როგორი წელი ელოდება უნივერსიტეტს?

19 დეკ 2018

გვესაუბრება ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ვინაიდან ჩვენ უნივერსიტეტის პირადი რუქა არ გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ ზოგადად ვისაუბროთ. ვინაიდან 2019 წელი არის ტახის წელი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს წელი ხელს უწყობს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას, ახალი, საინტერესო პროექტების დასახვას და განვითარებას. იქნება ახალი გრანტები უცხოეთიდან, გააქტიურდება კონტაქტები საზღვარგარეთის ქვეყნებთან და დაიდება კონტრაქტები უცხოურ უნივერსიტეტებთან - ეს თქვენს უნივერსიტეტსაც შეეხება. 
მომავალი წელიწადი იძლევა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სისტემის ახალ ეტაპზე განვითარების შესაძლებლობას. მათ შორის შეიძლება შემოვიდეს ახალი საინტერესო პროექტები, მათ შორის, უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებული. წინა პლანზე წამოიწევს, მაგალითად, უცხო ენები, იურისპრუდენცია, ტურიზმი; მათზე იქნება მეტი მოთხოვნილება და იქნება საინტერესო ცვლილებები. ეს შეიძლება ითქვას, ზოგადად, უნივერსიტეტზე. მთლიანობაში კი, 2019 წელი საქართველოსთვის არის გარდამტეხი წელიწადი. ცვლილებებია მოსალოდნელი პოლიტიკურ - დონეზე, იქნება დიდი საკადრო ცვლა. ეს თქვენს უნივერსიტეტსაც შეეხება - მოიყვანენ ახალ პროფესიონალ კადრებს, მათ შორის, უცხოეთში მომუშავე სერიოზულ ხალხს და ეს იქნება უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადი.


ტახის წელიწადი

2019 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით არის ტახის წელიწადი, რაც, იაპონურად, ღორის წელიწადს ნიშნავს. ამ სიმბოლოებს თავისი მნიშვნელობა აქვთ - წლის ბოლოს კოსმოსი ყველა ჩვენთაგანს დაგვისვამს ასეთ კითხვას - როგორ გავიარეთ 2019 წელი? ბოლო-ბოლო, ვინ და როგორები ვართ ჩვენ - გულადი, კეთილშობილი, ერთგული „ტახი“ თუ წუმპეში მოარული „ღორი“? - აი, ამაზე გვექნება ჩვენი ცხოვრებითა და მოქმედებებით გასაცემი პასუხი წლის ბოლოს.
2019 წელი - ეს არის წელიწადი, რომელიც ითხოვს წინა პლანზე ოპტიმიზმის განსაკუთრებულ წამოწევას, ანუ ვინც იქნება ოპტიმისტი, მას ახალ წელიწადს მეტი წარმატება ელის. ამასთან ერთად, ეს არის საუკეთესო პერიოდი საქორწინო, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ოჯახის შექმნისთვის და, რაც მთავარია, ეს ყოველივე ცოტათი მაინც შეცვლის სასიკეთოდ ქართულ დემოგრაფიულ მდგომარეობას, რადგან ეს წელი კარგია გამრავლებისთვის. 
მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები პროფესიონალების წინა პლანზე წამოწევის მხრივ, ქვეყნის პოლიტიკურ ველზე მესამე ძალის თანდათან გამოვლენის კუთხით, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ ხერხდებოდა. რაც მთავარია, რასაც ითხოვს 2019 წელი, ეს არის რაც შეიძლება მეტი კონტაქტი უცხოეთთან და უცხოელებთან. ამ მხრივ ასეთი კარგი წელიწადი შეიძლება 12 წლის განმავლობაში აღარ გვქონდეს, ამიტომ, მათ შორის, ყველა უნივერსიტეტმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთობების გაუმჯობესებას უკავშირდება. ამდენად, ეს წელიწადი სასიკეთოა, თუმცა დაძაბულიც იქნება, რადგან გამოიკვეთება ბრძოლა ძალაუფლებისთვის.


როგორ დავიბედოთ კარგი ახალი წელი?

კონკრეტულად, 31 დეკემბერს ჩვენ უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო მაგიდაზე: ერთია ტახის, მეორე - ძაღლის სიმბოლო, რადგან ძაღლის წელიწადი, აღმოსავლური კალენდრით, ჯერ კიდევ გრძელდება. მხოლოდ თებერვალში იწყება ტახის წელიწადი. ამიტომ, რომ არ ვაწყენინოთ ამ წლის „მასპინძელს“, ორივე სიმბოლო უნდა გვედოს მაგიდაზე. 2019 წლის ძირითადი ფერია ყვითელი, ასევე, შეიძლება იყოს ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ყავისფერი, მწვანე, კრემისფერი... ამიტომ ამ ფერების ტანსაცმლის შეძენაა სასურველი. ნაძვის ხესაც თუ ამ ფერებით მოვრთავთ, უკეთესია. კარგია ამ ახალი წლის შეხვედრა ოჯახში, რადგან ტახს ტრადიციული ნიშნები უყვარს. უნდა აღვნიშნოთ, რომ, რადგან მიწის სტიქიის წელიწადია, კარგი იქნება თიხისგან (მიწასთან დაკავშირებული ატრიბუტიკისგან) დამზადებული რაიმე ჭურჭლის შეძენაც. რადგან მიწა მეგობრობს ხის სტიქიასთან, ე.ი. სასურველია ხის ატრიბუტებისთვისაც უპირატესობის მინიჭება. კვახი - ეს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა მომავალი წლის. კარგი იქნება, თუ კვახს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გავჭრით, იქიდან თესლს ამოვიღებთ და მიმოვაბნევთ ჩვენს სამზარეულოში - ეს არის ჯანმრთელობის და ფინანსების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ახალი წლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე უნდა დავანთოთ ყვითელი ფერის 3 სანთელი და აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადოთ წინა წელს და გავაცილოთ. როგორც კი ახალი წელი დაიწყება, სანთლებს ჩაუთქვით - რა გინდათ. აი, ეს ტენდენციებია გასათვალისწინებელი.
2019 წელი წარმატებული იქნება მშვილდოსნისთვის, ლომისთვის და ვერძისთვის; ეს წელი კარგია კუროსთვის; 2019 წელი შუა აგვისტოდან კარგი იქნება ქალწულებისთვისაც; ცოტა მეტი სიფრთხილე ესაჭიროებათ, დაახლოებით მარტის ბოლომდე, მერწყულებს - მათში სხვადასხვა სახის პრობლემებმა შეიძლება იჩინონ თავი, სამაგიეროდ მარტის შემდგომ საკმაოდ კარგი წელიწადი ექნებათ მათ; თევზებს მხოლოდ მარტის ბოლომდე აქვთ კარგი წელიწადი, მარტის შემდგომ მეტი სირთულეები, ცდუნებები, მეგობრული ღალატია მოსალოდნელი - ამიტომ ამ ნიშანს ესაჭიროება, რომ ზედმეტი რისკის, ზედმეტი გადაწყვეტილებების გარეშე განვლოს შემდგომი თვეები წლის ბოლომდე.


ასტროლოგის სურვილები

უნივერსიტეტი არის მექა ქართული განათლებისა, ამიტომ რაც უნდა ვილაპარაკოთ სხვა უნივერსიტეტების და ინსტიტუტების მნიშვნელობაზე, ვთვლი, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი პირველია, თუნდაც თავისი მშვენიერი მთავარი პირველი კორპუსით. მართალია, უნივერსიტეტში გარკვეული ცვლილებებია საჭირო, მათ შორის, შიდამოწყობის, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის კუთხითაც, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია ის, რომ მისი ენერგეტიკული მნიშვნელობა ქვეყნისთვის, მისი ადგილ-მდებარეობიდან და დიდი ისტორიიდან გამომდინარე, განსაკუთრებულია. უნივერსიტეტს აქვს თავისი ენერგეტიკა, რომელიც მოდის გენიოსი ადამიანებისგან, ამიტომ ქვეყანაზე მოქმედებს ძალიან დადებითად. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, როდესაც სააკაშვილის დროს იყო ლაპარაკი უნივერსიტეტის შენობის გადატანაზე სხვა ადგილას. ის უნდა იყოს იქ, სადაც არის, რადგან უნივერსიტეტის ენერგეტიკა ძალიან პოზიტიურად მოქმედებს საქართველოზე. ამიტომ ვუსურვებ მას წინსვლას, წარმატებებს, განათლების უფრო საინტერესო მეთოდიკის შემოღებას და ბევრი პროფესიონალის გამოზრდას.