„საბავშვო უნივერსიტეტი“ და ახალი ინიციატივები თსუ-ს პოპულარიზაციისთვის

15 თებ 2019

„თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლებთან და ცდილობს ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სწავლის, მეცნიერების, სხვადასხვა პროფესიის მიმართ ინტერესის გაღვივებას. „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელობა სისტემატურად ეცნობა ხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე სასკოლო განათლების რეფორმირების წარმატებულ მოდელებს და ჩვენს რეალობაში მათი დანერგვის შესაძლებლობებს ეძებს. 
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ეფექტური საქმიანობის შედეგია ის, რომ მისი მსმენელები დღეს უკვე აქტიურად არიან ჩართულნი უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში. 
თუ რა სიახლეებს გვთავაზობს ახალი წლიდან „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“, ამის შესახებ გვესაუბრება „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელი მარინა ლომოური:

- „საბავშვო უნივერსიტეტის“ საქმიანობით ვცდილობთ, მაქსიმალურად ბევრი მოზარდი მოვიცვათ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეთნიკური უმცირესობების, სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს. ჩვენი წარმატებული პროექტები - ლექციები მეცნიერების სხვადასხვა დარგში, ლაბორატორიული მეცადინეობები, ზამთრის და ზაფხულის თემატური სკოლები, კონფერენციები და ა.შ. მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ საქმიანობას ახალი მიდგომებით ვამდიდრებთ. გვინდა, აქცენტები ინტერდისციპლინური თემატიკის მიწოდებაზე გავაკეთოთ და ერთი ციკლის განმავლობაში 5-6 ლექცია ჩავატაროთ, სადაც სხვადასხვა სფეროდან მოწვეული პროფესორები ერთი და იგივე პრობლემას მოსწავლეებს სხვადასხვა კუთხით დაანახებენ. კვლევითი ამოცანის გადაჭრა უფრო ხშირად პრობლემის მრავალპლანიან გააზრებას და სხვადასხვა სპეციალობის მკვლევრების თანამშრომლობას მოითხოვს. საკითხის ინტერდისციპლინარული განხილვა მოზარდებში ანალიზის უნარს ავითარებს. მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ ერთი და იგივე საკითხი მოიცავს არა ერთ მიმართულებას, მას სხვადასხვა მხარე გააჩნია, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. სკოლაში ამ საკითხებზე ნაკლებად საუბრობენ, ვინაიდან ამის დრო მასწავლებელს არ აქვს. ჩვენ გვქონდა მცდელობა - სკოლაში ასეთი ინიციატივით შევსულიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, სკოლების ადმინისტრაცია ამ საკითხით არ დაინტერესდა. ამიტომ ასეთ მიდგომებზე საუბარი მოსწავლეებთან ჩვენ დავიწყეთ. მათ უნდა დავანახოთ, რომ ნებისმიერი საკითხი ნებისმიერ სფეროში მოიცავს რამდენიმე ასპექტს, რომელსაც თუ არ გავითვალისწინებთ, საკითხის ანალიზი და დასკვნები არამართებული იქნება.
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ კიდევ ერთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტია „თსუ დესპანი“, რომელიც წარმატებულად აგრძელებს თავის საქმიანობას ორი თვალსაზრისით: პირველი - ეს არის სარგებელი იმ სკოლისთვის, სადაც ჩვენი დესპანი მივა და მოსწავლეებს თსუ-ის შესახებ უამბობს, სტუდენტური ცხოვრებისა და პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე ესაუბრება და მეორე - ეს მნიშვნელოვანია მისი სოციალური აქტივობა, რაზე საუბრებიც ხელს უწყობს მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას. სტუდენტები ამ საქმიანობას ყოველგვარი საფასურისა და წახალისების გარეშე ეწევიან. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროექტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ჩართვაც, რომლებიც მშობლიურ რეგიონებში თსუ-ის პოპულარიზაციას ეწევიან.

* * *
„საბავშვო უნივერსიტეტის“ კიდევ ერთ ინიციატივასა და სიახლეზე გვესაუბრება D„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პროგრამების კოორდინატორი დემეტრე მოდებაძე:
- წელს „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ გამოავლენს წლის „დესპანს“. ჩვენი დახმარებით დესპანებს ექნებათ შესაძლებლობა სკოლაში რაიმე აქტივობა განახორციელონ: ეს იქნება მოდელირება, ვიქტორინა თუ კონკურსი. ვისი პროექტიც ყველაზე საუკეთესო და წარმატებული იქნება, ის მიიღებს „წლის დესპანის“ წოდებას. შარშან ორი ასეთი დესპანი გვყავდა. იმედია, სტუდენტები წელსაც იაქტიურებენ. ჩვენ კი მათ წავახალისებთ. ვფიქრობთ, თსუ-ის ადმინისტრაცია ამაშიც დაგვეხმარება. 
აქვე მინდა ერთ საკითხსაც შევეხო. ჩვენი სოციალური რეალობა არ არის თავისუფალი სამართლებრივი დარღვევებისგან, რასაც მოზარდები და ქალები ჩადიან. ჩვენ გვინდა მათ თვითშეფასება ავუმაღლოთ და ვუთხრათ, რომ ნასამართლეობა სტიგმა არ არის, ცხოვრებისეული შეცდომის გამოსწორება ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. არასრულწლოვან პატიმრებთან და პრობაციონერებთან მუშაობა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გადავწყვიტეთ - დავეხმაროთ არა მარტო არასრულწლოვნებს, არამედ პატიმარ ქალებსაც, ვისაც შვილები ჰყავთ. ჩვენ შევხვდით პატიმარ ქალებს და მათი შვილების „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პროგრამებში ჩართვა შევთავაზეთ. 
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ საქმიანობა წარმოადგენს ქვეყანაში არაფორმალური განათლების დანერგვისა და განვითარების ჩვენეულ ფორმას. მიხარია, რომ სულ უფრო ფართო ხდება ჩვენი საქმიანობის მნიშვნელობის აღიარება, რაზეც მეტყველებს უცხოელი ექსპერტების შეფასებები. როგორც მათ აღნიშნეს, „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ არის სწორედ ის პროექტი, რომელიც თსუ-ის სოციალურ და სახელმწიფოებრივ ფუნქციას ეფექტურად ახორციელებს. სხვათა შორის, ევროკავშირის დირექტივებში რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო არაფორმალური განათლების მნიშვნელობის გააზრება და მისი დამკვიდრება. სადაც არის კარგი არაფორმალური განათლება, იქ განათლების სისტემაც წარმატებულია. მხოლოდ სკოლა ღირსეულ, განათლებულ და კულტურულ ადამიანს ვერ აღზრდის, მნიშვნელოვანია აგრეთვე არაფორმალური განათლების მიწოდებაც.