ზურაბ სეფერთელაძე - 70

16 თებ 2019

ბატონი ზურაბ სეფერთელაძე, თითქმის ხუთი ათეული წელია, 1966 წლიდან (სტუდენტობის წლების ჩათვლით) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებით ცხოვრობს და მისი ჭირ-ვარამის ერთგული გამზიარებელია. ამ ხნის განმავლობაში მისი ყოველი დღე უკავშირდება სტუდენტებთან, დოქტორანტებთან და კოლეგებთან გულისხმიერ ურთიერთობას. უმთავრეს ამოცანად კი მაინც, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, კვალიფიკაციური კადრების აღზრდას, ნამდვილ პროფესიონალურ სპეციალისტებად მათ ჩამოყალიბებას მიიჩნევს.
მისთვის დღემდე შთაგონებად დარჩა მისი პედაგოგის, პროფ. დ. უკლებას სიტყვები - ,,ლექციის წინა დღეს და ჩატარების დღეს, სხვას ვერაფერს ვაკეთებ, მთელი ჩემი გონება-განწყობა ლექციის მომზადებისა და ჩატარების ირგვლივ ფიქრით შემოიფარგლება“. სწორედ ამ განწყობით და ასეთივე ენთუზიაზმით შედის ლექციებზე სტუდენტების წინაშე ბატონი ზურაბი დღემდე და ამასვე მოუწოდებს დამწყებ პედაგოგებს -„„თუ ასეთი პასუხისმგებლობით მიუდგებით ლექცია-სემინარების ჩატარებას, მაშინ შესაძლებელი იქნება მთავარი მიზნის მიღწევა - სტუდენტთათვის ცოდნის მეცნიერული საფუძვლების ჩაყრა, სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ბუნებაში მიმდინარე პროცესების შეცნობა“. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პათოსითა და მიზნით, წარმატებით საქმიანობენ საქართველოს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ბატონი ზურაბის ხელმძღვანელობით დისერტაციადაცული დოქტორანტები.
ბატონი ზურაბ სეფერთელაძე წარმოშობით საქართველოს უმშვენიერესი და ძირძველი კუთხის - აჭარის წარმომადგენელია. იგი აღიზარდა არაჩვეულებრივი მშობლების პედაგოგიურ ოჯახში, სადაც მიიღო და შეისისხლხორცა სითბოს და სიკეთის ისეთი შეგრძნება, რომელსაც ასე უშურველად ასხივებს მის ირგვლივ მყოფთა მიმართ და რითაც სწორედ რომ გამორჩეულია ბატონი ზურაბი. ერთი შეხვედრაც კი საკმარისია, რომ ადამიანი დაიმუხტოს მისი ამ თვისებებით, რომელიც, სამწუხაროდ, ასე გვაკლია დღეს.
სტუდენტობის წლებში გამოირჩეოდა კარგი სწავლით, სანიმუშო ქცევით და არჩეული სპეციალობისადმი განსაკუთრებული ინტერესით. მან წარმატებით, წითელი დიპლომით დაამთავრა უნივერსიტეტი და იქვე, ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე „დატოვეს“ სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისათვის მოსამზადებლად... 1984 წელს ბატონმა ზურაბმა წარმატებით დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს - სადოქტორო დისერტაცია და დამსახურებულად მოიპოვა პროფესორის საპატიო წოდება, რომელსაც დღემდე ღირსეულად ატარებს. 
პროფ. ზურაბ სეფერთელაძე გახლავთ 200-მდე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის ავტორი. სტატიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბეჭდილია მაღალ–რეიტინგულ რეფერირებად ჟურნალებში. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ღირებული და ფუნდამენტური მონოგრაფიები, როგორიცაა: „ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები“, „თბილისისა და მისი შემოგარენის ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია“, „Антропогенная трансформация природной среды Южного Кавказа“ და სხვ. მათში განხილულია თანამედროვეობის ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა ფიზიკურ-გეოგრაფიული ზონირება, ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიული და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები რეგიონულ თუ გლობალურ დონეზე. მას ასევე გამოცემული აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის (თანაავტორებთან ერთად) - „ანთროპოგენური ლანდშაფტები“, „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“, „ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია“, „მსოფლიოს ფიზიკური გეოგრაფია“, „გეოგრაფია ეკოლოგებისათვის“, „ლანდშაფტმცოდნეობა და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები“ და სხვ. ეს სახელმძღვანელოები წარმატებით გამოიყენება გეოგრაფიული მეცნიერების ყველა სფეროში და დიდ დახმარებას უწევს სტუდენტებსა და თანამედროვე გეოგრაფიის პრობლემური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს.
ბატონ ზურაბს უდიდესი წვლილი მიუძღვის სასკოლო გეოგრაფიული ცოდნის განვითარებაში. იგი ავტორია არაერთი სასკოლო და მეთოდური სახელმძღვანელოებისა გეოგრაფიაში, რომელსაც წარმატებით იყენებენ ქართულ ეროვნულ სკოლებში მომავალი თაობის მიერ ბუნების შეცნობის, მის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და ეკოკულტურის განვითარებაში. 
ნაყოფიერ და ღრმა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ბატონი ზურაბი წარმატებით უხამებს საზოგადოებრივ საქმიანობას. სხვადასხვა დროს იყო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (2003-2006 წ.წ.), ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი და ამჟამადაც წარმატებით ასრულებს ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრის ხელმძღვანელის მოვალეობას გეოგრაფიის დეპარტამენტში. ასევე აღსანიშნავია, რომ ზურაბ სეფერთელაძე, პროფ. დავით უკლებას გარდაცვალების შემდგომ, რამდენიმე წლის განმავლობაში (2000-2006 წ.წ.), საუნივერსიტეტო საქმიანობასთან შეთავსებით, ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ერთ-ერთ წარმატებულ ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილებას. ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს პრეზიდენტის მადლობა და ღირსების ორდენი.
ბატონი ზურაბი, ასევე, არის საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი, სადისერტაციო საბჭოს წევრი, სამაგისტრო კომისიის თავმჯდომარე, მაგისტრების „მისაღები გამოცდა სპეციალობაში“ თავმჯდომარე და სხვ. 
ასეთი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი საქმიანობისას, ბუნებრივია, იგი როგორც პედაგოგი და ხელმძღვანელი ხშირად აწყდება სხვადასხვა ყოფით თუ პროფესიონალურ პრობლემებს, მაგრამ ბატონი ზურაბი თავისი ჩვეული იუმორითა და კეთილშობილებით ყოველთვის „მშვიდობიანად“ და უმტკივნეულოდ აგვარებს ყველა საჭირბოროტო საკითხს, დიდი ავტორიტეტისა და სანდომიანობის გამო. ამიტომაც, არის პროფ. ზურაბ სეფერთელაძე სტუდენტთა საყვარელი ლექტორი, თანამშრომელთა ერთგული და საიმედო კოლეგა.
ბატონი ზურაბის სიცოცხლისა და მოღვაწეობის ყოველი დღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყება და მთავრდება სტუდენტებთან დაუღალავი მუშაობით, კოლეგებთან შეხვედრითა და მათთვის კეთილი და ჯანსაღი განწყობის შექმნით და, რა თქმა უნდა, ფიქრებით მის ლამაზ ოჯახზე, განსაკუთრებით შორეულ ამერიკაში მცხოვრებ შვილსა და შვილიშვილებზე.
ვუსურვოთ ბატონ ზურაბს დღეგრძელობა, მხნეობა და ჯანმრთელობა, რათა დიდხანს და დიდხანს ეიმედებოდეს მის საყვარელ ოჯახს, კვლავ ასე ერთგულად და ღირსეულად ემსახუროს მის სათაყვანებელ სამშობლოს და საამაყო დედა უნივერსიტეტს.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატი,

გეოგრაფიის დეპარტამენტი,

ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრა