რა გაკეთდა? - 2018 წლის შეფასება და სამომავლო გეგმები

19 დეკ 2018

გვესაუბრება თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე
წარმატების ინდიკატორი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია რეგიონიდან, რომელიც 500 საუკეთესოთა შორის არის და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის - ეს გახლავთ U.S. News&World Report-ის 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირების მონაცემები. რანჟირებისთვის განხორციელებულ კვლევებში მსოფლიოს 75 ქვეყნის 1250 საუკეთესო უნივერსიტეტი მოხვდა.
თსუ არის ერთადერთი უნივერსიტეტი რეგიონიდან, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიურ რანჟირებებში (Times Higher Education/THE (მესამედ) და Shanghai Ranking) მოხვდა. QS Top University Ranking Eastern Europe and Central Asia რანჟირებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 109-ე ადგილზეა და ლიდერ პოზიციაზეა კავკასიის რეგიონის უნივერსიტეტებს შორის.

თსუ-ის უპირატესობა - საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში იმ სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობით (300-ზე მეტი), რომლებიც 2018-2020 სასწავლო წლებში ERASMUS+ International Credit Mobility (ICM)-ის დაფინანსებული პროგრამით ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას.
  • ბოლო წლებში თსუ-ს 100-ზე მეტი უცხოელი პროფესორი ეწვია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური საერთაშორისო კავშირები უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლება არა მხოლოდ ევროპულ, არამედ აზიის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ. უკვე არაერთი სტუდენტი ეწვია ამ მიზნით, მაგალითად, პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. სტუდენტების ჯგუფი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს Asia Science Camp-ში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, კერძოდ - ისრაელში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, მალაიზიაში, ინდონეზიაში და ა.შ.
  • თსუ, ევროპის მასშტაბით, 26 ქვეყანაში 80-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს „ERASMUS+“-ის 171 პროექტის ფარგლებში. ამასთანავე, თსუ-ის ინსტიტუციური პარტნიორების რიცხვი მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 200-ს აღწევს.

საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკოსების თანამშრომლობას ატომური ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) უკვე დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. თსუ მონაწილეობს CERN-ის ATLAS ექსპერიმენტში, იულიხის კველევითი ცენტრის (Forschungszentrum Jülich) COSY ამაჩქარებლებზე მიმდინარე ექსპერიმენტებში, უნივერსიტეტის მეცნიერები არიან ხმელთაშუა ზღვაში დაწყებული ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის KM3NeT სათავეებთან მყოფი 15 ქვეყნის ფიზიკოსებს შორის. U.S. News&World Report-ის 2018 წლის დარგობრივი რანჟირებით, თსუ ფიზიკის მიმართულებით 278-ე ადგილს, შანხაის დარგობრივ რანჟირებებში კი - N151-200 პოზიციას იკავებს.
უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა - ისარგებლონ „ჭკვიანი ლაბორატორიებით“ (SMART|EDM და SMART AtmoSim), რომლებიც თსუ-ში იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით 2016-2018 წლებში გაიხსნა; უახლოეს პერიოდში უნივერსიტეტში კიდევ ერთი ახალი - SMART|SmR_lab (School meets Research) ამოქმედდება.
2012 წლიდან ლაიდენის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გახსნილია ქართული ენის, კულტურისა და საზოგადოების მოწვეულ პროფესორთა ცენტრი; უნივერსიტეტში უკვე თსუ-ის არაერთმა პროფესორმა ჩაატარა კურსი ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში. ლაიდენის წარმატების მაგალითის გაფართოებას თსუ 2019 წლიდან რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შეეცდება - ქართული ენის კათედრები კიდევ 6 ევროპულ უნივერსიტეტში გაიხსნება.


„აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი თსუ-ში

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან პირველად საქართველოში, თსუ-ში გაიხსნება „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი. ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს „აკადემია ევროპეას“ მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში, ყოველწლიურ შეკრებაზე. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა - „აკადემია ეუროპეამ“ მიიღო ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში კვლევითი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება, ანუ ეს იქნება პირველი ჰაბი, რომელიც გაიხსნება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში. ამით ძალიან ბევრ ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს სხვადასხვა ევროპულ პროგრამაში.


უცხოელი სტუდენტები თსუ-ში და საერთაშორისო პროგრამები

2018 წელს უცხოეთის მოქალაქე 29 სტუდენტი იყო იმ კურსდამთავრებულებს შორის, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის გამოშვების ცერემონიაზე ჰიპოკრატეს ფიცი დადო. წელს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე და სხვა პროგრამებზე უკვე 600-მდე უცხოეთის მოქალაქე სტუდენტი სწავლობს. საერთაშორისო სტუდენტებს თსუ-ში დღეს შეუძლიათ 22-მდე უცხოენოვან პროგრამაზე შეაჩერონ არჩევანი.
აღსანიშნავია, ამ პროგრამებს ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებიც, რომლებიც აშშ-ს და დასავლეთ ევროპის პროგრამების შესაბამისია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები ასწავლიან. საერთაშორისო ხარისხის განათლებას დღეს აქ უკვე 11 ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. წარმატებული კურსდამთავრებულები კი წამყვან პოზიციებს იკავებენ რეგიონში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, CSA, WASC) საბაკალავრო პროგრამები STEM დარგებში და მიიღონ ამერიკული დიპლომი. თანამშრომლობის ფარგლებში თსუ-ში განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა ლაბორატორიები და სააუდიტორიო ოთახები. თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო და ამჟამად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში შემოთავაზებულ პროგრამებზე 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის თსუ-ში 430-მდე.
2019 წელს თსუ-ის შპაიერის პროგრამას 10 წლიანი იუბილე აქვს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე იურიდიულ ფაკულტეტზე უკვე 10 წელია ხორციელდება ინგლისურენოვანი, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“. პროგრამის ფარგლებში 100-მდე სტუდენტმა გაიარა სასწავლო პრაქტიკა ევროპის ქვეყნების სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში და მიიღო საერთაშორისო აკრედიტირებული პროგრამის დიპლომი. თსუ-ში დღეს ერთობლივი და ორმაგი ხარისხის 10-მდე პროგრამა მოქმედებს.


ახალი რესურსები სტუდენტებისთვის

  • უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს აქვთ ღია წვდომა მრავალ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ელექტრონულ ბაზასთან, რაც მათ მსოფლიო სამეცნიერო სიახლეების რეალურ დროში გაცნობის უნიკალურ საშუალებას აძლევს. ასეთი რესურსებია: Elsevier, Scopus (www.scopus.com), Sciencedirect (www.sciencedirect.com), EBSCO Econlit (https://goo.gl/ptblg3), Royal Society Journal Collection (www.royalsocietypublishing.org), England Journal of Medicine (www.nejm.org), Oxford Textbook of Medicine (www.oxfordmedicine.com), BioOne (www.bioone.org), ECD-Library (www. oecd-ilibrary.org), Cambridge Journals Online (www.journals.cambridge.org), HINARI Health Access to Research Initiative - (www.who.int/hinari).
  • თსუ-ის ევროპული სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კომპლექსი ლისის ტბასთან 2018 წლის დასაწყისიდან გაიხსნა. კომპლექსში ყველა პირობაა შექმნილი, რომ სტუდენტებმა კომფორტულ გარემოში იცხოვრონ.
  • სულ რამდენიმე დღის წინ მოეწყო 3000 ადამიანზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის პროექტის პრეზენტაცია. კომპლექსისთვის მიწას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოყოფს და ამ საერთო საცხოვრებლით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც ისარგებლებენ.
  • სულ მალე, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს თსუ-ის რეაბილიტირებული II კორპუსი მოემსახურებათ.

 

სტუდენტური ცხოვრება უნივერსიტეტში

ბოლო წლებში ამოქმედებულმა სტუდენტური პროექტების პროგრამამ არაერთ სტუდენტს მისცა საკუთარი სამეცნიერო, საგანმანათლებლო თუ სოციალური შინაარსის იდეის განხორციელების შესაძლებლობა.
გასული წელი რომ შევაჯამოთ, უნივერსიტეტში საინტერესო კულტურული და სპორტული ცხოვრება იყო. თსუ-ის ფუტსალის გუნდი ბოლო წლებია ფუტსალის ევროპული უნივერსიადის წარმატებული მონაწილეა. გუნდმა 2017 წელს ფინალში, 2018 წელს კი ნახევარფინალში იასპარეზა. დღეს უნივერსიტეტში მრავალი სპორტული კლუბია, არის სტუდენტური თეატრი და ანსამბლები, რომლებიც სტუდენტებს თავისი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევენ.