ურთიერთობის დეფიციტი ქართველ და უცხოენოვან სტუდენტთა შორის

26 ოქტ 2015

გაამართლა  თუ  არა „1+4“-მა?

 2010 წელს პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა პროგრამა „1+4“, რომელიც ითვალისწინებდა არაქართულენოვანი სტუდენტების ერთწლიან მოსამზადებელ კურსს ქართულ ენაში და მშობლიურ ენაზე გამოცდების ჩაბარებას, რის შედეგადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი აბიტურიენტები უმაღლესი განათლების მიღებას ქართულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ უცხოენოვან სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსგავს პროგრამაზე 2005-2012 წლებში 4278 სტუდენტი დარეგისტრირდა, მაშინ, როცა ბოლო ორ წელიწადში მათმა რაოდენობამ 1500 გადააჭარბა.

პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენისა და კულტურის შესწავლას, უკვე 5 წელია ხორციელდება და თან საკმაოდ წარმატებულადაც. ამაზე მეტყველებს „კვოტური განათლების პროგრამის მონიტორინგის“ მონაცემები, რომლის მიხედვითაც, პროგრამით მოსარგებლეთა რიცხვმა 2011-2014 წლებში 700-ს გადააჭარბა.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ქართულ უნივერსიტეტში სწავლების დადებით მხარეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ პროგრამამ მათ სამოქალაქო ინტეგრაციას ხელი შეუწყო. მაგალითად, ელნურ ალმაზოვი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია და, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, იგი ადვილად ახერხებს ქართველ სტუდენტებთან კომუნიკაციას, ასევე კმაყოფილია ლექტორებთან და სხვა მომსახურე პერსონალთან ურთიერთობით, მაგრამ პოზიციები საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უცხოენოვანი სტუდენტების ქართულ სასწავლებლებში ინტეგრაციასა და სწავლებას, არაერთგვაროვანია.

ტერანე მამედოვა თსუ-ის III კურსის სტუდენტია, იგი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლობს, სწორედ „1+4“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო მან სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე. ტერანე მარნეულში ცხოვრობს. მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, მას უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულებაც აწუხებს. „უნივერსიტეტში სწავლა საკმაოდ რთულია, მაგრამ უფრო რთულია მეგობრების შეძენა. უმეტესად „აზერებთან“ (აზერბაიჯანელებთან) მიწევს კონტაქტი. მაგალითად, II კურსზე ერთერთ საგანში ჯგუფური პრეზენტაცია მქონდა გასაკეთებელი, თუმცა დავალება ვერ შევასრულე, რადგან ყველა ბავშვმა უარი თქვა ჩემთან მუშაობაზე, ქართული კარგად არ იცი და შენს გამო დაბალ ქულას მივიღებთო. ასე რომ, საგანი ვერ ჩავაბარე“, - ამბობს იგი.

ქართველი სტუდენტების მხრიდან დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე საუბრობს ნიკა ყიყიშვილი. იგი ჟურნალისტიკის მიმართულების III კურსის სტუდენტია, ქართველი, წარმოშობით ჰერეთიდან. მართალია, მან ქართული ენა კარგად იცის და არც თანატოლებთან კონტაქტი უჭირს, თუმცა მიაჩნია, რომ ძირითადად ურთიერთობის დეფიციტს ქართველ და უცხოენოვან სტუდენტთა შორის სტერეოტიპული აზროვნება და ინფორმაციულობის დაბალი დონე განაპირობებს. „ჩვენთან, ჰერეთში ქართული ისტორიის სწავლა იკრძალება, ამიტომაც ბევრი რამ რომ არ ვიცით, არცაა გასაკვირი, მაგრამ თქვენთან ხომ ისტორია სრულად ისწავლება, წესით, ჰერეთის ამბებიც უნდა იცოდეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, როდესაც ჩემს წარმომავლობას იგებენ, ხშირად მეკითხებიან - თათარი ხარ?! და ამას აშკარად ნეგატიურ კონტექსტში აკეთებენ“, – გვითხრა ნიკამ.

გადაცემა „ისტორიის გაკვეთილის“ (სატელევიზიო არხი „ერთსულოვნება“) ავტორი და წამყვანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თამარ ბელქანია იმ საჭიროებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც თავს იჩენს ამ სტუდენტების ქართულ სივრცეში ინტეგრირებისას:

„უდავოა ის მნიშვნელობა, რაც უცხოენოვანი სტუდენტების ქართულ სასწავლებლებში სწავლებას გააჩნია. მეორე საკითხია, რამდენად მომზადებულ გარემოში მიმდინარეობს ეს პროცესი, იყვნენ თუ არა ქართველი სტუდენტები მზად ამისთვის, ჰქონდათ თუ არა მათ საკმარისი ინფორმაცია და ცოდნა. სიტუაცია საჭიროებს გამოსწორებას. ვაწყობთ შეხვედრებს, ვსაუბრობთ ამ თემაზე, მაგრამ მეტია საჭირო“.

ვიდრე ამ „მეტზე“ იზრუნებენ, ტერანე და სხვა მისი თანამემამულეები დამარცვლით ნათქვამი ქართულით აგრძელებენ გზას ცოდნის მწვერვალისკენ - ბევრად რთულ გზას, ვიდრე მარნეულიდან თბილისამდეა. შესაძლოა მათ ქართული კარგად არ იციან, მაგრამ ერთი რამ ზუსტად იციან - მათი სამშობლო საქართველოა და ჩვენ სწორედ ეს გვაერთიანებს.

ანა ურუშაძე,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
V სემესტრის სტუდენტი