოის თეორიული სახის ტრაქტატში და საუბრობს - თუ როგორ აისახა კულტურული ინტეგრაციის საკითხი XIX საუკუნის ქართულ მწერლობასა და მეცნიერებაში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული და კიტა აბაშიძის მეცნიერული ნააზრევის საფუძველზე.
მონოგრაფიის მიზანია, აჩვენოს მკითხველს, რომ ქართული კულტურა, თავისი არსით, არის ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი, რომ XIX საუკუნის ქართველი კლასიკოსები ჩართულნი არიან მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებში და თავისი წვლილი შეაქვთ მის განვითარებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეკა ვარდოშვილის მონოგრაფია „ახალი ქართული ლიტერატურა და ევროპული მწერლობა“ წარმოდგენილი იყო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.