იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ სკოლებში ბრუნდება

19 დეკ 2018

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით შექმნილმა საგანგებო კომისიამ, იაკობ გოგებაშვილის პრინციპების გათვალისწინებით, „დედაენა“ სასკოლოდ მოამზადა. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ წელს ჩატარებული გრიფირების შედეგების მიხედვით, იაკობ გოგებაშვილი და მისი „დედაენა“ სკოლის მიღმა აღმოჩნდა, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ფართო საზოგადოების, ასევე პედაგოგიური კორპუსის მხრიდან იყო თხოვნა და რეკომენდაცია, რომ სწავლების პროცესში ის უნიკალური მეთოდი დაბრუნებულიყო, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ მოიცავდა. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება - იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაბრუნდეს. ასევე შეიქმნება ეროვნული კომისია, რომელიც იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ შინაარსობრივი ნაწილის შეჯერებასა და დამტკიცებაზე იმუშავებს. 
„დედაენის“ სკოლებში დაბრუნების მნიშვნელობასა და გოგებაშვილისეულ პრინციპებზე გვესაუბრება იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გოგი გოგოლაშვილი:

- ქართულმა საზოგადოებამ საკმაოდ ტრაგიკულად აღიქვა, რომ „დედაენა“ სკოლებში აღარ ჩანს. ანუ, დღევანდელ ქართულ სკოლებში წიგნი, რომელსაც ჰქვია „დედაენა“ და სახელმძღვანელო, რომლის ავტორია დიდი იაკობ გოგებაშვილი, აღარ არსებობს. ეს არის პირველი შემთხვევა დედაენის არსებობის ისტორიაში. 142 წლის წინ, 1876 წელს შეიქმნა და გამოვიდა „დედაენა“ - ქართული ანბანის სწავლების ბრწყინვალე სახელმძღვანელო, რომელიც ყოველთვის იყო სკოლებში. წელს „დედაენა“ სკოლებში არ შეიტანეს. გრიფირების შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ეს საკითხი გახმაურდა კიდეც. ფაქტი ისაა, რომ იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შედგენილი სახელმძღვანელო არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლი, რომელსაც კანონმდებლობა და საერთაშორისო კონვენციები იცავს. სამწუხაროდ, დაირღვევა კანონმდებლობა და კონვენციებიც. რაც მთავარია, ჩვენი სკოლა, ჩვენი მომავალი თაობა დარჩა უნიკალური „აი ია“-ს გარეშე. მართალია, ბოლო ათწლეულებში სახელმძღვანელო იყო სახეშეცვლილი და დამახინჯებული, მაგრამ ერქვა „დედაენა“ და ეწერა „იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“. წელს ესეც გაქრა. პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას. 
- ამ ფაქტს ზოგიერთი განათლების ექსპერტი ასე ხსნის: თანამედროვე ბავშვებისათვის იმ ტერმინოლოგიით წერა-კითხვის სწავლება, რაც XIX საუკუნის მოსწავლეებისთვის იყო მისაღები, არ მოიტანს სასურველ შედეგს და ბავშვებს განათლების მიღებას შეაძულებს. თვითონ იაკობ გოგებაშვილიც ხომ ამბობდა: სიტყვები, რომელიც უნდა ისწავლონ ბავშვებმა, მათთვის ახლობელი უნდა იყოს...
- ექსპერტმა, რომელიც ასე ფიქრობს, არ იცის ზუსტად, რომ აქ საუბარია ანბანის სწავლების გოგებაშვილისეულ პრინციპზე. რას გულისხმობს ეს? იმას, თუ რით დაიწყოს ბავშვმა ანბანის შესწავლა, რას რა უნდა მოსდევდეს და როგორ. გახსოვთ, ალბათ, გოგებაშვილისეულ „დედაენაში“ გაკვეთილების თანმიმდევრობა: ანბანის სწავლას ვიწყებთ ასე: „აი ია“, მეორე გაკვეთილზე შემოდის ასო „თ“ სიტყვით „თითი“, მესამე გაკვეთილზე ასო „ს“ და ასე შემდეგ... საუბარია იმაზე, თუ როგორ შევიყვანოთ ბავშვი მარტივად, ძალდაუტანებლად, უფრო მოხერხებულად და უკეთესად იმ სამყაროში, რომელსაც წიგნიერების სამყარო ჰქვია. ვინც განსხვავებულად ფიქრობს და მხარს არ უჭერს ამ პრინციპებს, მათი სახელმძღვანელო ანბანის სწავლას იწყებს სიტყვებით: „აკვარიუმი“, „აქლემი“ , „არწივი“ ან „ასკილი“ და „ატამი“... დღეს სკოლებში ასეთი 2 ტიპის სახელმძღვანელო არსებობს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ „აი ია“-ს „აკვარიუმი“ და „აქლემი“ ჯობია, რბილად რომ ვთქვათ, ცდება. ამიტომ ღრმად უნდა გავიაზროთ, თუ რა პრინციპებზეა საუბარი. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ „დედაენა“-ში დარჩეს ყველა ტექსტი და სიტყვა, რომელიც დღეს უკვე აღარც თანამედროვეა და ბავშვისთვისაც ძნელად აღსაქმელია.
- თვით იაკობ გოგებაშვილმაც ხომ რამდენჯერმე შეცვალა „დედაენა“ გათანამედროვეობის მიზნით?
- მან არა მარტო შეცვალა „დედაენა“, არამედ 33-ჯერ გაუკეთა რედაქტირება მას თავის სიცოცხლეში. 1912 წელს ის უკვე 33-ჯერ გამოვიდა. იაკობ გოგებაშვილი თითოეულ გამოცემას აუმჯობესებდა და უკეთესს ხდიდა, ყოველთვის ცდილობდა - ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო. მან ქართული ენის სწავლება დააფუძნა მისაწვდომობის, თვალსაჩინოების და სისტემატურობის დიდაქტიკურ პრინციპებზე, ნაცნობიდან უცნობზე, ადვილიდან ძნელზე, მარტივიდან რთულზე თანდათანობით გადასვლის წესებზე. 
იაკობ გოგებაშვილმა „დედაენა“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა და დაიბარა: „თუ „დედაენა“ გაუკეთესებას მოაკლდება, ის მოკვდება“. ანუ, მისი თქმით, „დედაენა“ სისტემატურად უნდა გაუმჯობესდეს და დროების შესაბამისად შეიცვალოს. მაგრამ მას, ამასთან ერთად, ჰქონდა ერთი მოთხოვნაც: „დედაენა“-ში ცვლილება არ უნდა შევიდეს თვითმიზნურად, ვისაც რა მოუნდება, ისე. ვინც გოგებაშვილის „დედაენა“-ში ცვლილებები შეიტანა, დღეს უკვე ავტორებად გვევლინებიან. ავტორად რომ იწერებოდე, რაღაც უნდა შეცვალო, ამიტომ არის თვითმიზნური ეს ცვლილებები. ცვლიან ცუდად და „აფუჭებენ“ „დედაენა“-ს. თვითონ დიდმა იაკობმა ანდერძში თქვა, რომ „დედაენა“-ში ცვლილებები დროის მოთხოვნის შესაბამისად უნდა მოხდეს და არა ერთი კაცის ნებითა და სურვილით. ცვლილებას აუცილებლად უნდა დაეთანხმოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 3/4 წევრი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ მიიღება. ამ საზოგადოებაში, მოგეხსენებათ, გაერთიანებული იყო იმდროინდელი საქართველოს ინტელექტუალური ელიტა. აი, ასეთ პასუხისმგებლობას ანიჭებდა „დედაენაში“ შესატან ცვლილებებს იაკობ გოგებაშვილი. 
- დღეს დღის წესრიგში დადგა „დედაენის“ სკოლაში დაბრუნების საკითხი. უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც „დედაენის“ შინაარსობრივ ნაწილს შეაჯერებს და მის დამტკიცებაზე იმუშავებს. რა რეკომენდაციების მიცემა შეგიძლიათ სამუშაო ჯგუფისათვის?
- პოეტმა და პროზაიკოსმა გრიგოლ აბაშიძემ თქვა: „დედაენის“ შექმნა - ეს არის ყველაზე დიდი წვლილი, რომელიც კი ჩვენს წინაპარს შეუტანია ერის კულტურულ ცხოვრებაში“, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები. ამიტომ, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებამ დასვა საკითხი - დედაენას მინიჭებოდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 
ანბანის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს 2013 წელს კულტურის სამინისტრომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 2014 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მას განესაზღვრა ეროვნული კატეგორია. ეს ძეგლი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს იუნესკოს მიერ საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლისა - ქართული ანბანისა. ასე რომ, იუნესკო იცავს მას. იუნესკო თავისი კონვენციებით ავალდებულებს ქვეყნებს, რომ უზრუნველყონ ძეგლის დაცვა და სიცოცხლისუნარიანობა. თუ ეს ქვეყანამ ვერ შეძლო, მაშინ ძეგლი სტატუსს კარგავს. რას ნიშნავს „დედაენის“ სიცოცხლისუნარიანობა? ის უნდა შევიდეს სკოლებში, თუ არადა დაკარგავს სიცოცხლეს. მას არ უნდა შევეხოთ ისე, რასაც ავტორის ნება არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, გოგებაშვილის საზოგადოებამ პარლამენტისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინაშე დასვა საკითხი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს. ამჟამად, პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს განათლების კანონში დამატების შეტანას, სადაც ჩაწერილი იქნება შემდეგი: თუ სახელმძღვანელო შედგენილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე, მას იცავს სახელმწიფო, არ ექვემდებარება ჩვეულებრივ გრიფირებას და სავალდებულო ხდება სკოლებისთვის. ამ ინიციატივაზე მუშაობა დღესაც მიმდინარეობს ქალბატონ მარიამ ჯაშისა და ბატონ ზაზა გაბუნიას მხარდაჭერით. საკანონმდებლო ინიციატივა ავალდებულებს ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - შექმნას კომპეტენტური და პროფესიონალური კომისია, რომელიც გოგებაშვილის დატოვებულ „დედაენას“ სკოლაში შესატანად მოამზადებს. „დედაენის“ ავტორი ამბობს, რომ ბავშვს სწავლა მარტივი სიტყვებით უნდა დავაწყებინოთ, შემდეგ გავართულოთ ფრაზებით, რომლის წაკითხვით მიეჩვევა ტექსტის კითხვას. საანბანე ნაწილში იაკობ გოგებაშვილი ძახილის ნიშანს და მძიმეს არ იყენებს, იყენებს მხოლოდ წერტილს და კითხვის ნიშანს, რათა არ დატვირთოს ბავშვის გონება. აი, ამ დონეზეა ყველაფერი გათვლილი და გაანგარიშებული. „დედაენაში“ შეიძლება მხოლოდ ისეთი სიტყვები შეიცვალოს, რომლის მნიშვნელობა თანამედროვე ბავშვს არ ესმის. ეს სიტყვები ტექსტში დროის შესაბამისად უნდა ჩანაცვლდეს, ისე, რომ არ დაირღვეს ანბანის სწავლების პრინციპი... ეს კი კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. კომისიაში აუცილებლად უნდა იყოს ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, ბავშვთა ფსიქოლოგიის სპეციალისტი, პედაგოგიკის სპეციალისტი, პრაქტიკოსი პედაგოგი, მხატვარი, ღვთისმეტყველი... 
1935 წლიდან დაიწყო „გოგებაშვილის მიხედვით“ შექმნილი სახელმძღვანელოების სკოლებში შეტანა. „დედაენა“ მრავალჯერ გადაკეთდა, ამას კი ბოლო უნდა მოეღოს. გოგებაშვილის დანატოვარს მისი სახელი უნდა ერქვას და სკოლებში ისწავლებოდეს. ამაზე პასუხისმგებლობა ენიჭება სახელმწიფოს, რადგან „დედაენა“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლია. ის ავტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა, რომელმაც თავისი არსებობა 1927 წელს შეწყვიტა. დღეს, ფაქტობრივად, მისი მემკვიდრე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა. 
იმედი გვაქვს, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“-ს სახელმწიფო უპატრონებს ისე, როგორც ამას დიდი მამულიშვილი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი იმსახურებს. მომავალი თაობა ამ დიდებული წიგნით უნდა შევიდეს წიგნიერების სამყაროში.