მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების რეგიონული კონგრესი

16 თებ 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას - მწვანე ეკონომიკის განვითარებას ეხმიანებიან. ამ თემაზე, სტუდენტების ინიციატივით, უკვე ორი წელია, სამეცნიერო კონფერენცია ეწყობა. 2018 წლის მიწურულს ღონისძიებამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო და, ქართველ ახალგაზრდა მკვლევრებთან ერთად, მასში მონაწილეობა ესპანელმა და თურქმა მეცნიერებმა თუ სტუდენტებმაც მიიღეს. „მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების რეგიონული კონგრესი“ გასული წლის 21-22 დეკემბერს გაიმართა. 
„მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების რეგიონული კონგრესის“ ორგანიზატორები მაკროეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე წარმატებული სტუდენტები არიან. ამავე პროექტის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია, ერთი წლის წინ, ბაკურიანში გამართეს. ასეთი საერთაშორისო ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები ერთობლივად მუშაობენ, თაობათა მჭიდრო ურთიერთობა კი მეცნიერების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნაზირა კაკულიამ. 
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები უკვე აქტიურად ერთვებიან მწვანე ეკონომიკის განვითარების პროცესში და ცდილობენ - შეამცირონ გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და თავიდან აიცილონ ბუნებრივი რესურსების გამოვლენის საშიშროება. შესაბამისად, მწვანე ეკონომიკა მეცნიერების აქტიური შესწავლის საგანი გახდა და დამატებით კვლევებსა და სამეცნიერო სექტორის პროგრესულ ხედვას საჭიროებს. სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღნიშნულ თემაზე სამეცნიერო ღონისძიების ჩატარება. რეგიონულ კონგრესს ორგანიზება დოქტორანტებმა ცოტნე ჟღენტმა, ნინო ბიწაძემ, ვახტანგ ჩქარეულმა (მაკროეკონომიკის კათედრა), ერეკლე ზარანდიამ (ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა) და მაგისტრანტმა ნიკო ხუციშვილმა (ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა) გაუწიეს.
„ეს სამეცნიერო კონფერენცია მთლიანად ეძღვნება მწვანე ეკონომიკას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აქტუალური საკითხია და, შესაბამისად, ვცდილობთ - ჩვენც ჩავერთოთ კვლევით პროცესში. ღონისძიებაზე ესპანელი და თურქი პროფესორები და სტუდენტები მოვიწვიეთ, რამაც საკითხის მასშტაბურად და სიღრმისეულად განხილვას შეუწყო ხელი“, - აღნიშნა ეკონომიკური კათედრის დოქტორანტმა ერეკლე ზარანდიამ. 
„დღეს არსებულმა გარემოებებმა, მათ შორის, ენერგორესურსების დეფიციტმა მსოფლიო მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე დააფიქრა. მწვანე ეკონომიკა გახდა არა მარტო პრაქტიკული, არამედ მეცნიერების შესწავლის საგანიც. მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში უკვე ისწავლება ეს მიმართულება. ამიტომაც საჭიროა არა მარტო პრაქტიკული ზომების მიღება, არამედ თეორიული ღონისძიებების გამართვაც“, - გვითხრა მაკროეკონომიკის მიმართულების დოქტორანტმა ცოტნე ჟღენტმა.
რეგიონულ კონგრესზე მოხსენებები ქართველმა, თურქმა და ესპანელმა პროფესორებმა და სტუდენტებმა წარმოადგინეს. მათი ნაშრომები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა - „ციკლური ეკონომიკის განვითარების ანალიზი“, „მწვანე შენობების სერტიფიცირების სისტემები“, „მდგრადი არქიტექტურა“, „დასაქმების ზრდა“, „ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოსა და საქართველოში“ და ა.შ.
„მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების რეგიონული კონგრესი“ თსუ-ის სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად დაფინანსდა.