რექტორმა სტუდენტების კითხვებს ონლაინ-რეჟიმში უპასუხა

15 თებ 2019

20 დეკემბერს თსუ-ის რექტორმა სტუდენტების კითხვებს ონლაინ-რეჟიმში უპასუხა. პირდაპირი ჩართვისას, შესავალ ნაწილში, გიორგი შარვაშიძემ გასულ 2018 წელს მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. გარდა საერთაშორისო ასპარეზზე მსოფლიო უნივერსიტეტების სხვადასხვა რანჟირებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული პოზიციონირების თაობაზე ინფორმაციის კიდევ ერთხელ გაჟღერებისა, რექტორმა შემდეგი საკითხები გამოყო:
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაცემული დაფინანსების დაახლოებით ნახევარი სწორედ თსუ-ის მეცნიერებმა და დოქტორანტებმა მიიღეს. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაზარდა სტუდენტური პროექტების დაფინანსებაც - სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისთვის 2018 წელს უნივერსიტეტმა 600 000 ლარი; კულტურული, საგამოფენო და სპორტული ღონისძიებებისთვის კი 230 000 ლარი გამოყო.

თსუ რეგიონში კვლავ ლიდერია „Erasmus+“-ის ფარგლებში განხორციელებული გაცვლითი პროგრამების რაოდენობით. ამჟამად ხორციელდება 167 პროექტი, რაც მთელი ცენტრალური აზიის უნივერსიტეტების პროექტებზე გაცილებით მეტია. 2018 წლის სტატისტიკა ასეთია: გაცვლით პროგრამებში 300-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100-მდე უცხოელი პროფესორი ეწვია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურზე 600 უცხოელი სტუდენტი ირიცხება. გვაქვს ერთობლივი და შერეული ხარისხის მინიჭების პრაქტიკა ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიც არის კიოლნის, შპაიერის, ბოლონიის უნივერსიტეტები, იულიხის კვლევითი ცენტრი. დაწყებულია მუშაობა თსუ-ის სტუდენტური ასოციაციებისა და თვითმმართველობების ევროპულ სტუდენტთა გაერთიანებებში გასაწევრიანებლად. 

თსუ ჩაერთო დიდ საერთაშორისო პროექტში KM3Net, რომელშიც გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, საბერძნეთის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფები მონაწილეობენ. ამ პროექტის ფარგლებში თბილისში 2019 წლის თებერვალში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

* * *
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა საუბრისას 2018 წელს საერთაშორისო დონეზე მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის საქართველოში ევროპის აკადემიის კვლევითი ჰაბის გახსნა გამოყო. ევროპის აკადემია 30 წლის წინ დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის, გერმანიის, საფრანგეთის, დანიისა და ჰოლანდიის მეცნიერებათა აკადემიების ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. ამ დროისთვის მასში 4000 მეცნიერია გაერთიანებული, მათ შორის, 74 ნობელის პრემიის ლაურეატია.
„ევროპის აკადემია აფინანსებს ყველა დიდ სამეცნიერო პროექტს, რომელიც ევროპის მასშტაბით ხორციელდება. საქართველოში აკადემიის კვლევითი ჰაბი 2019 წლის აპრილის მეორე ნახევარში გაიხსნება. მას პასტერის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ფრანგიშვილი უხელმძღვანელებს. ჰაბის სამუშაო პროცესში ყველა ქართველი სახელოვანი მეცნიერი ჩაერთვება. გვექნება საშუალება, რეგიონის მასშტაბით უფრო მეტი სამეცნიერო გრანტი მოვიზიდოთ და კვლევით პროცესში ახალგაზრდები აქტიურად ჩავრთოთ“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა.

* * *
გიორგი შარვაშიძემ უკვე განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც ისაუბრა: „ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები უკვე გადაიდგა - აშენდა 300 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ლისის ტბასთან. დამატებით ვგეგმავთ 3000 სტუდენტზე გათვლილ თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებლის აშენებას მაღლივი კორპუსის მიმდინარე ტერიტორიაზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსებში სტუდენტური სივრცეების მოწყობას. დავიწყეთ თსუ-ის II კორპუსის მასშტაბური რეკონსტრუქცია და ამ კორპუსში 2019 წელს ვაპირებთ შიდასარემონტო სამუშაოების დაწყებას ისე, რომ სტუდენტებს სასწავლო პროცესში ხელი არ შეეშალოთ. ვგეგმავთ ბიბლიოთეკის შენობის სრულ რეაბილიტაციას; გამოყოფილია თანხები საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის შენობის დასასრულებლად. ჩატარდა სარემონტო სამუშაოები არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში, ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, ე.წ. მაღლივ კორპუსში გარემონტდა ლიფტები“.

* * *
პირდაპირი ჩართვისას სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისთვის კითხვების დასმა ვიდეო-გზავნილებით და კომენტარების საშუალებით შეეძლოთ. გთავაზობთ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ ინტერვიუს:

მარი გრიგოლიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი:
- ჩვენს უნივერსიტეტში მწვავედ დგას უცხო ენების შესწავლის საკითხი. იმ პირობებში, როდესაც თითოეულ საგანში ყველა სტუდენტს უწევს უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. ეს საკითხი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც სტუდენტის განათლების ხარისხზე, ასევე, უნივერსიტეტის პრესტიჟზე. თქვენი აზრით როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?

