საგამოცდო სისტემის კომპიუტერული მოდელი - სიახლე, რომელიც შედეგზე აისახება

26 ოქტ 2015

სწავლის დაწყებასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სამზადისი. სტუდენტებს მუდმივად აინტერესებთ, იგეგმება თუ არა რაიმე სახის ცვლილებები ან ინოვაციები საგამოცდო პროცესთან მიმართებაში. ამ საკითხებთან დაკავშირებით მივმართეთ თსუ-ის საგამოცდო ცენტრის დირექტორს ქალბატონ მაია ჩიღვინაძეს.

- რა სიახლეები იგეგმება 2015-2016 სასწავლო წლისათვის საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით?
- უკვე დაწყებულია მუშაობა კომპიუტერული პროგრამის ცვლილებასთან დაკავშირებით, იგეგმება კომპიუტერული კლასების დამატება, რაც გულისხმობს, რომ იმ საგნებში, სადაც ლექტორი აგზავნიდა მხოლოდ დახურული ტიპის ანუ არჩევითი პასუხის მქონე ტესტებს, ჩატარდება კომპიუტერულად, კომპიუტერთან ადაპტირებული ტესტირების პროგრამის გამოყენებით. სტუდენტები გამოცდის დასრულებისთანავე გაიგებენ თავიანთ შეფასებას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საგნების ნაწილს ეხება.

- როდის შეძლებენ სტუდენტები გარკვეული საგნის გამოცდების კომპიუტერთან ჩაბარებას?
- ვინაიდან ეს მოითხოვს ძალიან დიდ ტექნიკურ და მატერიალურ რესურსს და ამ სიახლის განხორციელებას გარკვეული დროც სჭირდება, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული რეფორმა დაიწყება მეორე სემესტრიდან, თუმცა სამუშაოები უკვე დაწყებულია, ასევე მიმდინარეობს ტენდერები შესაბამისი რესურსის შესაძენად. 
- როგორც „უნივერსიტეტის“ ერთ-ერთ გადაცემაში ახსენეთ, საგამოცდო სექტორებში უნდა დამონტაჟებულიყო ვიდეო კამერები, რათა საგამოცდო პროცესი უფრო მეტად გამხდარიყო გამჭვირვალე. რა სიახლეებია ამ კუთხით?
- ვიდეო კამერების მონტაჟი ამ სემესტრისთვის ვერ მოხერხდა, თუმცა ვაპირებთ, რომ დავაყენოთ ხმის ჩამხშობი ღია მოწყობილობები, რომელიც ჩაახშობს მობილურ კონტაქტებს, რამაც ბოლო დროს მასიური სახე მიიღო. 
- საინტერესოა ასევე, რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას სტუდენტი გამოცდიდან?
- სტუდენტი ვალდებულია ცხრილში მითითებული განრიგის მიხედვით გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე. დაგვიანების შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება. ასევე აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა საწერი კალმის, სასმელი წყლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთებისა. თუ სტუდენტი დროზე ადრე დაიწყებს საგამოცდო ბილეთზე მუშაობას, მიიღებს გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის, მათ შორის, დისციპლინური ხასიათის დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან. აკრძალულია გამოცდის პროცესის დროს საუბარი. სრული რეგულაცია ატვირთულია ვებ-გვერდზე www.tsu.ge.
- და ბოლოს, ალბათ სტუდენტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რა ვადაში უნდა გასწორდეს ნაშრომი და გაიგოს სტუდენტმა შეფასება?
- გამოცდის ჩატარების შემდეგ ნაშრომები გასასწორებლად გადაეცემათ შესაბამისი საგნის ლექტორებს, რეგულაციით 5 დღის ვადაში ლექტორმა ჩვენ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ საგამოცდო პროცესის პერიოდში ჩვენი უწყება მუშაობს შაბათ დღესაც. ერთ დღეში იწერება საშუალოდ 20-25 საგნის გამოცდა და შემდეგ მოდის ჩვენთან ნაშრომები. ვინაიდან, საგამოცდო პროცესი ყოველდღიურად მიმდინარეობს, ჩვენ ამ ნაშრომების ,,გაჩერება“ არ გვაწყობს არც ერთი დღით. ამიტომ გასწორების ხანგრძლივობა, უმეტესწილად, ლექტორზეა დამოკიდებული. ზოგადად, ეს პროცესი ძალიან გამჭვირვალეა, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ღიად ჩაატაროს მონიტორინგი თუ ვფიქრობთ, რომ გაქრება ყოველგვარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ცენტრი ქულის დადებას აგვიანებს.

P.S. როგორც ინტერვიუდან ჩანს, თსუ-ის საგამოცდო ცენტრს საკმაოდ ბევრი სიახლე აქვს სტუდენტებისთვის, რომელიც დაკავშირებულია საგამოცდო სისტემის მოდერნიზაციასთან. ამიტომაც, შემდეგი სემესტრიდან უნდა ველოდოთ ამ სიახლეების განხორციელებას და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ადაპტირებულ საგამოცდო გარემოს.

თემურ ბეჟანიძე,
სოციალურ და პოლიტიკურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი