ყველაფერი დაიწყო ვერაზე პაემნიდან...

14 თებ 2019

პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი „აღმოჩენა“ - თსუ-ის სტუდენტი გუგა მარგველაშვილი მასტერ-კლასს ვენის მუსიკალურ აკადემიაში გაივლის

„ქართული სიმღერიდან სულ სხვა მუხტი მოდის. იგრძნობა გენები და სისხლის დუღილი. ყველა სიმღერასა და ნოტს თავისი სათქმელი მოაქვს. შეუძლებელია განსაკუთრებული ემოციის გარეშე მათი არათუ შესრულება, მოსმენაც კი“, - ასე გადმოგვცემს საკუთარ განცდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და პროექტ „მხოლოდ ქართულის“ გამორჩეულად ნიჭიერი მონაწილე გუგა მარგველაშვილი, რომელსაც, თურმე, სიმღერა უკეთ გამოსდის, ვიდრე საკუთარ თავზე ლაპარაკი. 
ბავშვობიდანვე ასეთი იყო - ჯერ სიმღერა დაიწყო და მხოლოდ შემდეგ - საუბარი. ანუ „პირველად იყო სიმღერა, გალობა მრავალხმიანი“ - და სწორედ ამ სიმღერაში იპოვა საკუთარი თავი 22 წლის გუგა მარგველაშვილმა, რომელიც ოჯახის მრავალწლიან მუსიკალურ ტრადიციას 3 თვის განმავლობაში პროექტ „მხოლოდ ქართულის“ სცენიდან აცნობდა აუდიტორიას. გუგა პროექტის ფინალისტი და ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე გახლდათ. 
როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობაში დიდ ფეხბურთს თამაშობდა და საფეხბურთო კარიერაში ხედავდა მომავალს. შემდეგ, მხრის ტრავმის გამო, საყვარელ სპორტს თავი დაანება და ძალები პოლიტიკის მეცნიერებებში მოსინჯა. ბოლოს საკუთარი თავის ძიების პროცესმა მუსიკასთან მიიყვანა. 
რაჭულმა გენებმა აღმოაჩენინა პირველი ბგერები, აპოვნინა საკუთარი მუსიკა და შემდეგ მთელი არსებით ჩაითრია ამ სფეროში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის სტუდენტის მთავარი ცხოვრებისეული გამოწვევა კვლავ მუსიკაა, ამჯერად - საოპერო.
„ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა, რა თქმა უნდა, გარემომ იქონია, განსაკუთრებით რაჭველმა ბაბუამ - შაგო ჯანელიძემ. სწორედ მან აღმოაჩინა ჩემში ნიჭი, ამაღებინა პირველი აკორდები და მეც დავრჩი იმ სივრცეში, რომლის კარებიც მაშინ ბაბუამ ამ აკორდებით გამიღო. ყოველ შაბათ-კვირას მასთან ვიკრიბებოდით ვერაზე, ბაბუა კი ხმებში სიმღერას გვასწავლიდა. არა მარტო ქართულად, ბერძნულადაც კი ვმღეროდით. ეს იყო საუკეთესო შეხვედრები, ჩვენი „პაემანი ვერაზე“, რომელსაც სულმოუთქმელად ველოდი. შემდეგ იყო ანსამბლი „ერქვანი“ კახა შაქიშვილის ხელმძღვანელობით. იქ ვმღეროდი რამდენიმე წლის მანძილზე და, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი გამოცდილებაც სწორედ იქ მივიღე“.
მუსიკალური გამოცდილების შემდეგ ჯერი განათლებაზეც მიდგა და გუგამ თავისი მომავალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირა. პოლიტიკის, დიპლომატიისა და სოციალური დისციპლინების სიყვარულმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებამდე მიიყვანა და, მსგავსად მუსიკისა, აქაც აპოვნინა საკუთარი თავი. თუმცა, მალევე გაჩნდა მთავარი გამოწვევა - დრო, რომელიც რამდენიმე საყვარელი საქმისთვის თანაბრად და სამართლიანად უნდა გაენაწილებინა. 
„მუსიკა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მის გარეშე არაფერი წარმომიდგენია... რაც თავი მახსოვს, ვმღერი. ამიტომაც ადვილი არაა, ასე აიღო და გადადო ის, რაც შეგადგენს, რაც გქმნის და გაქცევს საკუთარ თავად. ოქროს შუალედების პოვნა კი ყოველთვის არაა მარტივი“.
მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტების დალაგებას საკუთარ ძლიერ მხარედ არ თვლის, გასულ წელს ერთი პრიორიტეტი მაინც გამოყო და, შეიძლება ითქვას, სხვა დანარჩენზე მეტი მნიშვნელობა შესძინა - გუგა მარგველაშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოპერო ხელოვნებას ეუფლება და საკუთარ თავს, ნაცვლად პოპ-მუსიკისა, ოპერის სცენაზე, ბარიტონად ხედავს. 
გუგა მარგველაშვილი მაყურებელმა დიდ სცენაზე პირველად პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“ ნახა - 16 წლის მომღიმარი ბიჭი, გიტარითა და სასიამოვნო ხმით, რომელიც პროექტში, შეიძლება ითქვას, პირდაპირ სუფრიდან, მამის მეგობრების რეკომენდაციით მივიდა. 
„ჩვენს ოჯახში სულ სტუმრიანობაა, უმეტესად მამის მეგობრები მოდიან. მახსოვს, დამიძახებდა მამა, შევწყვეტდი ჩემს საქმეებს და გიტარით ხელში შევუერთდებოდი მათ იდილიას. სიმართლე გითხრათ, ეს მეც მსიამოვნებდა. მათი შექებით გამხნევებული კი „საქართველოს ვარსკვლავის“ ქასთინგზე წავედი. თუმცა, მაშინ არც ისე გამიმართლა“.
მომავალი საოპერო მომღერალი პროექტ „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობისთვის დედას „ადანაშაულებს“. სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით მიიღო გუგამ შესარჩევ ტურზე მისვლის გადაწყვეტილება. დედა მისთვის არა მარტო მთავარი ბიძგი, მთავარი გულშემატკივარიც აღმოჩნდა.
„ხალხის სიყვარული იყო ის მიზეზი, რის გამოც მთელი მონდომებით ვცდილობდი ყოველი ახალი გამოსვლა წინაზე უკეთესი ყოფილიყო. ყოველ ჯერზე უდიდეს ენერგიას ვიღებდი მათგან და შემდეგ ამავე ენერგიას ვდებდი სიმღერაში. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო ასეთი გულშემატკივრობისათვის. ჩემთვის არასდროს ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა პრიზებსა და გამარჯვებას. ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამარჯვება გამოცდილება იყო და ყველაზე დიდი პრიზი - ხალხის სიყვარული. ძალიან დიდი ბარიერი გადავლახე იმ შიშისა, სცენაზე დგომა რომ ჰქვია. ერთი შეხედვით, მარტივია, გამოხვიდე და იმღერო, მაგრამ როცა მთელი საქართველო გიყურებს, ყველაფერი ერთიორად გირთულდება. ასე რომ, მთავარი მაინც გამოცდილებაა“. 
ყოფილი ფეხბურთელის, თსუ-ის მოქმედი სტუდენტისა და მომავალი საოპერო მომღერლის გეგმებში ახალი გამოწვევაა - „საქართველოს ვარსკვლავის“, „მხოლოდ ქართულისა“ და სახელმწიფო კონსერვატორიის შემდეგ გუგა, Aversi Pharma-ს დაფინანსებით, მასტერ-კლასს ვენის მუსიკალურ აკადემიაში გაივლის.

თამუნა ზარანდია,
ლიანა მარქარიანი 
თსუ-ის სოციალურ და
პოლიტიკურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის სტუდენტები