გიორგი შარვაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:
- ინგლისური ენისა და უცხო ენების ცოდნა აუცილებელია მეცნიერების განვითარებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადებისთვის. უცხო ენების სწავლების გაძლიერების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენების ცენტრი მუშაობს. სწავლების დონის ასამაღლებლად ვთანამშრომლობთ საელჩოებთანაც. ამ დროისთვის უკვე 40-მდე ენა ისწავლება. ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

გიორგი თორდუა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი:
- თსუ-ში, იურიდიული ფაკულტეტის გარდა, ცნობას სტუდენტის სტატუსის შესახებ და ნიშნების ფურცელს მხოლოდ ქართულ ენაზე გასცემენ, რაც პრობლემას ქმნის ჩვენთვის. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის დროს ამ დოკუმენტების თარგმნა საკუთარი ხარჯით გვიწევს. რამდენად შესაძლებელია, სხვა ფაკულტეტზეც ორენოვანი დოკუმენტაცია გასცენ?

გიორგი შარვაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:
- ამ საკითხზე ხშირად მოგვმართავენ. ცენტრალურ ადმინისტრაციაში ყოველთვის მზად არიან, რომ დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზეც გასცენ. ამ კარგ პრაქტიკას, რომელიც იურიდიულ ფაკულტეტზეა დანერგილი, სხვა ფაკულტეტებზეც გავავრცელებთ.

თინათინ ალიაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი:
- ყურადღებას რამდენიმე პრობლემაზე გავამახვილებ: პირველი - ეს არის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული საკითხი. მათი ნაწილი არ არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის, ნაწილი კი იმდენად ცუდად არის ნათარგმნი, რომ სწავლას უფრო გვირთულებს. მეორე თემა გახლავთ სტუდენტური სივრცეების მოწყობა, რის ნაკლებობასაც განვიცდით და აუცილებელია ასეთი სივრცეების შექმნა, რადგან ხშირად სტუდენტებს ლექციებს შორის დიდი ინტერვალი გვაქვს.

გიორგი შარვაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:
- სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის პრობლემასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდი იზრდება - წელს მას 1000 წიგნი შეემატა. ასევე, თებერვლის დასაწყისში უნივერსიტეტს ექნება ახალი ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც ყველანაირი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ, მათ შორის, ნახავთ ბიბლიოთეკების ბმულებს. გარდა სახელმძღვანელოების გაციფრულების პროცესისა, თსუ-ში ძალიან ბევრი პუბლიკაცია უკვე პირდაპირ ელექტრონული ფორმატით ვრცელდება. ეს ხელს უწყობს მკითხველს - უფასოდ ისარგებლოს იმ საშუალებებით, რაც უნივერსიტეტს გააჩნია. ასევე, ჩვენ გვაქვს კარგი ელექტრონული ბაზები, რომელიც უზრუნველყოფს - მივიღოთ ინფორმაცია, თუ რა კვლევები გამოდის სხვადასხვა ქვეყნებში და რა წიგნები იბეჭდება. ეს ბაზები სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა ამ ბაზით სარგებლობისთვის ინგლისურ ენას კარგად უნდა ფლობდეთ. ჩვენ გვქონდა საუბარი აკადემიურ საბჭოზე და ვაპირებთ ბიბლიოთეკის მუშაობის საათების გაზრდასაც. რაც შეეხება სტუდენტური სივრცეების მოწყობას, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასეთი სივრცეები შეიქმნება უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში.

ნინი ცაბუტაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი:
- სტუდენტები უნივერსიტეტში ვეუფლებით სამომავლო პროფესიისთვის საჭირო ცოდნას. სამწუხაროდ, სასწავლო პროცესის დროს ვერ ხერხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება. ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტები რომ არა, პირადად მე ისე დავამთავრებდი უნივერსიტეტს, სასამართლოშიც არ ვიქნებოდი ნამყოფი. ამ მიმართულებით აუცილებელია ცვლილებების განხორციელება. თქვენ როგორ ფიქრობთ პრობლემების გადაჭრას?

გიორგი შარვაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:
- სასწავლო პროგრამებში მეტი პრაქტიკული საგნები უნდა გაჩნდეს. აუცილებელია ცოცხალი კავშირის ქონა მომავალ დამქირავებლებთან. ეს არ ნიშნავს მხოლოდ სტუმრობას დამსაქმებლებთან და ამით ურთიერთობის დასრულებას. 2018 წელს ჩვენ მივიღეთ 6 წლიანი სრული და უპირობო ავტორიზაცია. ავტორიზაციის გავლის დროსაც გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თეორიული სწავლება სჭარბობს პრაქტიკულ კომპონენტს. ამდენად, გვინდა, სასწავლო პროცესში მეტად ჩავრთოთ პოტენციური დამქირავებლები. ბევრ კომპანიასთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული. ხშირად მოგვმართავენ ტელევიზიები, სახელმწიფო და კერძო სექტორების წარმომადგენლები, ბიზნესმენთა ასოციაციები ასეთი ხელშეკრულებების გაფორმების თხოვნით. ეს მათთვისაც კარგი საშუალებაა, რომ კვალიფიციური კადრი მოიზიდონ. ამდენად, სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გასაძლიერებლად ბევრი რამ კეთდება.