ანტიკური ლიტერატურის კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

15 თებ 2019

ანტიკური ლიტერატურის კონკურს „პიგმალიონში“ გამარჯვებულები გამოვლენილია. პირველი ადგილი თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტმა ლიდა კანთელაშვილმა დაიკავა, რომელსაც კომპიუტერული მაღაზია „ალტაოქეის“ 800 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა. II ადგილზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის III კურსის სტუდენტი გიორგი კახიშვილი გავიდა, რომელმაც საჩუქრად ასევე კომპიუტერული მაღაზია „ალტაოქეის“ 400 ლარიანი ვაუჩერი მიიღო. III ადგილზე გასული თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი თეა მიქელაძე კი წიგნების მაღაზიის 200 ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდა. დაჯილდოების ცერემონია 2018 წლის 28 დეკემბერს თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართა. 
„ანტიკური ლიტერატურის ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველ კურსზე გავიარე. ლექციებს ქალბატონი რუსუდან ცანავა გვიკითხავდა. სწორედ მან შემაყვარა ანტიკური ლიტერატურა. როდესაც გავიგე, რომ კონკურსი „პიგმალიონი“ იმართებოდა, მაშინვე გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. შესანიშნავი გარემო იყო, ვმართავდით საინტერესო დისკუსიებს, განხილვებს. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ყველა მონაწილე გამარჯვებულია“, - გვითხრა ლიდა კანთელაშვილმა. 
„სრულიად შემთხვევით გავიგე პროექტის შესახებ და ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ, რომ პროექტში მონაწილეობისთვის დავრეგისტრირებულიყავი. ინფორმაცია მეგობრებსაც კი გავუზიარე. რაზეც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ მიყვარს, ეს ლიტერატურაა... ძველი ბერძნული მწერლობა კი ლიტერატურის საფუძველია. ამიტომ ვთვლი, რომ რასაც უნდა აკეთებდე და რა პროფესიისაც არ უნდა იყო, ლიტერატურა აბსოლუტურად უნიკალურია და ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. მიხარია, რომ ამ პროექტის თბილი გარემოს ნაწილი გავხდი. არ მეგონა, თუ გამარჯვებულთა შორის მოვხვდებოდი. კონკურსის ბოლო ეტაპზე მხოლოდ იმიტომ წავედი, რომ ათენამ შთამაგონა - დამარცხებულის სიამაყე გამოიჩინე და „ოდისეაზე“ დაწერეო. როგორც ჩანს, ღმერთები ჩემს მხარეს იყვნენ“, - აღნიშნა თეა მიქელაძემ. 
„ანტიკური ლიტერატურა პოპულარული ლიტერატურის სიაში არასოდეს ყოფილა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, მისი სირთულეა, მეორე მხრივ კი - ამაღლებულობა. დღევანდელ მკითხველს სირთულე აფრთხობს, ამაღლებულთან ზიარების მნიშვნელობის გააზრება კი - უჭირს. სწორედ ამიტომ, მათ სჭირდებათ სტიმული, ერთგვარი ბიძგი, რათა შეაბიჯონ ანტიკური ლიტერატურის წარმოუდგენლად მრავალფეროვან და ესთეტიკურ სამყაროში. „პიგმალიონი“ სწორედ ამგვარი სტიმულისა და ბიძგის მომცემი კონკურსია, რამაც თავისი დანიშნულება ნამდვილად გაამართლა, როგორც მონაწილეთა რაოდენობის, ასევე მათი ენთუზიაზმისა და აღფრთოვანების გათვალისწინებით. ჩემთვის ნამდვილად დიდი ბედნიერება და პატივია გამარჯვებულთა გვერდით დგომა. იმედი მაქვს, „პიგმალიონი“ კიდევ მრავალჯერ ჩატარდება და მრავალი წლის მანძილზე შეაყვარებს მკითხველს ანტიკურ ლიტერატურას“, - გვითხრა გიორგი კახიშვილმა. 
კონკურსი „პიგმალიონი“ სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კონკურსის მთავარი მიზანი იყო ანტიკური კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია, სტუდენტებისათვის ბერძნულ-რომაული თარგმანების გაცნობა და ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება.
„სტუდენტების აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. საწყის ეტაპზე 100 მონაწილე დარეგისტრირდა, მათ შორის იყვნენ როგორც თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ჩვენს მიზანს - დაგვეინტერესებინა ანტიკური ლიტერატურით ახალგაზრდები - მივაღწიეთ. სასიხარულო ფაქტია, რომ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების გარდა, პროექტში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ და მათ შორის ერთ-ერთმა - იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა კონკურსში III ადგილი დაიკავა. კონკურსის მონაწილეთა ნაწილს აქამდე ანტიკურ ლიტერატურასთან შეხება არ ჰქონია და აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩვენი პროექტის საშუალებით გაეცნო და შეიყვარა მსოფლიო ლიტერატურის ეს მნიშვნელოვანი საგანძური უმეტესობამ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს - ეს ძალიან კარგი ფორმატია საინტერესო და ნაყოფიერი პროექტების განსახორციელებლად. ასევე, მადლობას მოვახსენებ ინსტიტუტის ხელმძღვანელს თინა დოლიძესა და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორებს“, - განაცხადა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა, პროექტის ავტორმა მარიამ კალაძემ. 
კონკურსი „პიგმალიონი“ 4 ეტაპად ჩატარდა და 8 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ფინალურ ტურში 16 სტუდენტი მონაწილეობდა. ყველა მათგანს თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით საჩუქრად წიგნები გადაეცა. კონკურსის ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორები, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი, პროფესორი ნანა ტონია, პროფესორი რუსუდან ცანავა და პროფესორი მანანა ფხაკაძე. პროექტის ავტორები ანალოგიური სახის შემეცნებითი ხასიათის პროექტების განხორციელებას მიმდინარე წელსაც გეგმავენ.